დღის ამბებისაზოგადოება

კვლევის შედეგები: აკრძალვის მიუხედავად, საქართველოში ფალსიფიცირებული რძის ნაწარმი იყიდება

რძის ნაწარმის შემოწმებული 20 ნიმუშიდან 5-ში მცენარეული ცხიმი გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაციას „სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“ (momxmarebeli.ge) ავრცელებს.

მათივე ცნობით, ცენტრმა 2023 წლის დეკემბერში, თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში 10 რძის პროდუქტი შეიძინა და ლაბორატორიას ჩააბარა, მცენარეული ცხიმის შემცველობაზე შესამოწმებლად. 10-დან 2 ნიმუშში მცენარეული ცხიმი აღმოჩნდა. დამატებით 10 ნიმუშის შემოწმება კიდევ მიმდინარეობდა. ამ ნიმუშებიდან კი 3-ში გამოვლინდა მცენარეული ცხიმი.

საერთო ჯამში, ცენტრის ცნობით, 20 ნიმუშის შემოწმების შედეგად შემდეგი სურათი გამოიკვეთა: 20 ნიმუშიდან 5-ში მცენარეული ცხიმი გამოვლინდა; 5-დან 4 ნიმუში არაეტიკეტირებული იყო; 5-დან 3 ნიმუშის მწარმოებელი უცნობია.

სავარაუდოდ, ყველა ნიმუში შედარებით მცირე მეწარმეების მიერაა წარმოებული.

„შემოწმების შედეგებიდან გამომდინარე, შემდეგი დასკვნების გამოტანა შეგვიძლია: კვლევის მასშტაბის გათვალისწინებით, შედეგების მთელ ქვეყანაზე განზოგადება არ შეიძლება, თუმცა, ამგვარი მცირე მასშტაბისა და სავარაუდო დარღვევების შესახებ ინფორმაციის არარსებობის პირობებში, ნიმუშების 25%-ში დარღვევების გამოვლენა იმაზე მოწმობს, რომ რძის ნაწარმის მცენარეული ცხიმის შერევით ფალსიფიკაცია ქვეყანაში ჯერ კიდევ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.

შედარებისათვის, სურსათის ეროვნული სააგენტოს (სეს) მიერ 2023 წელს მცენარეული ცხიმის შემცველობაზე შემოწმებული 216 ნიმუშიდან, დარღვევები მხოლოდ 7-ში, 3%-ში იქნა გამოვლენილი.

არაეტიკეტირებული სურსათი, რომელიც რიგით მომხმარებელს ნატურალური სოფლის პროდუქცია ჰგონია, შეიძლება ასეთი სულაც არ იყოს და მოქალაქე არაკეთილსინდისიერი მეწარმეების მანიპულაციების მსხვერპლი აღმოჩნდეს. სახელმწიფომ მეტი ძალისხმევა უნდა მიმართოს მცირე მეწარმეების გასაკონტროლებლად“, – აღნიშნულია ცენტრის მიერ მომზადებულ პუბლიკაციაში.

 

თეგები
მეტი

მსგავსი სიახლეები

Close