ბლოგიდღის ამბები

კორონა წარმავალია, კაცობრიობა – მარადიული ! – ფიქრია ყუშიტაშვილი

რა არ ყოფილა ცხოვრებაში- ის, რაც წიგნებიდან წაგვიკითხავს, წინაპრებს უამბნიათ, ფილმებში გვინახავს ,  თავად გამოგვიცდია, თუმცა, დამეთანხმებით, მსგავსი საყოველთაო პანიკა და ჰორორი მხოლოდ ფანტასტიკის ჟანრის ნაწარმოებების პრეროგატივაა, მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე კოვიდ-19-ის ფონზე საზოგადოება აქტიურად ალაპარაკდა ვინმე ამერიკელი მწერლისა და სცენარისტის დინ კუნცის მოთხრობაზე, რომლის მოქმედების პერიპეტიები თურმე ძალიან ჩამოჰგავს ჩვენს სინამდვილეს, თუმცა გასულ საუკუნეშია დაწერილი,

ხოლო  „პანდემია“ და „ინფიცირება“ ყველაზე რეიტინგული ფილმები აღმოჩნდა , თანაც ისე, რომ ,მგონი, როცა თავდაპირველად გადაიღეს, მაშინ არ მოჰყოლია მსგავსი რეზონანსი და აღიარება. მინდა გამოგიტყდეთ, მეც , პირადად, არცერთი მქონდა ნანახი და ახლა, ამ კარანტინობას ვუყურე  ინტერესის გამო. ვერ გეტყვით, რომ რამე ახალი იყო იმ გარემოებაში, რომ ვიღაც მწერალმა, სცენარისტმა ან რეჟისორმა ჯერ კიდევ ათეულობოით წლით ადრე განჭვრიტა ჩვენი თანამედროვე ეპოქა, (ჟიულ ვერნის და რეი ბრედბერის მერე რამ უნდა გაგაოცოს ძნელი წარმოსადგენია!) – ჩემი ფიქრი  უფრო სხვა ამბებზე გადაფრინდა და გამახსენდა კიდევ ორი მძაფრსიუჟეტიანი  თრილერი  „2012“ და „ გოძილა“ და ერთი კითხვა მღრღნის დროდადრო- ესეც რომ აცხადდეს, მერე სად მივდივართ?- ეს ისე, ასე ვთქვათ, შავი იუმორის „პონტში“!

ხუმრობა იქით იყოს და, კარჩაკეტილობა ნამდვილად ვერაა სახარბიელო მდგომარეობა-ვისაც პოეზია უყვარს ,უწინარესად, ალბათ, საყვარელი კლასიკოსის ცნობილი ფრაზა გაახსენდება : „კარჩაკეტილი ცხოვრებიდან გავიდეთ მზეზე!“ აბა, როგორ გინდა „მზეზე“ გახვიდე, როცა 24 საათიან რეჟიმში მხოლოდ ერთი მოწოდება იპყრობს ჩვენს სმენასა და გონებას : „დარჩი სახლში!“

დარჩი, რომ გადარჩე და გადაარჩინო ყველა ახლობელი თუ გარეშე!

 დარჩი, რომ არ შეუქმნა ხიფათი საზოგადოების ჯანმრთელობას!

დარჩი, რომ შეუმსუბუქო  მდგომარეობა ჩვენს წელში გამნწყდარ ექიმებს, რომელთა  პროფესიონალიზმი და ყოველდღიურობა, მართლაც, უდიდეს აღტაცებას, პატივისცემასა და ქედის მოხრას იმსახურებს!

დარჩი, რომ გადაარჩინო შენი ქალაქი, მხარე, სამშობლო, თქვენ წარმოიდგინეთ და, სამყაროც კი!

რომ დავფიქრდეთ, რა მაგარია, რომ შენ, ამ უკიდეგანო გალაქტიკის, ერთი პატარა პლანეტის,  ერთი პატარა ქვეყნის, კიდევ უფრო პატარა ქალაქის(ან სოფლის!)  მოქალაქეს განგებამ ამხელა მისია დაგაკისრა- 21-ე საუკუნის დასაწყისში , ერთ  ნაკიან 2020  წელს გადაარჩინო საკუთარი და სხვისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა! -მაგარია, „ჩემმა მზემ!“

