სოფელ ზემო ქედში უკვე რამდენიმე წელია კიდევ ერთი ტაძარი შენდება. ინიციატივა მიდელაშვილების ადგილობრივ ოჯახს ეკუთვნის. არჩილ მიდელაშვილი ოთხშვილიანი ოჯახის ერთადერთი ვაჟი იყო, ეკლესიის მშენებლობა მისი დიდი სურვილით დაიწყო. სამუშაოებიც მათი ფინანსებითა და ძალისხმევით მიმდინარეობს. მშენებლობის განმავლობაში ოჯახის ორივე მამაკაცი გარდაიცვალა, ამ მადლიანი საქმის დასრულების სიმძიმე კი ქალბატონების მხრებზე გადავიდა. ყველაფრის მიუხედავად ისინი გაჩერებას არ აპირებენ და ცდილობენ ზემო ქედში ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი მალე ამოქმედდეს.
ირა ფირცხალაიშვილი: „ჩემი შვილის არჩილ მიდელაშვილის იდეა და დიდი სურვილი იყო, ზემო ქედში ეკლესია აეშენებინა. ვერ ვიტყვი, რომ მორწმუნე იყო, არც ეკლესიაში უვლია. ძალიან ნაკითხი და განათლებული ბიჭი იყო, უყვარდა სიკეთის უანგაროდ კეთება და გაჭირვებულების დახმარება. ერთ დილას გაიღვიძა და თქვა, დამესიზმრა დეკანოზი, რომელმაც მითხრა, მიდელაშვილები რატომ არ მიხედავთ სალოცავებსო. ოკუპირებულ ახალგორის რაიონში მათი სოფელია მიდელაანი, სადაც იყო საგვარეულო სალოცავი, (ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის, სწორედ ამ სალოცავის დეკანოზზეა საუბარი) მაგრამ 2008 წლიდან ოკუპაციის შემდეგ აბალახებული და მიუხედავი დარჩა. რადგან იმის მოვლას ვერ შეძლებდა, გადაწყვიტა სოფელ ზემო ქედში გაეკეთებინა სალოცავი. იქიდან ჩამოტანილი ქვებით ნიში გააკეთა და ბიძაშვილთან ერთად ჯვარი აღმართა. უნდოდა ამ ადგილის კურთხევა. ამის შესახებ სოფლისა და ეპარქიის მღვდლებს ესაუბრა. მათ უთხრეს, რომ მცირე სალოცავების კურთხევა არ შეიძლება, ამის შემდეგ გადაწყვიტა იმავე სახელობის ტაძარი აეშენებინა. ყოველ დღე იქ მიდიოდა და ჩანაფიქრის განხორციელებაზე ზრუნავდა, მთლიანად ამით იყო მოცული. ჩვენც ვუთხარით, ზოგადად ყველა ურჩევდა, თავი დაენებებინა ამ საქმისთვის, რადგან ძალიან რთული იყო და თუკი დაიწყებდა, აუცილებლად უნდა მიეყვანა ბოლომდე. ამას ძალიან დიდი ძალისხმევა, ნებისყოფა და ფინანსები სჭირდება. თანაც, არც ისე შეძლებული ოჯახი ვართ, ამიტომ ჩვენთვის ამხელა პასუხისმგებლობის აღება დიდი ტვირთი იქნებოდა. მიუხედავად ყველაფრისა, ჯიუტად ამბობდა, „თუნდაც წელიწადში ერთი წყება ბლოკი დავალაგო, მაინც დავიწყებ და სიბერემდე როგორ ვერ დავამთავრებო“. ზოგადად, ჩვენს ოჯახს რთული ცხოვრება გვქონდა, ყველაფერი ისე არ წავიდა, როგორც გვინდოდა და აჩიკო ამ ეკლესიის მშენებლობაზე დიდ იმედს ამყარებდა. სულ ამბობდა: „აი ნახავთ, ტაძარი რომ აშენდება, ყველაფერი შეიცვლებაო“. მანამდე ეკლესიაში არასოდეს უვლია. ერთხელ, მდინარე მტკვრის სანაპიროზე რაღაც შეემთხვა და მაშინ მისულა ეკლესიაში. მას შემდეგ სულ ამბობდა, „დიდხანს ვესაუბრე და მოძღვარმა ჩემი ხედვები შეცვალა, სხვანაირად შემახედა ცხოვრებასო“. მერე ამ სიზმრის შემდეგ მოხდა დიდი გარდატეხა. მისი საფიქრალი მხოლოდ ეკლესიის აშენება გახდა. თავად შეარჩია ადგილი, 2018 წელს ჯვარიც თავად დადგა ბიძაშვილთან ერთად. ტაძრის საძირკვლის კურთხევისას მოძღვრებმა გვითხრეს, არასწორად დგას ჯვარიო, მაგრამ ჩემს შვილს გათვლილი ჰქონდა, ჯვარი პირდაპირ ჰერეთში, კახის ქურმუხის ტაძარს უყურებს, მოწმენდილ ამინდში ჩვენც დავინახავთ და ისინიცო… მეუფე დიმიტრის გაუკვირდა კიდეც, ეს