ბლოგისაზოგადოება

ჭანდარში მცხოვრებმა საბა მანიჟაშვილმა მცენარის მავნე მწერებისგან დასაცავი მოწყობილობა ,,Mukhte – მუხტე” შექმნა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდარში მცხოვრებმა საბა მანიჟაშვილმა, მცენარის მავნე მწერებისგან დასაცავი მოწყობილობა ,,Mukhte – მუხტე” შექმნა.

ახალგაზრდამ აღნიშნული იდეით, Hardware Startup ინკუბატორის პროექტში გაიმარჯვა და 5 000 ლარიანი გრანტის მფლობელი გახდა. ის არის მოწყობილობა, რომელიც ელექტრული მუხტით მცენარეს იცავს მავნე მწერებისგან და ამავდროულად აჯანსაღებს მას.

საბას თქმით, აღნიშნული მოწყობილობა შიდა ინტერიერის მცენარის მფლობელს, საშუალებას მისცემს მცენარის მოსავლელად შხამქიმიკატების ნაცვლად, ,,მუხტეს” მოწყობილობა გამოიყენოს.

,,მონაწილეობა მივიღე აღნიშნულ პროექტში, რომელიც მოიცავდა ხუთთვიან ტრენინგ კურსს. შემდეგ იყო ნახევარფინალები და ფინალში გადასულ გუნდებს, საშუალება გვქონდა გვებრძოლა დაფინანსებისთვის. სხვადახვა რაოდენობის გრანტის მოპოვების საშუალება გვქონდა. მე ამ შემთხვევაში გავედი მესამე ადგილზე და მივიღე 5 000 ლარიანი დაფინანსება.

ჩემს იდეას ქვია ,,მუხტე”. ეს არის ელექტროსტატიკური მოწყობილობა, რომელიც მცენარეს იცავს მავნე მწერებისგან. ბევრი მწერია, რომელიც აზიანებს მცენარეს და ადამიანებს კი უწევთ მის წინააღმდეგ ბრძოლა აგროქიმიკატებით. ეს პროცესი აზიანებს მცენარეს და ადამიანზეც უარყოფითად მოქმედებს.

მოგებული თანხით ჩვენ შევძლებთ, პროტოტიპის გაუმჯობესებას და დახვეწას. ასევე შევძლებთ შევქმნათ რამდენიმე ათეული პროდუქტი, რომელიც დაიტესტება და იქნება მზად იმისთვის, რომ დავიწყოთ მისი წარმოება და რეალიზაცია”,- ამბობს საბა knews.ge-სთან საუბრისას.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close