დღის ამბებისაზოგადოება

როდის დასრულდება პანდემია? გერმანელი მეცნიერების პროგნოზი

როდის დასრულდება კორონავირუსის პანდემია? სტატიას ამ სათაურით Deutsche Welle აქვეყნებს.

გამოცემის ჟურნალისტებმა გერმანელი ვირუსოლოგებისმოსაზრებები შეაგროვეს. ირკვევა, რომ ვირუსოლოგების აზრით, დაწესებული შეზღუდვების ნაწილი მსოფლიოში კიდევ 1 წელი იმოქმედებს. საუბარი პირველ რიგში სოციალური დისტანციის დაცვაზეა.

ვირუსზე სწრაფი გამარჯვების მთავარ ფაქტორად სპეციალისტები ვაქცინის შექმნას მიიჩნევენ. ვირუსოლოგ კრისტიან დროსტენის თქმით, 2-3 პრეპარატი უკვე მომავალ წელს შეიძლება იყოს გამოყენებული. მისივე თქმით, ზაფხულში, ტემპერატურის მატებასთან ვითარება შემსუბუქდება, თუმცა ზამთარში ვირუსის მეორე ტალღაა მოსალოდნელი.

ვაქცინის შექმნასთან დაკავშირებით ნაკლებად პოზიტიური პროგნოზი აქვს აივის და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელს, პროფესორს ჰენდრიკ შტრეკს.

„ნებისმიერი წინასწარმეტყველება იმის შესახებ, რომ ვაქცინა გვექნება, არასერიოზულია იმიტომ, რომ ეს უბრალოდ არ ვიცით. უამრავი ვირუსი არსებობს, რომლის საწინააღმდეგო ვაქცინას წლების განმავლობაში ვეძებთ და დღემდე ვერ შევქმენით“, – ამბობს შტრეკი.

მან პანდემიის ხანგრძლივობის პროგნოზი იმ შემთხვევისთვის გააკეთა, თუ პრეპარატის შემქნა ვერ მოხერხდება. შტრეკი პარადოქსის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ რაც უფრო კარგად მოხდება კორონავირუსის გავრცელების პრევენცია, მით მეტი დრო დასჭირდება მოსახლეობას კოლექტიური იმუნიტეტის გამომუშავებისთვის და პროცესი შეიძლება წლების განმავლობაში გაგრძელდეს.

პროგნოზის გაკეთებას მათემატიკოსებიც ცდილობენ, რომლებიც სხვადასხვა მათემატიკურ მოდელს ქმნიან. შედეგები განსხვავებულია, თუმცა სპეციალისტები ერთ დასკვნაზე თანხმდებიან – კრიზისის სწრაფი გადალახვა ვერ მოხერხდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

წყარო : imedinews.ge

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close