Home ინტერვიუ უცნობი პორტრეტები დიდი ანცი…

დიდი ანცი…

უნივერსიტეტს, მაშინ კი ჯერ ისევ თელავის პედაგოგიური ინსტიტუტი ერქვა, მესამე კურსზე ერთი უცნაური კაცი შემოვიდა ლექციაზე. იმ წელს ისტორია-სამართალმცოდნეობის მესამე კურსზე პოლიტოლოგიის სწავლის კურსს ვიწყებდით.
ხო და ამ უცნაურმა კაცმა ლექცია ძალიან უცნაური ფორმით დაიწყო.
– მე ვარ ცელქი და ვგიჟდები როცა ჩემსავით ცელქები მისმენენ. ანუ მე ვარ ანცი, ანცი კი ცელქსა და მოუსვენარს ნიშნავს.
სააქტო დარბაზის ყველაზე მიყრუებულ კუთხეში მყოფი ცელქი ბიჭებიც კი გაჩუმდნენ ცელქი ანცის მოსასმენად.
– მაშ ასე ჯერ გაგეცნობით, შემდეგ გადაწყვიტეთ, თუ ჩემი მოსმენა არ მოგინდებათ, არასდროს გაიძულებთ რომ უაზროდ იცელქოთ. სკოლა რომ დავასრულე ჩემებს უჭირდათ ძალიან, ვერც შევბედავდი მეთქვა მათთვის სწავლის გაგრძელება რომ მინდოდა… ბევრი ვიარე თუ ცოტა ვიარე, მონღოლეთიც გადავიარე, მუშაც ვიყავი და მშიერიც, ბოლოს სკოლის დასრულებიდან 10 წლის შემდეგ უბრალოდ გადავწყვიტე, რომ ჩამებარებინა უმაღლესში და გავაგრძელე სწავლა.
პროფესიით ისტორიკოსი ვარ, დღეიდან კი თქვენ მე პოლიტოლოგიას გასწავლით ….

სააქტო დარბაზი კვლავ დუმდა და ალბათ 70-მდე სუნთქვა შეკრული ანცი სტუდენტი ანც პროფესორს ელოდა რას იტყოდა შემდეგ…
– პოლიტოლოგია უბრალო მეცნიერება არ არის… მე ამ დარბაზში ბევრს ისეთ მოვყვები, რომელიც თქვენს სასწავლო წიგნში არ წერია, ანუ მე შევეცდები ყველა ჩემს ლექციაზე გავიხსენო საინტერესო ამბები რაც სხვადასხვა წიგნიდან ან ჟურანლიდან მაქვს წაკითხული, თქვენ კი ეს უნდა დაიმხსოვროთ…
რთული იყო პროფესორის ლექციებზე ყველაფრის დამახსოვრება იმ ფონზე როცა სულ ცელქობით და ანცობით ხსნიდა ყველა დღეს… და ყველა დღე იყო საზრდო, საზრდო იმ გონების გამოჭედვისა რომელიც იმ წლებში ჩვენს ტვინებში იწრთობოდა.
მაგრამ ის პირველი ლექცია მაინც განსაკუთრებულად დარჩა ჩემს მეხსიერებაში.
– მაშ ასე, რომელი პოლიტიკოსის შესახებ გინდათ, რომ დღეს უბრალოდ ვისაუბროთ? -იკითხა.
ვიღაცამ უკანა მერხიდან დაიძახა – რეიგანი…
– ოხ რეიგანი, კარგი მოფიქრებაა… ალბათ იცით, რომ მსახიობი იყო. ან თუ არ იცით, ამის მერე გეცოდინებათ. უცნაური ისტორია აქვს, პრაქტკიულად მას და ედუარდ ამბროსევიჩს აკუთვნებენ ღვაწლს საბჭოთა კავშირის დაშლის შესახებ, ამ ამბებს ტელევიზორშიც ბევრჯერ მოისმენთ და გაზეთებშიც წაიკითხავთ… მაგრამ მე სხვა ისტორიას მოგიყვებით. ამერიკის პრეზიდენტი დაბადებული უნდა იყოს ამერიკის ტერიტორიაზე, მას არც ერთი კანონი არ უნდა ჰქონდეს დარღვეული და ამერიკის პულსისი ხმა უნდა ესმოდეს. მაგრამ წინასაარჩევნო პერიოდში მისმა ოპონენტებმა რეიგანს ბრალი წაუყენეს, რომ სტუდენტობის დროს მას ერთი გამოცდა უნივერსიტეტში არ ჰქონდა ჩაბარებული. მის მაგივრად კი მისი მეგობარი გავიდა გამოცდაზე და ასე ეხუმრა ღრმად მოხუცებულ პროფესორს, რომელმაც რეიგანს მაღალი შეფასება ისე დაუწერა რომ არც იცოდა ვის აფასებდა…
და აი როცა საკითხი დადგა, რეიგანმა დაარღვია თუ არა კანონი, მან თქვა:
 „არ ვუარყოფ, მე არ ჩამიბარებია გამოცდა, თუმცა შეგიძლიათ საგნიდან რომელსაც პედაგოგი მასწავლიდა დამისვათ კითხვები რადგან მე ზედმიწევნით ვიცოდი მისი საგანი, რაც შეეხება ქმედებას ეს იყო სტუდენტური სიცელქე ძალიან მოხუცებულ პედაგოგთან რომელიც დაბალი პენსიის გამო იძულებული იყო ღრმად სიბერეშიც ეშრომა.“
ასე რომ მადლობა იმ სტუდენტს რომელმაც რეიგანზე საუბარი შემომთავაზა, მე მოვყევი რეიგანის ცხოვრების ერთი უმნიშვნელო ეპიზოდი, ძალიან მცირე, თუმცა რეიგანის სიტყვებმა ალბათ უკვე მიგახვედრათ რა არის პოლიტოლოგია….
……….. იმ დღეს ჩვენ კიდევ დიდხანს ვისმენდით რეიგანზე ამბებს… ჩვენ კიდევ ბევრი დაუვიწყარი ლექცია გვქონდა კაცთან რომელსაც ანცი ერქვა, გვარად კი ფარსადანიშვილი იყო…
ის იყო ადამიანი, რომელმაც შეძლო და ბევრი ბავშვის ცნობიერება ყირაზე დააყენა… რახანია მინდოდა მასზე, როგორც უცნობ, მაგრამ დიდ კაცზე რაიმე დამეწერა. ორი დღის წინ ჩემ ერთ-ერთ პროფესორს – მირიან თვალიაშვილს ვესაუბრებოდი და ანცი გამახსენდა.
ანცი რომელმაც ანცობით გვასწავლა და გაგვზარდა…
დიდებულ ადამიანებზე იდგა თელავის უნივერსიტეტი!

მაკა მოსიაშვილი