როგორ გათვალაო. თუმცა, ჩემს შვილს მშენებლობის დაწყება არ დასცალდა, მხოლოდ ჯვრის აღმართვა და საძირკვლისთვის ქვის მოტანა მოასწრო, რის შემდეგაც სრულიად მოულოდნელად, 2019 წლის 7 სექტემბერს 37 წლის ასაკში გარდაიცვალა. ძალიან მიჭირს ამ ყველაფრის გახსენება, სრულიად ჯანმრთელი იყო. სიცოცხლის ბოლო დღეს თბილისიდან ჩამოვიდა, ღამით დაიძინა და დილა ვეღარ გაათენა. გარდაცვალება ანევრიზმამ გამოიწვია. მას შემდეგ ოჯახში ვთქვით, რომ რადაც არ უნდა დაგვჯდომოდა, მისი სურვილი შეგვესრულებინა და ამ ადგილზე მშენებლობა დაგვეწყო. ჩაერთო ეპარქიაც, მეუფეს ეს ისტორია დაწვრილებით მოვუყევით, ყველა დეტალი ავუხსენით, თუ როგორ გაჩნდა იდეა. ამიტომ მოგვცა კურთხევა, აგვეშენებინა ეკლესია. 2021 წლის 9 მარტს მეუფე დიმიტრი კაპანაძემ და ეპარქიის სასულიერო პირებმა ზემო ქედში საძირკველი აკურთხეს. ეპარქია დაგვეთანხმა, რომ ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია ყოფილიყო და მეუფემ სწორედ ამ სახელით აკურთხა. გვითხრეს, რომ ამ სახელით მხოლოდ თბილისში მოქმედებს და ეს მეორე ტაძარი იქნება. მას შემდეგ დავიწყეთ მშენებლობა. პროცესს ჩემი მეუღლე, ავთანდილ მიდელაშვილი ხელმძღვანელობდა და ჩემი ძმა ბორის ფირცხალაიშვილი იყო მშენებელი. ძირითადად ჩვენი ოჯახის ფინანსებით ვაშენებთ, მთელი ოჯახი ჩართული ვართ, ფიზიკურადაც ვშრომობთ, მშენებლობის პარალელურად ვზრუნავთ ამ ტერიტორიის გამწვანებაზე, დავრგეთ სხვადასხვა ჯიშის უამრავი ნერგი, რაშიც მონაწილეობა სოფლის პატარებმაც მიიღეს. იყო თანადგომა და მცირე შემოწირულობები. სოფლის მოსახლეობაც ფიზიკურად ყოველთვის იყო ჩართული და სამშენებლო სამუშაოებზე უსასყიდლოდ გვეხმარებოდნენ. თუმცა, მსხვილი სპონსორები არ გვყავს. საერთოდ, უნდა ითქვას, რომ სანამ ეკლესიას ჩემი ძმა აშენებდა, არც ხელოსნებში და არც მუშებში ფული არ დაგვიხარჯავს. ყველამ უანგაროდ იშრომა. დიდი დარდისა და ტკივილის გამო, ბოლო ხანს მეუღლეს ჯანმრთელობა გაუუარესდა, რის გამოც ეკლესიის მშენებლობა დროებით შეჩერებული იყო, თუმცა გასული წლის შემოდგომაზე ძალები მოვიკრიბეთ და ტაძრის მშენებლობა გავაგრძელეთ… სიკვდილამდე ჩემი მეუღლე ეკლესიასთან მივიდა, უკვე გუმბათი ჩასასხმელად მზადდებოდა და ხარაჩოები რომ დაინახა, ცრემლი წამოუვიდა. ამბობდა, სიხარულისგან გული გამისკდება, ახლა კი მჯერა, რომ ტაძარი დასრულდებაო. სამი დღის შემდეგ, გასული წლის დეკემბერში გარდაიცვალა კიდეც, ტაძრის გუმბათი დასაფლავების წინა დღეს ჩაისხა. ასე რომ, ვერც მან შეძლო ამ საქმის ბოლომდე მიყვანა. ამის შემდეგ მთელი პასუხისმგებლობა მე ავიღე, ზემო ქედის მეორე საჯარო სკოლაში ქართული ენა-ლიტერატურის მასწავლებელი ვარ, მიჭირს მარტოობა, მაგრამ დანებებას არც მე ვაპირებ და სანამ ძალა მექნება, ჩემი შვილის ჩანაფიქრის ბოლომდე მიყვანას ვეცდები. იმედია, უფალი შემაძლებინებს. აბსოლუტურად საკუთარი ხარჯებით ვაგრძელებთ მშენებლობას. მეუღლის სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ავიღე სახელფასო სესხი და სწორედ ასე ჩავასხით გუმბათი. რადაც არ უნდა დამიჯდეს, ამ საშვილიშვილო საქმეს ბოლომდე მივიყვან, უფლის ნებით… კარგი იქნება, თუ საზოგადოება, სურვილისამებრ, აქტიურად ჩაერთვება ამ დიდ საქმეში. შეგეწიოთ უფალი!“
გაიღეთ შემოწირულობა
GE84LB0711105277310340
მიმღები: ირა ფირცხალაიშვილი