დღის ამბებისაზოგადოება

ნიკა ვარდოშვილი- “ამ ქალაქს არ ყავს მერი, ამ ქალაქს ჰყავს ღარიბაშვილის ხათრით დადებული პერსონა”

“ამ ქალაქს არ ჰყავს მერი, ამ ქალაქს ჰყავს ღარიბაშვილის ხათრით დადებული პერსონა” – ასე გამოეხმაურა, “ლეიბორისტული პარტიის” კახეთის ხელმძღვანელი, ნიკა ვარდოშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის მერის კომენტარს, სადაც ლევან ანდრიაშვილი 28 დეკემბერს მომხდარი სტიქიის შედეგად, ჯერაც გადაუხურავ მრავალბინიან კორპუსებზე საუბრობს.

” ეს ყველაფერი იმის შედეგია, რომ თელავს ჰყავს ხათრით არჩეული მერი, ანუ ვისი ხათრით, იმის ხათრით რომ ღარიბაშვილის ცოლის და ბატონი მერის ცოლი მეგობრები არიან.
როცა ხათრით არჩეული მერები გვყავს და ხათრით არჩეული თანამდებობის პირები, აი მაშინვე უნდა შევეგუოთ, რომ აი ეს ამბავი იქნება ყოველთვის, რა დროს ახლა ხარჯთაღრიცხვაა, რა დროს ტენდერის გამოცხადებაა, ბუნებას შენ აუხსნი, რომ ტენდერია გამოსაცხადებელი?!  ზოგს მცირეწლოვანი ყავს, ზოგს მოხუცი, ზოგს ავადმყოფი და ეს ფეხებზე ჰკიდია ქალაქის მერს, ამ ქალაქს არ ჰყავს მერი, ამ ქალაქს ჰყავს ღარიბაშვილის ხათრით დადებული პერსონა” ,- განაცხადა ვარდოშვილმა.

თელავის მუნიციპალიტეტის მერის თქმით, ამ ეტაპზე ბინების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია დასრულდა და მრავალბინიანი კორპუსები უახლოეს მომავალში გადაიხურება.

” დასრულდა ბინების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება და ამ ეტაპზე ვემზადებით სატენდერო დოკუმენტაციისთვის, რომ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ მიიღოს მონაწილეობა და დახუროს კორპუსები”,- განაცხადა თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ანდრიაშვილმა.

შეგახსენებთ, სტიქიამ თელავში, 28 დეკემბერს როგორც კერძო, ისე მრავალბინიანი კორპუსები დააზიანა და დღემდე, ალაზნის გამზირისა და კავკასიონის ქუჩებზე მცხოვრები მოსახლეობა, სახურავების რეაბილიტაციას ითხოვს, მათი თქმით, სახლებში წყლის ჩასვლის შედეგად, ზიანდება კედლები და საყოფაცხოვრებო ნივთები.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close