დღის ამბებისამართალი

14 წლის აითაჯის მკვლელობის საქმეზე დაკავებული დედის და ბიძის პროცესი დასკვნით ეტაპზეა

14 წლის აითაჯ შახმაროვას განზრახ მკვლელობის საქმეზე, ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული დედის, ეგანა მაგარამოვასა და ბიძის, ნატიკ მაგარამოვის საქმის განხილვა დასკვნით ეტაპზეა.

სხდომა რუსთავის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარე ვიდეოჩანაწერს წარადგენს, სადაც არასრულწლოვანი გოგონას ნიშნობის ფაქტია ასახული. როგორც საქმის პროკურორი ხატია გოგრიჭიანი აცხადებს, ვიდეოჩანაწერში ჩანს აითაჯ შახმაროვას დედაც, რითაც დასტურდება, რომ მისთვის ცნობილი იყო არასრულწლოვანი შვილის ნიშნობა და ის თანახმა იყო.

ადვოკატი ალი ბადიროვი კი მიიჩნევს, რომ მოწმეებმა სასამართლოში განაცხადეს, რომ მკვლელობაში ბრალდებული ალიმ სადიკოვი ეგანა მაგარამოვას ემუქრებოდა, რის გამოც, მისი მხრიდან დანაშაულის შესახებ შეტყობინების განხორციელება ვერ მოხდა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებული დედა სხდომის დახურვას ითხოვდა. როგორც ეგანა მაგარამოვამ სასამართლო პროცესზე განაცხადა, მას სახლში კიდევ ერთი არასრულწლოვანი შვილი ჰყავს, რომელმაც დაურეკა და უთხრა, რომ სატელევიზიო ეთერებში თუ მისი (დედის) სახე გამოჩნდებოდა, ის თავს მოიკლავდა.

მოსამართლემ სხდომის დახურვის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, თუმცა, ჟურნალისტებს სთხოვა, კადრებში ბრალდებულ ეგანა მაგანაროვას სახე არ მოხვედრილიყო.

ცნობისთვის, მოკლული აითაჯ შახმაროვას დედა და ბიძა, პროკურატურის მიერ წაყენებულ ბრალს არ აღიარებენ. მათი განმარტებით, გოგონა საკუთარი სურვილით, ყოველგვარი იძულების გარეშე გათხოვდა. რაც შეეხება აითაჯ შახმაროვას მკვლელობას, აღნიშნულზე ალიმ სადიკოვი დააკავეს.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ე’’ ,,თ’’ და ,,კ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი გენდერის ნიშნით), 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საგარეჯოს სოფელ ლამბალოში, 14 წლის აითაჯ შახმაროვა 6 ოქტომბერს მოკლეს. მოკლული არასრულწლოვანი წარმოშობით დმანისის სოფელ მამიშლოდან იყო.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close