ბლოგიდღის ამბებიილტოსპირელი

ხოკერი

 

ადრე, ფშავლის ოჯახი ისე არაფრისდიდებით იქნებოდა, სახლში რომ თუნდაც ერთი ხოკერი მაინც არ ქონოდა დიასახლისს.

ხოკერში ინახავდა დედაკაცი მატყლისგან დასამზადებელ მთელ თავის ავლა-დიდებას: ფარტენებს, თითისტრებს, საგრეხელას, ჩასთულსა თუ დაძახილ თხორებს, ნაჭრის კალათას, წინდის-ჩხირებს, ნაქსოვ წინდა-საწინდიას.
ხოკერს სხვა მხრივაც იყენებდნენ, მაგალითად, კვერცხების შესანახად – ძირს მატყლს ჩაუფნედნენ და მასშ აგროვებდნენ, რომ უსაფრთხოდ ყოფილიყო.
რაც თავი მახსოვს, სახლში ხოკრები სულ გვქონდა.
გასული საუკუნის 90-იან წლებში ჩვენი სოფლის სახლი რომ დაიწვა, სხვა ყველაფერთან ერთად, ის ძვლებური, ლამაზი და კოხტა ხოკრებიც დაიფერფლა.
დედაჩემი უხოკროდ და და უტარ-ფარტნოდ რას გჩერდებოდა და მე რომ აქამდე სულ თბილისში ვიყავი, თავად ეჯახირა და გაეკეთებინა კიდეც ერთი პატარა ხოკერი, მაგრამ, აბა, ქალის ნაცოდვილარი ხის ნაწარმი განა რა უნდა ყოფილიყო?
ამიტომ სულ მინდოდა, რომ მე თავად დამემზადებინა თუნდაც ერთი ხოკერი!

გუშინ ძალიან უხელსაქმო, მოჟამული, ნისლ-ჯანღიანი და თოვლ-წვიმიანი დღე იყო.
ავიღე ხელცულა და გავემართე ტყისკენ იმის გუმანით, რომ ბალამწარისა და თელის ხეები მეპოვა, რადგან ხოკერი ბალამწარის ქერქისაგან კეთდება, ხოლო მის შესაკერ-შესაკრავად აუცილებლად თელის ხის ლაფანი გამოიყენება.

ბევრი ვიარე თუ ცოტა, მივაგენი ერთ დიდ ბალამწარას და ქერქი შემოვაცალე.
ვიპოვე თელაც და მასაც ავყარე ქერქი.
წამოვიღე ეს ყველაფერი სახლში და შევუდექი მის დამუშავებას.
ბალამწარის სახოკრე ქერქი, ორივე მხრიდან, შიგნიდან და გარედან, კარგად გავფხიკე, გავწმინდე, გავასუთავე, დავჭერი ზომებზე და დავაწყე.
ასევე მოვაზადე მისგან ხოკრის საძირეც.
ახლა თელის ქერქს მივუბრუნდი. მისაგან ყაპყატოები უნდა დამემზადებინა, რაც არცთუ იოლი საქმეა.
რა არის ყაპყატო?
ყაპყატო იგივე თასმაა, ერთგვარი ღვედია, ოღონდ არა ტყავისაგან, არამედ ხის ქერქისაგან გამოყვანილი.
თელას იმიტომ ირჩევენ, რომ ის ძალიან რბილი, ელასტიური და გამძლეა, ეგრე იოლად არ წყდება, ხოლო როდესაც გახმება, მკვიდრად და მჭიდროდ კრავს ნამზადს.
ყაპყატო ქერქის შიგნითა ნაწილისგან გამოყვანება. ანუ ქერქი უნდა გააორტყაო, გარეთა უხეშ ნაწილს გადაყრი, ხოლო შიგნითა ნაწილს კი თასმებივით დასერავ დანით.
ხოკრის საძირე 45 სანტიმეტრის რადიუსისა, ხოლო კედლების სიმაღლე 55 სანტიმეტრი ავიღე.
სახოკრე ფირფიტებსა და საძირეს, სპეციალური საკვეთით, როგორც, ვთქვათ, რაიმე ტანსაცმელს საღილურები, საყაპყ

ატოე ნახვრეტები გავუკეთე, რამაც გარკვეული დრო წაიღო, რადგან საფრთხილოა, რომ მასალა არ დააზიანო, არ გაგეხეს, არ გასკდეს, არ გადატყდეს.
მერე დავიწყე ბალამწარის ქერქის ნაწილების ერთმანეთისთვის მიკერება ამ თელის ყაპყათოებით.
სამუშაოს ეს ეტაპიც საკმაოდ სანელიო, მომღლელი და საფრთხილო იყო.
მივაკერე ძირიც.
და გოდორიც მზად იყო.
ამ საქმემ ლამის ერთი დღე დაისაჭიროვა, მაგრამ მე მაინც კმაყოფილი დავრჩი, რადგან ამან, ჯერ ერთი, დედაჩემი ძალიან გაახარა და, მეორეც, მე იმისი სამიერჟამო განცდა დამიტოვა, რომ ახლა სახლში ჩემი საკუთარი ხელით გაკეთებეული კიდევ ერთი საციქველი – ხოკერიც იქნება.


მიხეილ ღანიშაშვილი, ილტოსპირელი  —

ქართველი პოეტი, მწერალი, ჟურნალისტი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close