დღის ამბებისაზოგადოება

მაგდა ბეჟანიშვილი – შშმ პირთა უფლებების დამცველი აქტივისტი და სამი შვილის დედა თელავიდან

მაგდა ბეჟანიშვილი – შშმ პირთა უფლებების დამცველი, აქტივისტი და სამი შვილის დედა თელავიდან.

მაგდა შშმ პირებს ეხმარება ჰქონდეთ თანაბარი უფლებები და შესაძლებლობები.

„კონკრეტული წარმატების ფორმულა არ მაქვს. უბრალოდ დილას ვიწყებ იმაზე ფიქრით, რომ მე ვარ ძალიან, ძალიან, ძლიერი გოგო და ყველაფერს შევძლებ, რასაც მოვისურვებ. სამყაროს ესმის ჩვენი და ამიტომ გვაჯილდოვებს წარმატებებით.

3 წლის ვიყავი მხედველობა რომ დავკარგე. 30 წელი ხდება, რაც ეს დიაგნოზი მაქვს და ამ ხნის მანძილზე მხოლოდ ხმოვანი შუქნიშანი დამონტაჟდა, მეტი არაფერი გაკეთებულა. ტერმინებზეც კი ბრძოლა გვიწევს, რომ არ ვართ უნარშეზღუდულები, არ ვართ ინვალიდები და ბრმები. ვარ შშმ პირთა უფლებების აქტივისტი და სამი შვილის დედა.

მიუხედავად იმისა, რომ წარმატებული და აქტიური ქალი ვარ, უამრავ გამოწვევას ვაწყდები ყოველდღიურ ცხოვრებაში. ჩემს გარშემო ჯერ კიდევ უკვირთ, როგორ ვმუშაობ. ფიქრობენ, რომ უბრალოდ კეთილი დამსაქმებლები შემხვდნენ და ხელფასს არაფერში მიხდიან. ამაზე ძალიან მეცინება და მსგავს მიდგომებს ყოველთვის ვაპროტესტებ. ადამიანები ხშირად ფიქრობენ, რომ არ მაქვს აზრის დაფიქსირების საშუალება, თითქოს ვერ ვუპასუხებ დასმულ კითხვებზე, თითქოს ვერ ვიდგები ფეხზე გაჩერებაზე, შეხვედრაზე და ა.შ. ცდილობენ თანმხლებ პირს ესაუბრონ ჩემს შესახებ და მომაბეზრებლად იზრუნონ ჩემზე. „დასვით რაა, გთხოვთ, ბავშვი გამოართვით დაიღლება, ცუდად ხომ არაა…“ და უამრავი ზრუნვის კონტექსტში დასმული კითხვა ისმის. დადებით ემოციებსაც ხშირად ვიღებ. მეუბნებიან, რომ ვარ მხიარული, აქტიური, მიზანდასახული, კეთილი და ლამაზი.

სტერეოტიპული გარემოს გარდა, შშმ პირებისთვის არაადაპტირებულია ფიზიკური გარემოც. გამოწვევაა, როცა ფინჯანი ყავის დალევა მინდა მარტოს, მაგრამ ვერ მივალ იმ კაფემდე, იმ სკვერში ვერ დავჯდები, სადაც დასვენება მინდა; იმ კლუბში ვერ წავალ, სადაც გართობა მინდა; იმ ლოკაციაზე ვერ მივალ, სადაც მუშაობა მინდა და ესე, უამრავი დაბრკოლება გვაქვს დილიდან დილამდე. აუცილებელია ეცალოს ოჯახის წევრს, მეგობარს, ნათესავს, რომ საქმეზე წამომყვეს. ამიტომ ხალხს ძირითადად ვეცოდები ხოლმე. ახლაც ამ პოსტსაც რომ წაიკითხავენ, ათი ადამიანიდან ორი იტყვის, რომ მეც სხვების თანასწორი ვარ, დანარჩენებს კი შევეცოდები. უფლებების დაცვის პროცესში, სწორედ ეს წინააღმდეგობები და მიდგომები მაძლიერებს. ვფიქრობ, როგორც კი მოდუნდები, მაშინვე დაკარგავ ყველა შესაძლებლობას. ამიტომ სულ ვიბრძვი ჩემი და სხვების სამართლის აღსასრულებლად. ეს მოგვიტანს დამოუკიდებელ ცხოვრებას. მაძლიერებს იმაზე ფიქრი, რომ არსებობისთვის მე არ უნდა მჭირდებოდეს სხვისი დახმარება და დრო.

დედებს, ვისაც შშმ შვილი გყავთ, გირჩევთ, არ გაუწიოთ დათვური სამსახური შვილებს, არ მიაჩვიოთ ისინი სახლში ყოფნას. აუცილებლად ასწავლეთ, გამოიყვანეთ გარეთ, გადააბიჯეთ ყველას, ვინც ამის გამო ცუდად გაგრძნობინებთ თავს. ააშენეთ უზარმაზარი კედელი სევდასა და თანასწორობას შორის და თქვენს შვილებთან ერთად დადექით სევდის ზურგსუკან. ასე შეძლებთ საკუთარი შვილების სხვათა თანასწორად გაზრდას“.

წყარო: Network of Centers for Civic Engagement – NCCE

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close