დღის ამბები

6 წლამდე ასაკის ბავშვებს პირბადის ტარების ვალდებულება არ ექნებათ

6 წლამდე ასაკის ბავშვებს ნიღბის ტარების ვალდებულება არ ექნებათ. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა მთავრობის კანცელარიაში, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ნათია მეზვრიშვილის თქმით, მთავრობამ მიიღო განკარგულება,რომლის თანახმადაც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის მოხმარების წესები განისაზღვრა. მისი თქმით ნიღბის ტარება სავალდებულოა ყველა ხალხმრავალ ადგილზე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და მათ შორის საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

„ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აქაც მოგეხსნებათ რისკი მაღალია და პირბადის ტარება სავალდებულოა. ეს წესი არ გავრცელდება და არ შეეხება 6 წლამდე ასაკის ბავშვებს, აქ ბუნებრივია გავითვალისწინეთ შესაბამისი სპეციალისტების რეკომენდაციები“,- განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

პარლამენტში, შესაბამისი კანონპროექტის განხილვის დროს, უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა იწყება 16 წლის ასაკიდან და პირბადის ტარების გამო 16 წლამდე პირს პასუხისმგებლობა არ დაეკისრებოდა, თუმცა მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვალდებულებისგან 6 წლამდე ასაკის ბავშვები არიან გათავისუფლებულები.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close