ჩემი ასაკიდან გამომდინარე, იმ თაობას მივეკუთვენები, კომენდანტის საათი რომ მშობლიურ იავნანასავით ჩაესმა – ანუ , როგორც იტყვიან, „ეს კინო ჩვენ ნანახი გვაქვს!“ მართალი გითხრათ, ჩვენი ჯეელობის კომენდანტის საათი 1989-ში უფრო მძიმე იყო, რადგან ოკუპანტი ქვეყნის ტაკები და საჯარისო ფორმირებები აკონტროლებდნენ ქვეყანას და სანქციებიც გამორჩეულად მკაცრი და „სალდაფონური“ გახლდათ , მერე იყო ომები და სისხლისღვრა, ტერიტორიების დაკარგვა და ძმათამკვლელი საშინელებები, მერე სიცივე, შიმშილი, პურის რიგები და ტოტალური შიში და განცდა აბსოლუტური დაუცველობისა და როცა ამ ყველაფერს ნახავ და გამოივლი, ამ კოვიდ-19-მა  როგორ უნდა შეგვაშინოს, მით უმეტეს „სამოქალაქო თავდაცვის“ დისციპლინა გამოვლილი ხალხი, კალაშნიკოვის დაშლა-აწყობას, „აირწინაღის“ მორგებას რომ გვასწავლიდნენ და არტაშანის დადებას სხვა პირველადი დახმარების მანიპულაციბთან ერთად .

და მაინც, არის დრო, არის ნელი თამაში და შენ მიდიხარ, მარტო სულ მარტო!“ გალაკტიონმა ეს ფრაზა თავის ყველაზე ლირიულ -რომანტიკულ ლექსში დაწერა ,არადა რა შემზარავდ იკითხება დღეს დაცარიელებული სამყაროს მდუმარებაში?! …

ცხოვრებამ დროებით, ( თუ საბოლოოდ არა!) გადაინაცვალა ვირტუალურ განზომილებაში და თვით მამა-პაპური ქეიფის ინსტიტუტიც კი , რომლის ხიბლი უშუალო ურთიერთობაშია და არა ვირტუალურ კავშირში, ცდილობს ფეხი აუწყოს ახალ დროებას, ამასობაში ადამიანებმა აღმოაჩინეს ერთმანეთი, საკუთარი და სხვისი ახალი უნარები და ნიჭები, ბევრმა წლობით დასალაგებელი სივრცე , ცხოვრება და ურთიერთობები როგორც იქნა დაალაგა, სხვამ, პირიქით, ნერვიული აშლილობის ზღვარზე მთლიანად აწეწა და თავდაყირა დააყენა ყველა კუთხე-კუნჭული , მავანს იუმორის ფანჯარა გაეხსნა და კიდევ ვიღაც სხვას სიყვარულის ბუშტი გაუსკდა , სიმღერა- „ონლაინ“, ცეკვა- „ონლაინ“, სწავლა -„ონლაინ“, ვარჯიში -„ონლაინ“, შრომითი უნარები  -„ონლაინ“, მოგზაურობა, თამაში… დანარჩენი თქვენი ფანტაზიისა  და გაქანებისათვის მომინდვია, თუმცა თუ მაინცადამაინც სასარგებლო რჩევებზე მიდგება საქმე, ამ ამბავში მე მხოლოდ საკუთარ გამოცდილებას გაგიზიარებთ , ოღონდ, ჩემი ტექსტის კითხვისას, რასაკვირველია, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ რატი ამაღლობელისა და ანდრო დგებუაძის საყვარელი პოსტულატი, რომ „ობიექტურობა სხვა არაფერია, თუ არა გულწრფელი სუბიექტურობა!“ ჰოდა, მეც გულწრფელი სუბიექტურობით გაგიზიარებთ ჩემს ფიქრებს –

მაშ ასე, რჩევა პირველი- პანიკა  დამღუპველია- არ აჰყვე პანიკას!

