მაყაშვილების ციხე – დარბაზის კომპლექსი მდებარეობს სოფელ რუისპირის სამხრეთით

მაყაშვილების ციხე – დარბაზის კომპლექსი მდებარეობს სოფელ რუისპირის სამხრეთით, მდინარე თურდოს მარცხენა ნაპირას, ნასოფლარ არტოზანის ტერიტორიაზე.
ციხე გეგმით ოთხკუთხა ფორმისაა, რომლის ოთხივე კუთხეში ცილინდრული კოშკი დგას. ციხეს შესასვლელი ორი მხრიდან აქვს: ცენტრალური – დასავლეთ კედელში, ხოლო მცირე კარი ჩრდილოეთ კედელშია განთავსებული.
კარის ღიობები აგურითაა ამოყვანილი. გალავნის კედლები ორ იარუსიანია, რომლის პირველი სართული ყრუა, ხოლო მეორე სართული საბრძოლო დანიშნულების იყო.
კედლებსა და კოშკების მეორე სართულზე დატანილია სათოფურები.
ციხის შიდა ტერიტორიაზე შეიმჩნევა სასახლის და მეორეხარისხოვანი ნაგებობების ნაშთები. მთავარი შესასვლელის სიახლოვეს დგას კარის დარბაზული ეკლესია.
კომპლექსი ეკუთვნოდა ადგილობრივ ფეოდალებს – მაყაშვილებს და თარიღდება XVIII საუკუნის შუა ხანებით.