განათლებაისტორია

თეიმურაზ და ერეკლე მეფეების მიერ გაცემული წყალობის სიგელები გურჯაანელ ცისკარაშვილებზე

გაზეთი „ივერია“, 1903 წ. №69

საჭიროდ მიგვაჩნია ცოტა შევდგეთ და ბატონიშვილის ერეკლეს ინდოეთში მხლებელთადმი ბოძებული წყალობის წიგნები მოვიყვანოთ. №35:

„ნებითა და შეწევნითა ღვთისათა ჩვენ იესიან, დავითიან, სოლომონიან პანკრატმან მეფეთ მეფემან და თვით ხელმწიფემან, დიდის ხელმწიფის გახელმწიფებულმან მეფემ თეიმურაზ და თან მემცხედრემან დედოფლად ღირს ქმნილმან, ქართველთ მეფეთ ასულმან დედოფალმა თამარმა პირმშომან და სასურველმან ძემან ჩვენმან ბატონისშვილმა ერეკლემ და იოანემ (?) ძმისწულმან ასანმირზამ ესე წყალობის წიგნი და ნიშანი შეგიწყალეთ და გიბოძეთ შენ გურჯაანელს თამაზის [i] ყმას ცისკარაშვილს გოგიას, ღვინიას, გურამს, მამუკას, შვილთა და მომავალთა სახლისა შენისათა აზატობის წყალობა არა სათხოვარ არა გეთხოებოდეს უწინაც ნამსახური კაცი იყავ; ახლა ბატონისშვილი ერეკლე ყეენს კარზე ახლდა, იმის სამსახურზე გაგისტუმრეთ. იმის სანუფქოთ ჩვენ ეს წყალობა გვიქნია. არ მოგეშალოს ჩვენგან, არა სხვათა მეფეთ და მეპატრონეთაგან, გიბრძანებთ კარია ჩვენისა ვექილ–ვეზირნო და ყოველნო მოსაქმენო, თქვენც ასე დაუმტკიცეთ, როგორათაც წიგნსა და ნიშანში ეწეროს.რა – არა სახელმწიფო, არა საბატონო გამოსაღები – არა პური, არა ღვინო, არა საკლავი, არა გამოსაღები არა გეთხოვებოდესრა,

1737 წელი…თეიმურაზ/თამარ/იოანე

„ქ. ჩვენ ნეფე ერეკლე ვამტკიცებთ ამ წიგნს, ოკდომბერს 1761 წელი. ერეკლე.

ამ წყალობის წიგნს მოჰყვა თამაზ ეშიკაღაბაშის (სახლთუხუცესი – კ.ე.) ანდრონიკაშვილის განთავისუფლების წიგნიც:

№36 „ქ. ესე წყალობის წიგნი გიბოძეთ შენ ჩვენს ყმას და ერთგულს ცისკარასშვილს გოგიას და გურამს და მამუკას და ღვინიას ასე, რომ, შენ ჩვენს ერთგულობაზე და ჩვენის ქვეყნის გულისათვის ბატონიშვილის ერეკლესთან ნოქრათ წახველ და ჩვენს ეს წყალობა გიყავით თამაზი ეშიკაღაბაშმა და სვიმონ და პაპუამა და დათუამა ასე რომე, რაც ჩვენი ბეგარა და გამოსავალი გედვათ, არაფერი აღარა გეთხოვებოდეთრა არც შენ და არც შენს სახლისკაცს ჩვენგან ამის მეტი რომა, საცა შენი სახლისკაცი იყოს და ჩემმა სახლისკაცმა წყალობის მეტი არაფერი არა გამოართოს–რა და არც ჩვენ და არც ჩვენმა სახლისკაცმა. დაიწერა მარიამობისთვის გასულს 1737 წელს.

გავიდა ამის შემდეგ ოცდა ათი წელიწადი და გაიძვერა მოხელეებმა ისევ შეაწუხეს ასე გააზატებული გოგია ცისკარაშვილის შვილები. ამის გამო 1776 წ. მაისის 9 გოგიაშვილი პაატა ასე ჩივის მეფე ერეკლესთან: №37

„ქ. ღმერთმან ბედნიერის ხელმწიფის ჭირი გურჯაანულს ცისკარაშვილის პაატას მომცეს. მერე ამას მოგახსენებ – ქიზიყის მოურავის ყმა გახლავარ და იმ ჩემის ბატონიდგან აზატობის წიგნი მაქვს, რომ მე არაფერ ხარჯში არ უნდა გამრიონ და კურთხეული მამა თქვენის მეფე თეიმურაზის წყალობის წიგნიცა მაქვს რომ არაფერი არ უნდა გვეთხოვოს და თქვენგანაც დამტკიცებული მაქვს და ახლა არც თქვენგანა მაქვს შეღავათი და არც ჩემის ბატონისაგან. წყალობას ვითხოვ, რომ რაც ამ წიგნებით წყალობა მოგიღიათ და გაგიაზატებიათ, ამ აზატობაზედ დაგვიმტკიცოთ და არა გამოგვართოს რა თქვენ სადღეგრძელოდ“.

