Home რეგიონი ახმეტა ერელაანთ საყდარის შესახებ

ერელაანთ საყდარის შესახებ

ერელაანთ საყდარი კახეთში ახმეტის მუნიციპალიტეტში სოფელ მატანთან მდებარეობს. იგი V-VI საუკუნეებით თარიღდება. ეკლესია თავისუფალი ჯვრის ტიპის გუმბათოვან ნაგებობას წარმოადგენს. შესასვლელი ერთია – სამხრეთიდან, რომელიც გარედან სწორკუთხაა, შიგნიდან კი თაღოვანი. აღმოსავლეთის მკლავი ნახევარწრიული აფსიდით სრულდება. აღმოსავლეთით აქვთ აფსიდები აგრეთვე სამხრეთისა და ჩრდილოეთის მკლავებს. გუმბათი კედლების კუთხეებს ეყრდნობა. გუმბათქვეშა კვადრატიდან რვაწახნაგაზე გადასვლა ტრომპებით ხორციელდება. ტაძარი გუმბათის ოთხი და აღმოსავლეთის, სამხრეთისა და ჩრდილოეთის მკლავების აფსიდებში გაჭრილი თითო სარკმლით ნათდება. აღმოსავლეთ მკლავის სარკმელი თაღოვანია, სამხრეთისა და ჩრდილოეთისა კი – სწორკუთხა. ინტერიერში შემორჩენილია XVII საუკუნის ძალიან დაზიანებული მხატვრობა. კონქში ღვთისმშობლისა და ყრმის გამოსახულებაა, ორ მთავარანგელოზთან ერთად. საკურთხევლის მეორე რეგისტრში წმინდა მსხვერპლის თაყვანისცემაა გამოსახული. ინტერიერში ასევე გვხვდება: იოანე ოქროპირის, ტაძრის ქტიტორის, წმინდანთა, ისტორიულ და საერო პირთა გამოსახულებები, წარწერები. ნაგებობის ფასადები სადაა. აღმოსავლეთის მკლავისა და გუმბათის სარკმლები მცირედ შვერილი, გადაკეცილბოლიანი, თაღოვანი სათაურებითაა გაფორმებული, ასეთივე დეკორი აქვს შესასვლელს. აღმოსავლეთ ფასადის ფრონტონის არეში უხეშად გამოყვანილი ჯვარია ჩასმული. ფასადებს სადა, თაროსებრი ლავგარდნით ასრულებს, გუმბათის ლავგარდანი ოთხსაფეხურიანია და აგურის ორი განსხვავებული წყობის მონაცვლეობითაა შედგენილი. ეკლესია ნაგებია სხვადასხვა ჯიშისა და ფერის დაუმუშავებელი ქვით, კედლების შიგა პირისთვის კირქვის ფილებია გამოყენებული.