დეკანოზ სოლომონ ბოსტოღანაშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა ბევრ საინტერესო დეტალს მოიცავს. სოფელ სამრეკლოს სერაფიმე საროველის ტაძრის წინამძღვარი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა და ამავე ეკლესიის ეზოშია დაკრძალული. სასულიერო პირს რთული გზა ჰქონდა, იყო კლინიკური სიკვდილი, დევნა, შევიწროვება, გაკრეჭა, პატიმრობა, გიჟად შერაცხვა და ეს ყველაფერი ურყევი რწმენის გამო. მამა სოლომონი არ დანებებულა, პატრიარქის მხარდაჭერა მიიღო და სიკვდილამდე ემსახურა სოფელს. მის სახელს უკავშირდება ამ ტაძრის ხელახლა ამოქმედება.
მარინა ბოსტოღანაშვილი (მამა სოლომონის შვილი): „1914 წელს ზემო მაჩხაანში დაიბადა, იქვე დაამთავრა რვაწლიანი სკოლა. ძლიერი ოჯახი ჰქონდა, შემდეგ უკვე ნავთობბაზის დირექტორიც იყო, ხან მაღაზიებში მუშაობდა, ვენახები ჰქონდა და ნორმალურად ცხოვრობდნენ. საერო ცხოვრებაშიც სოლომონი ერქვა, პატრიარქმა ასე გადაწყვიტა, რომ სახელი არ შეეცვალა. ოჯახი შექმნა ოზაანელ ქეთევან მაჭავარიანთან. დედაჩემის მამაც დიაკვანი იყო. 1950 წელს გადმოსახლებულან სოფელ ჯაფარიძეში, ამჟამინდელ სამრეკლოში. მამაჩემის დედმამიშვილები აქ ცხოვრობდნენ და ალბათ მათ ურჩიეს. 1956 წელს მოულოდნელად გარდაიცვალა, მე ჯერ დაბადებული არ ვიყავი. ღამით ჩემს უფროს ძმასთან ერთად ეძინა, დედაჩემს კი მეორე ძმის აკვანთან. დედა მიყვებოდა, ვეღარ ვუშველე, მოულოდნელად გაცივდა და გარდაიცვალაო. ექიმიც მოუყვანიათ, მასაც უთქვამს მკვდარიაო. დილით ტანსაცმელს რომ აცმევდნენ ამ დროს თვალები გაუხელია და გაცოცხლებულა. თუმცა, ვერ ლაპარაკობდა, 6 თვე დამუნჯებული იყო… მოგეხსენებათ, მაშინ სხვა დრო იყო და ვერავინ არქმევდა კონკრეტულ სახელს, არავინ იცოდა ეს რას ნიშნავდა, კლინიკური სიკვდილი იყო, თუ რა მოხდა… მანამდე ჯანმრთელობის პრობლემებს არ უჩიოდა. ამის მერე ეკლესიებში სიარული დაიწყო, წვერი მოუშვა, ხან ელიას მთაზე ეკლესიის ნანგრევებში იმალებოდა, ხან ფეხშიშველი დადიოდა. სერიოზულად არავინ უყურებდა. მაშინდელი ხელისუფლებაც ებრძოდა და ხალხიც ცუდი თვალით უყურებდა. დაიჭერდნენ, დააპატიმრებდნენ, გაკრეჭავდნენ ხოლმე და გამოუშვებდნენ. 15 დღიანი პატიმრობა ბევრჯერ მოუხდია. ერთ ხანს მცხეთის სემინარიაში სწავლობდა. ასეთ ტანჯვა წამებაში გაატარა არაერთი წელი. სხვადასხვა ტაძრებში დადიოდა და უფლის გზას ეძებდა.
– პირველად როდის და სად აკურთხეს?
