დღის ამბები

ზელიმხანი იმ დროს მოკლეს, როცა ის პარასკევის ლოცვაზე მეჩეთში მიდიოდა – ჯაბრაილ ხანგოშვილი

საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილს, რომელიც გუშინ, 23 აგვისტოს, ბერლინში მოკლეს, გერმანიაში თავშესაფარი ჰქონდა მოთხოვნილი. მოკლულის ახლო ნათესავი ჯაბრაილ ხანგოშვილის ინფორმაციით, ზელიმხან ხანგოშვილი პარასკევის ლოცვაზე მეჩეთში მიდიოდა, რა დროსაც მას ველოსიპედით გამვლელმა თავში ესროლა. ხანგოშვილი ადგილზე დაიღუპა. ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული. ზელიმხან ხანგოშვილი 40 წლის იყო.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რომ ბერლინში, საქართველოს საკონსულოში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის შესახებ შეტყობინება არ შესულა, თუმცა საკონსულომ საკითხის გარკვევა დაიწყო.

პანკისის ხეობის სოფელ დუისში, ზელიმხან ხანგოშვილის სახლში დღეს, დილიდან იღებენ სამძიმარს. საქართველოში მოკლულის და, ძმისშვილები და ნათესავები ცხოვრობენ. ახლობლები ცდილობენ, ხანგოშვილის ცხედარი ბერლინიდან პანკისში გადმოასვენონ.

ზელიმხან ხანგოშვილმა საქართველო ორი წლის წინ დატოვა, მას შემდეგ, რაც 2015 წლის 28 მაისს, თბილისის ცენტრში, მირზა გელოვანის ქუჩაზე მძიმედ დაჭრეს. ხანგოშვილს მაშინ ოთხი ტყვია მოხვდა, მაგრამ გადარჩა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზელიმხან ხანგოშვილის დაჭრის ფაქტზე გამოძიება სხეულის დაზიანების მუხლით დაიწყო, მაგრამ საქმე ამ დრომდე არ გამოუძიებია. მეტიც, ახლობლების ინფორმაციით, გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, ქუჩაში დამონტაჟებული ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერები წაიშალა. ზელიმხან ხანგოშვილი მასზე თავდასხმას რუსეთის სპეცსამსახურებს უკავშირებდა.

ზელიმხან ხანგოშვილის ნათესავის მექა ხანგოშვილის თქმით, თბილისში ზელიმხანზე თავდასხმას მეორედაც შეეცადნენ, რის შემდეგაც მან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის დანიშვნა სთხოვა, რაზეც უარი მიიღო.

როგორც ზელიმხანის ბიძაშვილი ჯაბრაილ ხანგოშვილი იხსენებს უსაფრთხოების მიზნით ზელიმხან ხანგოშვილი ჯერ უკრაინაში გაემგზავრა, მოგვიანებით კი გერმანიაში გადავიდა და ბერლინში ცხოვრობდა. მოგიანებით მასთან ერთად საცხოვრებლად წავიდნენ მისი გვარის ნათესავებიც ბიძაშვილებიც რომელებიც ამბობენ რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა საქართველოში .

ჯაბრაილ ხანგოშვილის ინფრმაციით :

„წამოვედით ყველა ვინც რუსეთ ჩეჩნეთის ომში ვმონაწილეობდით. 2012 ამდე სახელმწიფო გვიცავდა მაგრამ უკვე 2015 წლის მერე დაუცველები ვიყავით ზელიმხანს ესროლეს, მე უცხო ადამიანებმა რამდენჯერმე მცემეს, წერილი შემომგდეს. ჩემი ოჯახი სკოლაში ვეღარ დადიოდა და ბაზარში … ავდექი და წამოვედი იმიტომ რომ მშვიდად მინდა ცხოვრება მეტი არაფერი !

როგორ მოკლეს ზელიმხანი რა ინფორმცია გაქვთ ?

პარასკევის ლოცვაზე მიდიოდა მეჩეთში, და ლოცვაზე მიმავალ კაცს ესროლეს ! “

ზელიმხან ხანგოშვილი რუსეთ-ჩეჩნეთის ომის მონაწილეა. ის ერთ-ერთი საველე მეთაური იყო, რის გამოც მოსკოვს მასზე ძებნა ჰქონდა გამოცხადებული. ხანგოშვილი წლების განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდა თორნიკე ქავთარაშვილის სახელითა და გვარით. იგი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობდა. მისი მეტსახელია „ზელო დიშნი“.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close