დღის ამბები

თელავის მუნიციპალიტეტში მუსიკათერაპიის დაფინანსების ქვეპროგრამა იქმნება

თელავის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამას მუსიკათერაპიის სარეაბილიტაციო კურსის დაფინანსების ქვეპროგრამა ემატება. მერიის მიერ ინიცირებული პროექტი საკრებულომ უკვე დაამტკიცა. მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსის, განმარტებით, წარმოდგენილი ცვლილების პროექტის მიზანია თელავის მუნიციპალიტეტში მუსიკათერაპიის დანერგვა,

რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისა და მოზარდების განვითარებაში.

გიორგი ენუქიძის ინფორმაციით, ქვეპროგრამა ითვალისწინებს წლის განმავლობაში თითოეული ბენეფიციარისთვის მუსიკათერაპიის არანაკლებ ერთი სარეაბილიტაციო კურსის დაფინანსებას და ბენეფიციარის სპეციალური სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციიდან გამომდინარე, წლის განმავლობაში განმეორებით მეორე კურსის დაფინანსებას.

„მუსიკათერაპია გამოიყენება განვითარების სხვადასხვა ტიპის დარღვევის მქონე ბავშვებისათვის (ასევე მოზრდილების) ევროპასა და ამერიკაში. იგი დაფუძნებულია ინტერაქციასა და მუსიკალურ დიალოგზე და მიზნად ისახავს მუსიკის საშუალებით ბავშვებთან კომუნიკაციის დამყარებას, უნარების განვითარებას, ქცევის მართვას, ემოციური რეგულაციების გაუმჯობესებას. ქვეპროგრამით მოსარგებლე სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული 1-დან 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობების და სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვები და მოზარდები. ინდივიდუალური თერაპიის ერთი კურსის ღირებულება, რომელშიც 15 თერაპიული სეანსი შედის, 750 ლარია. ჯგუფური თერაპიის ერთი კურსის ღირებულება, რომელშიც ასევე 15 თერაპიული სეანსი შედის, 500 ლარით განისაზღვრება“, – განაცხადა გიორგი ენუქიძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close