ბლოგი

Სასწაული რომელიც პანკისში არ ავიწყდებათ

 

90-იანი წლების შუახანებში მოხდა ეს ამბავი.
– მამა, რაღაც ტელეგრამა მოვიდა. ქორწილში გვეპატიჟებიან მთელ ოჯახს პანკისში. რუსლანი და ზუჰრა… ვინ არიან?
– მაჩვენე აქ. მამამ ფურცელი გამომართვა, ყურადღებით წაიკითხა, თბილად გაეღიმა და ფურცელი უკან დამიბრუნა: თვალებში ცრემლები უბრწყინავდა. – ხედავ? კიდევ ვახსოვარ…
– ვინ არიან?
– რა ვიცი, ახალგაზრდობის მეგობრის ოჯახია: დედაშენმაც მერე გაიცნო… სტუდენტობისას გამანაწილეს იქით. ისეთი არაფერი…
– მერე?
– არაფერი, არაფერი…
– მამა!
– პატარძლის მხარეა.
– ვინ არიან-მეთქი?!
და მამამ დაიწყო:

– 1976-ში, სამედიცინო რომ დავამთავრე, პანკისში გამანაწილეს: საბჭოთა კავშირში იყო ასეთი წესი – უმაღლესდამთავრებულ ახალგაზრდა სპეციალისტებს შორეულ რაიონებში ანაწილებდნენ სამუშაოდ. ძალიან დიდი ჩალიჩი და უფრო დიდი ფული იყო საჭირო, თბილისში ან სადმე ახლომახლო რომ მოწყობილიყავი. პატრონი გჭირდებოდა… მთლად უპატრონო კი არ ვიყავი, მაგრამ, როგორც ჩანს, ჩემი პატრონის „ბლატები“ მხილიდ საქართველოში დარჩენას ეყო და ღმერთს და იმ პატრონს კიდევ მადლობა, სადღაც ნია-გრუზინსკაიაზე რომ არ გამანაწილეს… – ჩემს გაკვირებულ მზერას („ნია-გრუზინსკაია რაღა უბედურებაა?“) მამაჩემმა მოწყალე ღიმილი შეაგება: – ნია-გრუზინსკაია ციმბირშია, ირკუტსკის ოლქში; „ბამის“ მშენებლობისას მანდ ქართველები მუშაობდნენ და 70-იანების შუახანებში დააარსეს. კომკავშირული საგზურებით აგზავნიდნენ მანდ… მოკლედ, ნიას გადავრჩი, მაგრამ კავკასიონის ქედებზე კი გადავინაცვლე. იმ ზამთარს უზარმაზარი თოვლი მოვიდა – ასეთი თოვლი არავის ახსოვდა: ღობეები აღარ ჩანდა, თოვლიდან მხოლოდ სახლების სახურავები იყო ამოჩრილი. საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს, მეცხვარეებს საზამთრო ბინებზე საქონლისა და ადამიანების საკვებს ვერტმფრენებიდან უყრიდნენ, რომ როგორმე დიდ მსხვერპლს გადარჩენოდნენ, გზებზე დღედაღამ სამხედროები მუშაობდნენ, სპეციალური ტანკებიც კი გამოიყვანეს: ლულების გარეშე და წინ თოვლსახვეტებით, – როგორც აბსოლუტურად ინტელიგენტ და სამოქალაქო პიროვნებას, მამაჩემს სპეციალურ საბრძოლო-სარემონტო-საევაკუაციო მანქანაზე წარმოდგენა არ ჰქონდა და მათაც ტანკებად თვლიდა, ოღონდ – ლულების გარეშე.
– ერთი სიტყვით, მთელი დეკემბერი ნამდვილი თოვლიანი გამოდგა. მაშინ უკვე მესამე წელი მიდიოდა, რაც იქ ვმუშაობდი და, როგორც ახალგაზრდა და კვალიფიცირებულ სპეციალისტს, რაიონული საავადმყოფოს ინფექციული განყოფილება მებარა. მახსოვს, სარკესთან ვიდექი, ბამბის წვერს ვიმაგრებდი, სანიტრები და ექთნები კი საახლაწლო სუფრას დასტრიალებდნენ, რომ გარეთ დაძაბული ღრიალით და თოვლის ჭრაჭუნით უზარმაზარი „კრაზი“ გაჩერდა. „კრაზი“ ხომ იცი – დიდი მანქანაა…
– ვიცი, ვიცი. – ვუპასუხე მოუთმენლად.