– 1968 წელს ქალაქ თელავის ბაზართან, ღვთაების ტაძარში პირველად დიაკვნად აკურთხა მეუფე გრიგოლ ცერცვაძემ. მანამდე ამავე ტაძარში მსახურობდა ჯერ მედავითნედ, შემდეგ მორჩილად. ამ პერიოდში გამოჯანმრთელდა, მეტყველებაც ჰქონდა და პრობლემები აღარ შექმნია, ამიტომაც გადაწყვიტეს მისი დაწინაურება და კურთხევა. ამ დროს მე უკვე 10 წლის ვიყავი და კარგად მახსოვს ეს ყველაფერი, ზაფხულში თელავშიც წამიყვანდა ხოლმე. შემდეგ რატომღაც ისევ დაეწყო ჯანმრთელობის პრობლემები და დამუნჯდა. `დამიზეზებულს~ ეძახდნენ. ვინაიდან ვეღარ მეტყველებდა, ტაძარში როგორ იმსახურებდა და თელავიდან წითელწყაროში დაბრუნდა. სოფელში სერაფიმეს სახელობის ტაძარი მანამდე ჯერ სკოლად იყო გადაკეთებული, ერთხანს კინოთეატრიც მოქმედებდა. შუაზე იატაკი დააგეს და ორსართულიანად გადააკეთეს, შემდეგ საწყობად იყენებდნენ. რადგან მთავარი კარი ჩაკეტილი იყო, გვერდით ერთი პატარა კარი იხსნებოდა და იქ შეიტანა ხატები, ლოცულობდა ხოლმე. ისევ დაიწყეს მისი დევნა-შევიწროება. ხელისუფლება დაიჭერდა ხოლმე, გადმოუყრიდა ხატებს. გაკრიჭეს და სახლში დააბრუნეს. ერთ დღესაც სკოლიდან შინ რომ დავბრუნდი, მამაჩემი ვეღარ ვიცანი, რადგან ის სულ გრძელ თმასა და წვერში მყავდა ნანახი. დედაჩემს ვეკითხებოდი, ვინაა ეს კაცი მეთქი. მაინც არ გაჩერებულა, ფარხმალი არ დაუყრია, ისევ ტაძრებში დადიოდა, ხან გავაზში წავიდა, ხან მთავარანგელოზის ეკლესიაში. ხშირად წელიწადი ისე გავიდოდა, მის შესახებ ვერაფერს ვიგებდით, არ ვიცოდით, ცოცხალი იყო თუ მკვდარი. დაახლოებით ათ წლამდე გაურკვევლობაში ვიყავით.
– დაახასიათეთ, როგორი თვისებები ჰქონდა, როგორი მამა იყო?
– საკუთარ თავზე ბევრს არ ლაპარაკობდა, ის თავმდაბალი იყო, ვინც იცნობდა ყველა ამბობს, რომ შექება არ უყვარდა. კარგად მახსოვს, სანამ დიაკვნად აკურხებდნენ ფსიქიკურად შეშლილად თვლიდნენ, თოვლშიც ფეხშიშველი დადიოდა და ამიტომ სულელად თვლიდნენ. თუმცა, კოლმეურნეობის თავმჯდომარე ნიკო ყოჩიაშვილი დაეხმარა, ალიზის სახლი აუშენა და საჩუქრად გადასცა. იშვიათი ადამიანი იყო. ხშირად მეტყოდა ხოლმე, ვინც გინდა გაწყენინოს მოითმინე, მორჩილება უფალთან მიგიყვანსო. კეთილი და მზრუნველი მამა იყო, ძალიან უწყინარი. იყო თავმდაბალი და დიდი სულიერების მატარებელი. თვითონ მშიერი დარჩებოდა და სხვას მისცემდა. სიღარიბეში გაატარა ცხოვრება.
1979 წელს ბოდბის წმინდა ნინოს ტაძარში ხელახლა აკურთხეს დიაკვნად. კურთხევა მაშინ მეუფე ათანასემ შეასრულა, ერთ წელში კი 1980 წელს უკვე ნინოობის დღესასწაულზე ბოდბეში ჩამოსული უწმინდესისა და უნეტარესის, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ხელდასმით მოძღვრად აკურთხეს. რამდენიმე წელი ბოდბეში იმსახურა. შემდეგ ქალაქ საგარეჯოში ახალი ტაძარი გაიხსნა და პატრიარქის გადაწყვეტილებით ღვთისმშობლის ეკლესიაში გადაიყვანეს. მეც გავყევი და საგარეჯოში მედავითნედ ვიმსახურე მამაჩემთან ერთად. დაახლოებით 2 წელიწადში ახლა ყვარლის ახალსოფელში, ღვთისმშობლის ეკლესიაში გაგვაგზავნეს, იქაც დაახლოებით 2 წელი ვიმსახურეთ. მაშინ რწმენის განმტკიცების კუთხით საქართველოში დიდი პრობლემები იყო, არც ამდენი სასულიერო პირი არსებობდა და სადაც უწმინდესი საჭიროებას ხედავდა, მღვდლებს იქ გზავნიდა.
