გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი, Საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული უწყებების ორგანიზებით გამართულ სამუშაო შეხვედრას დაესწრო, ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ.
ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვის მიზნით, გურჯაანის მუნიციპალიტეტიდან შერჩეულია შემდეგი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები: სოფელ ვეჯინის, გურჯაანისა და კალაურის საჯარო სკოლები.
შერჩევის ძირითადი კრიტერიუმებია: საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაცია, შერჩეულ პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველ მოსწავლეთა რაოდენობა, პროგრამის სწავლის შედეგების მისაღწევად საჭირო ფართის არსებობა, პოტენციური და არსებული პროვაიდერების ტერიტორიული განაწილება.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, სამინისტროს წარმომადგენლებმა, მოსწავლეებს, მშობლებსა და საჯარო სკოლების წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს როგორც დაგეგმილ აქტივობებთან, ისე ჩართული მხარეების როლსა და პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით.
შეხვედრას გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი, დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი ზაზა შოშიაშვილი და გურჯაანის რესურსცენტრის ხელმძღვანელი დალი მინდიაშვილი ესწრებოდნენ.