დღის ამბებისაზოგადოება

კულტურისა და სპორტის მინისტრმა ლევან თედიაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა და მინისტრის პირველმა მოადგილე იოსებ ბაღათურიამ ლეგენდარული ქართველი მოჭიდავის, ლევან თედიაშვილის, ხსოვნას პატივი მიაგეს.

თბილისის სპორტის სასახლეში გამართულ სამოქალაქო პანაშვიდზე მინისტრმა მიუსამძიმრა გარდაცვლილის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს.

სახელოვანი სპორტსმენი 17 თებერვალს 75 წლისა გარდაიცვალა.

ვეტერანი ქართველი მოჭიდავე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ორგზის ოლიმპიური (1972, 82 კგ, მიუნხენი; 1976, 90 კგ, მონრეალი), ოთხგზის მსოფლიოსა (1971, 82 კგ; 1973, 90 კგ; 1974, 90 კგ; 1975, 90 კგ) და სამგზის ევროპის (1974, 90 კგ; 1976, 90 კგ; 1978, 100 კგ) ჩემპიონი იყო. 1973 წელს მან მსოფლიოს თასი მოიგო, 1978 წელს კი 100 კგ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა. თავისუფალი სტილით ჭიდაობის გარდა, ლევან თედიაშვილმა 1973 წელს სამბოში მსოფლიოს ჩემპიონობაც იზეიმა (90 კგ).

ლევან თედიაშვილი სსრკ-ის ხალხთა V სპარტაკიადაზე ჩემპიონი გახდა (1971, 82 კგ), VI სპარტაკიადაზე კი ვერცხლის მედლის მოგება შეძლო (1975, 100 კგ). ქართველმა მოჭიდავემ სსრკ-ის ჩემპიონობა სამჯერ იზეიმა (1971, 82 კგ; 1973, 90 კგ; 1974, 90 კგ).

საგულისხმოა, რომ ლეგენდარული სპორტსმენი ერთადერთი ქართველი მოჭიდავეა, რომელმაც დიდი საერთაშორისო ტურნირები სამ წონით კატეგორიაში მოიგო.

ბრწყინვალე სპორტსმენობის გარდა, ის შესანიშნავი მსახიობიც იყო. 1987 წელს რეჟისორ გიორგი შენგელაიას ფილმში „ხარება და გოგია“ ველოსიპედისტ ომარ ფხაკაძესთან ერთად მთავარი როლი შეასრულა. 2021 წელს ასევე მთავარი როლი ითამაშა ლევან კოღუაშვილის ფილმში „მეოთხე ბრაიტონი“. აღსანიშნავია, რომ მისი ნამუშევარი ტრაიბეკის კინოფესტივალზე გამოარჩიეს და მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებლის პრიზი მიაკუთვნეს. იმავე ნომინაციაში გაიმარჯვა კოტბუსის ფილმების ფესტივალზეც.

ლევან თედიაშვილი იყო მე-4 და მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი. დაჯილდოებული იყო ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით, ღირსების ორდენით, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ორდენით, ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის ორდენით. 1971 წელს ლევან თედიაშვილს საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდება მიენიჭა. 2003 წელს იგი თბილისის საპატიო მოქალაქე გახდა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close