– წითელწყაროში როდის და რატომ დაბრუნდა?
– 1987 წელს კი ქალაქ წითელწყაროში, რუსულ სამლოცველო სახლში გამოაგზავნა. ილია მეორეს სურდა ქართულ ენაზე ყოფილიყო მსახურება და ამიტომ დააბრუნა მშობლიურ რაიონში. წითელწყაროში მსახურების დროს, რაკი მშობლიურ სოფელთან ახლოს იყო და ხედავდა, რომ იმ პერიოდში ბევრ სოფელში აღდგა ეკლესიები, სურვილი არ ასვენებდა, რომ ჩვენი სოფლის ეკლესიაც აღდგენილიყო. საცოდავად იყო შენობა მიტოვებული, საწყობად და საქონლის სადგომად ქცეული და გაპარტახებული. 1988 წელს მე და მამაჩემმა სოფელში ეკლესიის აღდგენის მოთხოვნით ხელმოწერები შევაგროვეთ, მოსახლეობაში უბან-უბან ვიარე, საჭირო რაოდენობა მოვაგროვე და რელიგიის სამინისტროში გავგზავნე. იქიდან უარი მოგვივიდა, მაგრამ არ გავჩერდით. გადავწყვიტეთ წერილი ახლა მოსკოვში გაგვეგზავნა. იგივე მოთხოვნით მოსკოვსაც მივმართეთ და საბედნიეროდ იქიდან თანხმობა მოვიდა. დამიბარეს აღმასკომში, განვიხილეთ მოსკოვის თანხმობა და ნება დამრთეს საწყობად ქცეული დაშლილი ეკლესია გამეწმინდა. აღმასკომში გუნჩენკო იყო, რომელმაც წერილს რეზოლუცია დაადო და საქმეს შევუდექი. ბევრი არავინ დამხმარებია, სულ რამდენიმე ადამიანი დაგვიდგა გვერდით და უმძიმეს სამუშაოებს მარტო ვასრულებდით. დიდხანს ვეწვალეთ, მოვანგრიეთ მეორე სართულად დაგებული იატაკი, უამრავი მასალა და ნარჩენი იყო წლების მანძილზე დაგროვილი, ყველაფერი გავწმინდეთ და გავასუფთავეთ. ამბობენ, რომ ერთ-ერთი კინოსეანსის დროს, რომელიც ეკლესიის შენობაში მიმდინარეობდა, მეორე სართულის იატაკი ჩაინგრა და ხალხი ჩაცვივდა. ეკლესიის ზარიც სკოლას გადასცეს და წლების მანძილზე მრევლის ნაცვლად მოსწავლეთა კლასებში მოსახმობად რეკდნენ. შემდეგ მე მივმართე აღმასკომს წერილით და ეს ზარიც დაგვიბრუნეს.
– სერაფიმე საროველის აღდგენილი ტაძარი პატრიარქმა აკურთხა…
– ცნობილი ფაქტია, რომ 1989 წელს, როცა ილია II დედოფლისწყაროს ესტუმრა, სწორედ ამ დღეს აკურთხა სერაფიმე საროველის ეკლესია და წინამძღვრად მამა სოლომონი დანიშნა. ამ დროს უკვე დეკანოზის ხარისხი ჰქონდა და სამლოცველო სახლიდან თავის სოფელში გადმოიყვანა. 9 აპრილის შემდგომი პერიოდი იყო და რაკი რუსული ეკლესია იყო და რუსი წმინდანის სახელს ატარებდა, ბევრი აყენებდა საკითხს, რომ მისთვის სახელი შეეცვალათ. პატრიარქის სტუმრობის შემდეგ მამაოს პრობლემები აღარ შექმნია, მალევე საბჭოთა კავშირიც დაიშალა და სახელმწიფო წყობა მთლიანად შეიცვალა. მამა სოლომონი წინააღმდეგობებს აღარ აწყდებოდა, ხელშეშლა აღარ ჰქონია. მშვიდად განაგრძობდა მსახურებას. არასოდეს დაუკეტია ეკლესია. დარსა თუ ავდარში კარი სულ ღია იყო. საკურთხეველიც ჩვენი ხელით ავაშენეთ. 17 წლის განმავლობაში მრევლიც გაიზარდა, სოფელი ნელ-ნელა შემოვიკრიბეთ. როცა ტაძარში იყო ძალიან პატრონობდნენ ეკლესიის მეზობლად მაცხოვრებლები. მეუფე იაკობის ბებია, თამარა იაკობიშვილი და შერმადინ ტოკლიკიშვილის ოჯახები. გაყინულ მამაოს ცხელ საკვებს, სითბოსა და ყურადღებას არ აკლებდნენ. სახლში გაიყვანდნენ, გაათბობდნენ, გაუმასპინძლდებოდნენ ხოლმე. სამლოცველო სახლში მის ნაცვლად დანიშნული მოძღვარიც მოდიოდა, სასულიერო ტანსაცმელს და ნივთებს მოუტანდა ხოლმე საჩუქრად, რომ გაეყიდა და შემოსავალი ჰქონოდა. იმ რთულ წლებში ჩვენს ეკლესიას და მამაოს არანაირი ფინანსური შემოსავალი არ ჰქონდა და ასე ცდილობდნენ მის დახმარებას.