ჩემო ძვირფასებო, უპირველეს ყოვლისა, გირჩევთ, არ ავყვეთ პანიკას , რადგან ის არამხოლოდ იმუნიტეტის ხარისხზე  მოქმედებს, (რასაც ხშირად გვეუბნებიან „ცისფერი ყუთებიდან“ ანუ ტელეეკრანებიდან) არამედ, პანიკა გვაკარგინებს ჯანსაღი ანალიზის უნარს , ხოლო როცა ემოცია წინ უსწრებს  გონებას,  უსიერ ტყეში უკუნეთ სიბნელეში გვიწევს ხელის ცეცებით სიარული! -დაიხსომეთ , არათუ კორონასთან ბრძოლას და თავდაცვაში, თვით სიყვარულშიც კი სასარგებლოა ჩართოთ რაციო და მთლად გულს და ემოციას არ გაჰყვეთ ტანტალით …

მეორე და მნიშვნელოვანი, კორონა განსაცდელია – განსაცდელი კი მუდამ გვაძლიერებს! უნდა  გვახსოვდეს, რომ ცხოვრებაში მუდმივად არის დიდი და მცირე განსაცდელები, რომლებიც , როგორც იტყვიან, თუ არ გვკლავენ ( კოვიდი კი არ არისო მთლად დაუნდობელი  და ცივსისხლიანი   „ქილერი“ – გვამშვიდებენ პროფესიონალები!) , გვაძლიერებენ!- ამიტომ უნდა გავხსოვდეს, რომ ეს განსაცდელი ჩვენ გვაძლიერებს და ახალი განსაცდელის პირისპირ მეტად მომზადებულები ვდგებით!

მესამე და არანაკლებ მთავარი – კორონას ამარცხებს განწყობა , რომელიც შენს ხელშია!

აქ სასარგებლოა ,  გავიხსენოთ ჩვენი  ფსიქოლოგიური სკოლის სიამაყე და საერთაშორისო მნიშვნელობის მეცნიერი და მოაზროვნე  დიმიტრი უზნაძე და მისი უკვდავი „განწყობის თეორია“ – დიდი მნიშვნელობა აქვს წინასწარ განწყობას და თუ გონებას დააჯერებ, რომ  რაგინდ გამოიკეტო უკვდავი კაშჩეივით ციხე-კოშკში, ვირუსი აუცილებლად მოგძებნის, შემოგეყრება ყივჩაღივით ყორღანებთან და დაგცემს ორივე ბეჭზე … უნდა განიმსჭვალო ერთი მტკიცე  რწმენით, რომ ეს პაწია, სრულიად ორიგინალური  კონფიგურაციის თავგასიებული ბუსუსა კორონა , ბავშვის სათამაშოს რომ ჩამოჰგავს  ვიზუალით,  უძლურია შენი ნებელობის წინაშე და თუ მაინც ეჭვი გეპარებათ საკუთარ შესაძლებლობებში , „დარჩით სახლში!“ და მკაცრად და პედანტურად შეასრულეთ პროფესიონალთა და ხელისუფალთა რეკომენდაციები.

მეოთხე, კორონა წარმავალია, კაცობრიობა – მარადიული!

მუდმივად უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერი წარმავალია და შესაბამისად, „ესეც გაივლის“, უბრალოდ, კარგი იქნება თუ ჩვენ ( ან ჩვენი მიზეზით,- სხვა ირგვლივმყოფი !) არ გავხდებით მსოფლიო სტატისტიკის შემადგენელი ნაწილი და ამით არ მივეჭყლიტებით ისტორიის ფურცლებს- მერწმუნეთ,  ამისთვის სხვა გაცილებით უკეთესი ასპარეზი არსებობს ადამიანთა წინაშე, თუნდაც სრულიად უპრეტენზიო და უწყინარი „სახლში დარჩენა“, რომელიც სრულებით არ ნიშნავს ტახტზე უსაქმურად კოტრიალს!

მეხუთე,   გიხაროდეს, რომ  არსებობ! …ანუ მარტივად, რომ ვთქვათ, შევთანხმდეთ, რომ შეიძლება , უარესიც მოხდარიყო!

მუდმივად უნდა გვახსოვდეს, რომ კაცობრიობის ისტორიაში ჩვენ მხოლოდ მდოგვის პაწია მარცვალი ვართ , რომელიც   მნიშვნელოვანია კონკრეტულ დროსა და სივრცეში და სრულიად შეუმჩნეველი მარადისობასთან მიმართებაში , ამიტომ მიკროსკოპში ყურების ნაცვლად , დროის ფართო პანორამა წარმოვიდგინოთ და აღმოვაჩენთ, რომ მიუხედავად „უხილავ მტერთან“ პირისპირ ბრძოლისა და კარანტინისა და კომენდანტის საათის მკაცრი აკრძალვებისა, ლარის ინფლაციისა და ფასთა რეკორდული მატებისა, თანამედროვე მსოფლიო გამოწვევებისა და სხვა ათასი „დიმპიტაურ-დამპიტაურისა“ ,არც თუ ყველაზე ტრაგიკული ბედის არსებები ვართ, თუნდაც იმიტომ რომ მეც და თქვენც  გვეიღბლა, რომ აგერ მაგალითისათვის, ,  მე ვწერ და თქვენ კი კითხულობთ  ჩემს მოკრძალებულ  რჩევებს , უფრო სწორედ ნაფიქრალს, მის უდიდებულესობა „კორონაზე“…

