განათლებადღის ამბები

„გამოცდებზე თერმოსკრინინგი აუცილებელი უნდა იყოს, მაგრამ სწრაფი ტესტიც საჭიროა“ – რაზე აფრთხილებს აბიტურიენტების მშობლებს სპეციალისტი

„რა ვქნათ იმ აბიტურიენტებმა, რომელთაც სიცხე მუდმივად 37, ან უფრო მაღალი გვაქვს?“ – ამ შინაარსის არაერთი კომენტარი მოჰყვა EDU.ARIS.GE-ზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ეროვნულ გამოცდებზე შესვლის წინ აბიტურიენტებს თერმოსკრინინგი ჩაუტარდებათ და ვისაც სხეულის ტემპერატურა 37, ან უფრო მაღალი აღმოაჩნდება, მისთვის, როგორც ამირან გამყრელიძემ განმარტა „იქნება ალტერნატიული შეთავაზება, რომ აბიტურიენტი არ დაიჩაგროს“.

ჯერჯერობით უცნობია თუ რა იგულისხმება ალტერნატიულ შეთავაზებაში, თუმცა როგორც ცოტა ხნის წინ ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებდა – “საუბარი იმაზეც არის, ოდნავ ტემპერატურის მატების შემთხვევაში, რამდენადაც იქნება შესაძლებელი შეიქმნას იზოლირებული კაბინები ამ აბიტურიენტებისთვის“.

სპეციალისტები ამბობენ, რომ ადამიანების გარკვეული კატეგორია, მთელი ცხოვრების განმავლობაში, ბუნებრივად არის დადგენილ ნორმაზე უფრო მაღალი, ან უფრო დაბალი ტემპერატურის მატარებელი და არაა გამორიცხული, რომ მათ თერმოსკრინინგის დროს 37+ გრადუსი დაუფიქსირდეთ. გარდა ამისა, არსებობს სხვა სამედიცინო ჩვენებები, როდესაც ადამიანს ხანგრძლივად აქვს მაღალი ტემპერატურა, მაგრამ ეს, ბუნებრივია, არ ნიშნავს იმას, რომ ის კორონავირუსითაა ინფიცირებული.

მედიცინის დოქტორი, ბოჭორიშვილის კლინიკის მოზრდილთა ინფექციების დეპარტამენტის უფროსი მაია გიგაური იმ მიზეზებზე გვესაუბრა, რამაც, შესაძლოა, ტემპერატურის მატება გამოიწვიოს და აქვე იმ გამოსავალსაც შეეხო, რაც, მისი აზრით, გაურკვევლობას თავიდან აგვარიდებს.

მაია გიგაური: თერმორეგულაცია თავის ტვინში გვაქვს, რომელიც ამ ყველაფერს განაგებს და რა თქმა უნდა, ის ყველაფერზე შეიძლება იყოს დამოკიდებული. მთავარი აქ კლინიკური გამოვლინებებია – აქვს თუ არა ადამიანს კიდევ რამე.

– გარდა ვირუსისა, რის ფონზე შეიძლება ადამიანს სხეულის ტემპერატურა მოემატოს?

– შესაძლებელია ეს ხდებოდეს მაშინ, როცა ადამიანს ქრონიკული ანთებადი კერები აქვს – სინუსიტი, ბრონქიტი, ან რაიმე მსგავსი. ამ დროს, შეიძლება, უფრო მაღალი ტემპერატურა აჩვენოს. თუმცა, ეს რომ ძალიან ხშირი იყოს, თერმოსკრინინგი არ იქნებოდა არც მაგალითად საზღვარზე, ან სხვაგან. ამიტომაც, მე მიმაჩნია, რომ თერმოსკრინინგი აუცილებელი უნდა იყოს, მაგრამ სწრაფი ტესტიც საჭიროა – თუ ვინმეს ტემპერატურა აღმოაჩნდა, მას იქვე სწრაფი ტესტი უნდა ჩაუტარდეს. პასუხი 3-5 წუთში ექნებათ და კოვიდ-19 გამოირიცხება.

– რამდენად ხშირია სტრესის ფონზე ტემპერატურის აწევა, ან შემთხვევები, როდესაც ადამიანს, ბუნებრივად, მთელი ცხოვერება აქვს უფრო დაბალი, ან უფრო მაღალი ტემპერატურა?

– შეიძლება, ადამიანს მართლაც დარღვეული ჰქონდეს თერმორეგულაცია. რა თქმა უნდა, ეგეც ხდება. ეს ადამიანის ტიპზეა დამოკიდებული, მდგომარეობას გააჩნია. არიან ასეთები -ზოგს დაბალი ტემპერატურა აქვს მუდმივად, ზოგს მაღალი, მაგრამ ეს მისთვის ავადმყოფობა არ არის. ისევე როგორც წნევა, ყველას სხვადასხვაგვარი აქვს – ზოგს დაბალი, ზოგს მაღალი, მაგრამ კარგად ცხოვრობენ, კარგად არიან შეგუებულები. თუმცა გარკვეულ ჩარჩოებში, რა თქმა უნდა, მაინც უნდა იყოს.

ზოგჯერ ტემპერატურის მატებას ჰორმონალური მიზეზი აქვს, ზოგჯერ – ენდოკრინული. სხვადასხვა რამეზე შეიძლება იყოს დამოკიდებული, მით უმეტეს მოზარდებში, ახალგაზრდებში. როცა ყველაფერი კარგად ჯერ კიდევ არაა ჩამოყალიბებული, ემოციები ბევრს ნიშნავს. ამიტომაც იქნება კარგი იქვე ტესტს გაკეთების საშუალებაც იყოს მათთვის, ვისაც ცხელება ექნება. ეს არც ძვირი დაჯდება.

– რას ეტყოდით აბიტურიენტებს, რომლებიც იმისგან თავის დასაზღვევად, რომ თერმოსკრინინგისას მაღალი ტემპერატურა არ დაუფიქსირდეთ, წინასწარ სიცხის დამწევ საშუალების მიღებას გადაწყვეტენ?

– რას ამბობთ, მერე ვეღარ დაწერენ. იყო შემთხვევები, როცა გამოცდების წინ მშობლები ბავშვებს დამამშვიდებლებს ასმევდნენ და ზოგს გამოცდებზე ეძინებოდა. ასე რომ, არც ტემპერატურის დამწევი და არც დამამშვიდებელი გამოსავალი არ არის. პირიქით, ეს ყველაფერი უარყოფითად მოქმედებს. მათ რაც შეიძლება სხარტად უნდა იაზროვნონ და ამ დროს რომ დასუსტდნენ, გაითიშონ და ეძინებოდეთ, ნამდვილად არ იქნება კარგი.
წყარო : EDU.ARIS.GE

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close