ამ საჩივარს მეფე ერეკლემ მეორე დღესვე, 10 მაისს, ზედა წააწერა შემდეგი ბრძანება: „ქ. ჩვენი ბრძანება არის მოხელენო და რომელნიც ჩვენის კარიდამ იასაულნი წარიგზავნებოდეთ მერე ამ აზრის პატრონს ნეტარად ხსენებულის ბატონის მამის ჩვენის წიგნი აქვს აზატობისა და ის წიგნი ჩვენგანაც დამტკიცებული არის. ჩვენ იმ წიგნს ვერ მოუშლით, როგორც ამ წიგნში უცხადებს, ისე ყოვლის სათხოვრისაგან აზატი არის, ნუღარავინ შეაწუხებთ სათხოვარზედ, თორემ დიდათ გიწყენთ. იცოდეთ იმ წიგნის მოშლა არას გზით არ იქნება. ყველამ ასე იცოდეთ და ამ ჩვენის ბრძანებისაებრ მოიქეცით. მაისის ი. ქვ“ს უპდ. ქ. ბატონო ქიზიყის მოურავო ზაქარიავ და მინბაშო აბელ! ამას კურთხეულის მამის თქვენის წიგნიცა აქვს თქვენის სათხოვრისაგან გათარხანებისა და როგორც მამის თქვენის წიგნში უცხადებს, თქვენც ისე უნდა აღუსრულოთ. ალბათ ბევრს დაემართა მაშინ ეს საქმე – ჩვენს სახასოსაც, ეკლესიების ყმებსაც და თავადიშვილების ყმებსაც და ამასაც ასე უნდა აღუსრულდეს _ ერეკლე

დღეს გურჯაანში ათ კომლამდეა გოგია ცისკარაშვილის შთამომავლობა და მათთვის ეს აზატობა „დასრულდა კარგა ხანია, ვითა სიზმარი დამისა“. ისევე ეწევიან ყოველს ხარჯსა და ბეგარას, როგორც დანარჩენი გლეხ–კაცობა.

№38 „ქ. ნებითა და შეწევნითა ღვთისათა ჩვენ იესიან დავითიან სოლომონიან პანკრატოვანმა მეფეთ მეფემან, თვით ხელმწიფემან პატრონმან თეიმურაც და თანა მემცხედრემან ჩვენმან ქართველთ მეფის ასულმან დედოფალთ დედოფალმან პატრონმა თამარ, პირმშომან და სასურველმან ძემან ჩვენმან ერეკლემ, ძმის წულმან ჩვენმან ნაზარალი მირზამ და ასან მირზამ ასე და ამა პირსა ზედა მოხვედით კართა დარბაზისა ჩვენისათა, ბაკურციხეს თქვენს სამკვიდროს ყმას ჯადუგიშვილებს გვეაჯენით, ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქვენი და გიბოძეთ თქვენ ჩვენს ერთგულთა და თავდადებით ნამსახურთა, ყმათა ჩვენთა ჩოლოყაშვილს ჭიაურთ მოურავს ომანს და ძმასა შენსა ჯიმშერს, და ქაიხოსროს, ბიძაშვილსა შენსა ზაალს, ანდერჵანს და დავითს ასე რომე ჟამთა ვითარებისაგან ცოტა ხანს გამოგერთმეოდათ და ონანაშვილს მისცემოდა. გავსინჯეთ და თქვენი სამკვიდრო ყოფილიყო, ჩვენ ძმასაც (იმამ–ყულიხანს) თქვენთვის ებოძა და ახლა ჩვენც თქვენ დაგიმტკიცეთ, ყანდაარს გვახლდით და ბევრი გვემსახურეთ და თქვენის სამსახურის სანუქფოდ ეს ჯადუგიშვილები, როგორც თქვენს მამა პაპას ჰქონებია, ისრე თქვენთვის გვიბოძებია და დაგვიმტკიცებია სახლით, კარით, მთითა ბრითა, შესავლითა, გასავლითა, წელითა, წისქვილითა და ყოვლის სამართლიანის სამზღვრითა, გქონდეს და გაბედნიეროს ჩვენს ერთგულობასა და სამსახურსა შინა და არაოდეს არ მოგეშალოთ არც ჩვენგან და არცა შემდგომთა ჩვენთგან; თუ ვინმე ამ მამულის წიგნი წამოაყენოს ამ წიგნით გაგვიმტყუნებია, ნურვინ ხელყოფთ შლად ამისა. დაიწერა ბრძანება და ნიშანი 1739 წ. _თეიმურაზ/ერეკლე

მღ. პ. კარბელაშვილი

თამაზ ანდრონიკაშვილი, ძმა აბელ მოურავისა

ათასეულის უფროსი, ათასისთავი გვიანდელ ფეოდალურ საქართველოში. ქართლის სამეფოში მინბაში XVII საუკუნეში ირანის საოკუპაციო ჯარის უფროსად, თბილისის ციხისთავად ჩანს. XVIII საუკუნის II ნახევრიდან მინბაში არა მარტო ციხის უფროსია, არამედ მორიგე ჯარში მაღალი თანამდებობის პირიც, რომელსაც ჯარის წვრთნაც ევალება
ფოტო ამოღებულია წიგნიდან “ერეკლე II-ის მიერ გაცემული საბუთები 1736-1797 წლები”, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს ეროვნული არქივის გამოშვება, 2008 წ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close