მეექვსე, გახსოვდეს, „ადამიანი მაინც მარტოა!“

თუ დავფიქრდებით მივხვდებით, რომ ყოველგვარი იზოლაციისა და კარანტინის გარეშეც ადამიანი მარტოსული არსებაა… ის მარტოა მაშინაც კი, როცა მრავალფეროვან საზოგადოებაში ტრიალებს და აქტიურადაა ჩართული ცხოვრებისეულ რუტინაში, მარტოა მაშინაც, როდესაც , თავად აქტიური, სხვასაც ააქტიურებს და აიძულებს იმოძრაოს, იფიქროს, აკეთოს, იცოცხლოს და იცხოვროს როგორც შეუძლია … ადამიანი მარტოა სიცოცხლის და სიკვდილის პირისპირ და ამ სიმარტოვეში თვლემს სიკვდილ-სიცოცხლის იდუმალება და ხიბლი… ადამიანი მარტოა მაშინაც, როცა ძალისხმევას არ იშურებს არ დარჩეს მარტო ,რადგან ამით კიდევ უფრო მეტად განამტკიცებს ადამიანური სიმარტოვის გარდუვალობას , ამიტომ ის რაც ადამიანური ბუნებისთვის ჩვეულებრივი და ორგანული მდგომარეობაა, შეუძლებელია თრგუნავდეს და ტვირთად აწვეს მას: უბრალოდ, უნდა შეგვეძლოს, დავინახოთ ამ სიმარტოვეში მისი ღირსებები და უპირატესობები ,რაც თავისუფლებასთნააა წილნაყარი – მარტოდ ყოფნა არ ნიშნავს სასიცოცხლო უნარების შეკავებას: ფიქრს, აზროვნებას, დიალოგს, უფრო მეტიც, მარტობაა გარკვეულწილად თავისუფლებაა, რადგან  გაიძულებს შეხედო საკუთარ თავს დისტანციიდან და შეაფასო , ამისთვის კი უნდა შეჩერდე და მცირე ხნით მაინც ამოერთო ცხოვრების თავბრუსდამხვევი მარათონიდან ,რისი შანსი მხოლოდ რჩეულთა ხვედრი იყო, რომ არა ეს ჯანდამწვარი კოვიდ-19 …

მეშვიდე, გახსოვდეს, რომ კორონა მხოლოდ შედეგია, რომელიც ცვლილებას ექვემდებარება!

უნდა გვახსოვდეს, რომ როცა რაღაც შედეგი დგება, ის მუდამ კონკრეტული ქმედებების ლოგიკური გაგარძელებაა და კაცმა რომ თქვას, განა კორონას ბრალია, ის რაც დაივიწყა ან უარყო კაცობრიობამ, თუნდაც წარსულის (სულ ახლო წარსულის !) გაკვეთილები…ამიტომ მიზეზ-შედეგობრიობის ჭრილში  შევხედოთ ამ ვირუსს და  სულ იოლად მივხვდებით, რომ რაც დავთესეთ, იმას მოვიმკით !