– …საავადმყოფოში ორნი შემოვიდნენ. ახალგაზრდა ცოლ-ქმარი იყო: მეცხვარეთა ბინებში ცხოვრობდნენ და იქვე მუშაობდნენ, რაიონული ცენტრიდან ასე 70 კილომეტრის მოშორებით. კარებშივე გაჩერდნენ: მორიდებულად იდგნენ და სახეზე მიწისფერი ედოთ. „ალბათ სიცივის და მძიმე გზის ბრალი თუა“ – გავიფიქრე. დაჯდომა შევთავაზე, მაგრამ ფეხი არ მოუცვლიათ.
ქმარმა ყრუ ხმით დაიწყო ლაპარაკი:
– ექიმო, ბავშვი მოგვიკვდა. ექვსი თვის იყო. ორი კვირის წინ ფაღარათი ჰქონდა. მესამე დღეა, აღარ სუნთქავს… დავკარგეთ… გარდაცვალების ცნობა გვჭირდება, სასაფლაოზე ადგილი რომ მივიღოთ და დავმარხოთ…
მხოლოდ ახლა შევამჩნიე, რომ მამას იღლიაში პატარა ფიცრის ყუთი ჰქონდა ამოჩრილი – სახელდახელოდ შეკრული კუბო.
მიწისფერი სახით უბედურმა მამამ ჩასასვენებელი მაგიდაზე დადო და თავი ახადა. შიგ სახვევებში გახვეული, მთლად გალურჯებული ექვსი თვის გოგონა იწვა.
სიმწარე და ბოღმა ერთად მომაწვა ყელში და ვუყვირე:
– ამდენ ხანს რას ელოდებოდით?! ორი კვირა რა გულმა გაგიძლოთ?! რატომ მაშინვე არ მოიყვანეთ?!
– გვინდოდა, ექიმო! თოვლში ვერ გამოვაღწიეთ! როგორც კი ეს დიდი მანქანა მოვნახეთ, მაშინვე წამოვედით!
მამას ხმა ჩაუწყდა, გამშრალი და გახევებული დედა კი კართანვე, კედელთან იყო ატუზული და არაფრისმთქმელი თვალებით სადღაც სიცარიელეში იყურებოდა.
მაგიდას მივუჯექი, ბლანკი ამოვიღე და შევსებას შევუდექი, თან ავტომატურად ვადებდი ჩვილის სხეულს ფონენდოსკოპს: აღარაფერის იმედი აღარ მქონდა, მაგრამ ეს პროცედურა აუცილებელი იყო… საერთოდ იქ ბევრი პროცედურებია. უცებ ფონენდოსკოპში ოდნავი შუილი მომესმა. გულის ბაგუნი კი არა, რასაც ყველანი ვართ მიჩვეულნი – სუსტი შუილი.
– გაჩუმდით სუყველა! – გიჟივით ვიყვირე და მემბრანა უფრო მჭირდოდ დავადე. ორიოდე წუთში ისევ გაურკვეველი „შუუუუ“ მომესმა.
ერთი ხელით ჩვილი ავიტაცე, მეორის ერთი მოსმით კი მაგიდიდან ყველაფერი გადავყარე: კუბოც, ფურცლებიც, სამელნეც, საქაღალდეებიც – და ბავშვი მაგიდაზე მოვათავსე. მთავარ ექთანს რა ვუღრიალე, აღარც მახსოვს, თუმცა ისარივით გავარდა და წამებში მოარბენინა სარეანიმაციო ნაკრები… მეორე წამს ჩვილის ლავიწის ქვეშ ცხენის დოზა შევუშვით და ერთდროულად გულის მასჟი დავიწყეთ… მოკლედ იქ ბევრი რამაა – ვერ მიხვდები… მალე ბავშვი შევარდისფრდა, თვადათვალ მოუვიდა ფერი და უცებ ისეთი ღნავილი მორთო!…
ჯერ კიდევ დაფეთებული ვიყურებოდი აქეთ-იქით… დედამისი გულწასული ჩაცურდა კედელზე, მამამისი იატაკზე დაყრილი ფურცლებივით თეთრი იყო და მაგიდას ორივე ხელით ეყრდნობოდა… ტელეფონს ვეცი, თელავი გამოვიძახე, სანიტარული ავიაცია მოვითხოვე. გოგონა მშობლებთან ერთად პირდაპირ თბილისში წამოიყვანეს…
მერე ხშირად ჩამოდიოდნენ, ყოველთვის უზარმაზარი ძღვენი მოჰქონდათ… დედაშენმაც მერე გაიცნო: ჩვენს ქორწილში რაც კი ხორცეულობა და ყველი იყო, სულ მაგათ გამოგვიგზავნეს.
იმ გოგონას ერქვა ზუჰრა. ხედავ, დაქალებულა უკვე… გასათხოვარია… – მამამ კმაყოფილებით გააქნია თავი და მომიბრუნდა: – წადი შვილო, მანქანა გარეცხე: ხვალ დილიდან ადრე უნდა გავიდეთ. ხალხი გველოდება, დაგვიანება უხერხულია.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close