თუმცა, ერთადერთ პრობლემად ის რჩებოდა, რომ შენობა, ჭერი და კედლები ძირეულ რეაბილიტაციას საჭიროებდა. ეს კი დიდ თანხებს მოითხოვდა და ამისი სახსრები არ გვქონდა, რამდენჯერმე ადგილობრივების შემოწირულობა შეგროვდა, მაგრამ, ცხადია, ეს საკმარისი არ იყო. 12 წელი გავიდა რაც ამ ტაძრის ძირფესვიანი აღდგენა-გამაგრება მოხერხდა, ხელახლა აშენდა გუმბათი, ახალი მასალით გადაიხურა ჭერი, მაგრამ დღემდე არ ვიცოდით ეს რა ფინანსებით გაკეთდა. სულ ახლახან გავიგე, რომ ეს დიდი სამუშაოები ბიძინა ივანიშვილის ფონდი `ქართუს~ დაფინანსებით ჩატარდა. დაზუსტებით არც ახლა თქმულა ვისი ფინანსები მოხმარდა ეკლესიას. ღმერთმა შეუწიროს და გადაუხადოს, ვინც ეს სიკეთე გააკეთა. ერთი სანთელი უნდა ავანთოთ და მოვიხსენიოთ ხოლმე.
– მამა სოლომონის ბოლო დღეები გაიხსენეთ…
– 2007 წლის 9 თებერვალს გარდაიცვალა. ბოლო წუთამდე მეხსიერება არ დაუკარგავს. თითქმის ორი წელი ჩემთან ცხოვრობდა, მე ვუვლიდი. მამა ნიკოლოზ ლომსაძე ხშირად მოდიოდა, ყურადღებას გვაქცევდა და ფინანსურად გვეხმარებოდა, რის გამოც ძალიან მადლიერი ვარ მისი. მახსოვს, ბოლო დღეებში, ხუთშაბათს მამა ნიკოლოზი მოითხოვა, ზიარება მიიღო და შაბათს გარდაიცვალა, მეორე დღეს გადაასვენეს ქალაქ დედოფლისწყაროში, ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში, იქიდან კი სოფელ სამრეკლომდე მსვლელობა მოეწყო და დაიკრძალა წმ. სერაფიმეს ტაძრის ეზოში. მომდევნო წელს ნათლისღებას სანთლის დასანთებად ვიყავით საფლავზე. მაშინ ძლიერი ყინვები იყო. როცა საფლავიდან ნაკურთხი წყლის ბოთლი ავიღეთ, რომ სხვა დაგვედო, წყალი გაყინული არ იყო, პირიქით, მზეზე ნადგამივით თბილი იყო. შეგვეშინდა, არ ვიცი რატომ… სახლში მოსული დედამ უკან გაგვგზავნა და ის წყალი სახლში მოგვატანინა. დღესაც შენახული მაქვს და ავადმყოფობის დროს ვიყენებთ. დედამ თქვა, დიდი მადლი დაგვტოვა, ეს წყალი უფალმა აკურთხაო“.
ესაუბრა ილია მარტყოფლიშვილი