მერვე, გახსოვდეს, რომ მარტო კი  ხარ , მაგრამ არა განსაცდელის პირისპირ! რასაკვირველია, ვერაფერი შეღავათია , რომ ის, რაც ხდება ყველგან, შენთანაც  გაშინაურდა, ანუ განსაცდელის პირისპირ   ყველა ქვეყანა, მდიდარიც და ღარიბიც, ძლიერიცა და სუსტიც, მცირეც და გაშლილ-გადატყორცნილი კიდით-კიდემდე  თანასწორია ,  და ხალხი, სადაც მძვინვარებს პანდემია ერთ ბედ ქვეშაა , მაგრამ მაინც მნიშვნელოვანია გავიაზროთ ჩვენი სირთულეებისა და საჭიროებების მასშტაბები, ის, რითაც მოვედით დღემდე და ის რაც ბუნდოვანია, მაგრამ მჯერა, რომ დაძლევადი … უფრო მეტიც , ამ დავარცხნილ ქვეყნებს ნაკლები იმუნიტეტი აღმოაჩნდა ჩვენს მკაცრ ისტორიულ პერიპეტიებში გამოჯეკილ ქვეყნებთან შედარებით… მახსოვს, 90-იანებში ჩემი ახლობელი სორბონაში მიიწვიეს ლექციების წასაკითხად და დიდხანს უხსნიდა მასპინძელს რა დღეში იყო მისი ქვეყნა, უამბობდა თვითნაკეთი ღუმელებისა და გამოგონილი ნამცხვრის რეცეპტიების შესახებ, საბურავების კოცონის რიჟრაჟში დათენებულ ღამეებზე პურის რიგებში და 2  საათიანი ახსნის შემდეგ, როცა მასპინძელმა გაოცებულმა ჰკითხა, რას აკეთებ, როცა დენი არ გაქვს და ინტერნეტი გეთიშებაო, მიხვდა, რომ მისი ყველა მონდომება დაეხატა ქართული აპოკალიფსი , ამაო იყო…ასე რომ ყველაფერი შედარებითია, თვით იმგვარი განსცდელიც კი, როგორიც კოვიდ-19-ია !

მეცხრე, გახსოვდეს , რომ სხვაც ადამიანია ! კორონა გამოცდაა არა მხოლოდ პლანეტის, მსოფლიოს, ერთი რომელიმე  ქვეყნის, არამედ, სათითაო ადამიანისათვის  და მისი მოთვინიერება ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, უპირველესად, ადამიანად დარჩენაზე!  – დღეს არა მხოლოდ შინ დარჩენაა გმირობა, გმირობაა  ასევე , არ გახდე მდაბიო ინსტინქტების , ცრუ  ფასეულობების მატარებელი, ღირსებაყრილი მასის ნაწილი, არ ნიველირდე , ყველაზე მარტივად, არ დაიტაცო საკვები ან საყოფაცხოვრებო მოხმარების საგნები, და მიხვდე, რომ  არაფრად გინდა გამოძეძგილი მაცივარი და ლამის შპალერად გამოსადეგი ტუალეტის ქაღალდი  შენაძენის რაოდენობითა და მასშტაბებით, როცა ამ მოცემულობაში არ გახსენდება ის სხვა, გულზე მჯიღს რომ იცემდი სულ ცოტა ხნის წინ მისი ერთგულების ფიცით და სადღეგრძელოებად იღვრებოდი მისი კეთილდღეობის ნატვრაში – ერთი სიტყვით, გახსოვდეს, მეზობელი, მეგობარი, ნათესავი, უბრალოდ,  რიგითი მოყვასი! …

მეათე, გახსოვდეს, რომ  კორონა ერჩის სუსტს და უფრთხის ძლიერს! ეცადე გაძლიერდე სულიერად, ფიზიკურად, სხეულით, გონებით – შეიმეცნე სამყარო და საკუთარი თავი და დატკბი იმით, რაც მოცემულ მომეტში გიბოძა უფალმა,იღბალმა, განგებამ,  წინაპარმა, საკუთარმა თავმა ანუ ეძებე, დაინახე  და აღმოაჩინე ღვთიური ყველგან და ყველაფერში, მათ შორის საკუთარ თავში …

მეთერთმეტე , – იფიქრე  მომავალზე და არა მარტო დღევანდელ დღეზე!  – იმაზე, რა იქნება ხვალ,ზეგ, მაზეგ, და იმის მერეც,  როცა გადაივლის ქარიშხალი და „ზღვა“ დაწყნარდება, ამოვა მზე და გაანათებს ქარიშხლის მსახვრალ შედეგებს – ბერტოლდ ბრეჰტს აქვს უნივერსალური  ფრაზა თავის „კავკასიურ ცარცის წრეში“- „ომი დათავრდა, მშვიდობის გეშინოდეთ, ხალხო!“  ჰოდა, იომე და თან ემზადე მშვიდობისათვის!

და მეთორმეტე და ბოლო ! – გწამდეს გულით და გონებით , სწორედ, იმ „გულწრფელი სუბიექტურობით“, „ობიექტურ ჭეშმარიტებამდე“ რომ მიგიყვანს და დაგამარცხებინებს ნებისმიერ განსაცდელს, მათ შორის კოვიდ -19 კორონად წოდებულს ! !

 

 

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close