დღის ამბები

მცირდება თუ არა სურსათზე ფასები?

მცირდება თუ არა სურსათზე ფასები?

პრემიერ-მინისტრის თქმით, მას შემდეგ რაც სურსათის ფასების რეგულირებასთან დაკავშირებით კანონპროექტი დაანონსდა, ძირითად პროდუქტებზე ფასები 20-30%-ით შემცირდა და მოლოდინია, რომ უახლოეს პერიოდში კლება გაგრძელდება.

მცირდება თუ არა სასურსათო პროდუქტების ღირებულება და რა გავლენას ახდენს მთავრობის დონეზე გაკეთებული განცხადებები? – ამ კითხვაზე პასუხისას საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნესს ასოციაციის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ რიგ პროდუქტებზე ფასების შემცირების მიზეზი გააქტიურებული სააქციო შეთავაზებები ხდება, რომელსაც უფრო ინტენსიური ხასიათი აქვს, ვიდრე გასულ პერიოდებში.

„განცხადებაზე კომენტარის გაკეთება გამიჭირდება, ასოციაცია ვარ და ციფრებში ვერ ჩავშლი. შეიძლება რომელიღაც კომპანიამ დააკლო რაღაცას 25%, ვიღაცამ 5% და ა.შ. პრემიერს რა ინფორმაცია მიაწოდეს ვერ გეტყვით, თუმცა მას შემდეგ, რაც პირველად გაჟღერდა პრემიერის მხრიდან ამ თემაზე ინიციატივა, ჩვენი მხრიდან კონსტრუქციულად იქნა ახსნილი თუ რა იწვევს მაღალ ფასნამატს. აქ არ არის ვინმეს ბრალეულობა. რაღაც რესურსი, რაც გვაქვს, ვიყენებთ სააქციო ფასებში, რასაც დღეს მოსახლეობა ხედავს, ფაქტობრივად ყველა პირველადი მოხმარების პროდუქტებზე რომ შეხვიდე არის ფასდაკლება. ანუ კომპანიები ვაცხადებთ თანხმობას რითეილთან ერთად, 5%-ს აკლებს რითეილი, 5%-ს დისტრიბუცია, ანუ შეთანხმებულად ხდება და თუ პირობითად აქამდე იყო კვარტალურად, ახლა პერმანენტული ხასიათი მიიღო და თვალშისაცემია.

ამას გარდა საერთაშორისო ბაზარზე გარკვეულ პროდუქტებზე, შემცირების ტრენდიც არის, თუმცა არა ისე, რომ მომენტალურად 20-30%-ით მომხდარიყო გაიაფება. პირველ ეტაპზე მაქსიმალურად ვცდილობთ ხელმისაწვდომი ფასები მიიღოს მოსახლეობამ აქციებიდან გამომდინარე, გრძელვადიან პერსპექტივაში გვექნება მსჯელობა პირველადი მოხმარების პროდუქტებზე გვქონდეს წახალისება თუ მივიღოთ დახლზე ფიქსირებული ფასით.

რაც შეეხება რეგულირებას, ის არ მოიაზრებს ფასების კონტროლს და ევროდირექტივაში ეს არ წერია, აქ საუბარია რითეილ სექტორსა და სადისტრიბუციო ქსელს შორის ურთიერთობის ფორმაზე, რომელიც გრძელ ვადაში სტაბილურ ფასს გამოიწვევს,“ -განაცხადა ჭყონიამ.

კითხვაზე,- იყო თუ არა შესაძლებელი მსგავსი ფასდაკლებები სექტორს მომხმარებლისთვის მთავრობის მიერ წარმოდგენილ ინიციატივამდე გაეკეთებინა, ჭყონია შემდეგ განმარტებას აკეთებს:

„შესაძლებლობა გამოიკვეთა ანუ რესურსი გადასროლილი იქნა პირველადი მოხმარების პროდუქტებზე, პირობითად თუ ტკბილეულიც შეგვქონდა და იქაც გათვალისწინებული იყო ფასდაკლებები, დღეს კომპანიებმა გადაწყვიტეს, რომ ეს რესურსი გამოვიყენოთ პირველზე და არ გავაკეთოთ მაგალითად წვენზე, შოკოლადზე და ა.შ.“ – განაცხადა ივა ჭყონიამ.

ფასების კლების ტრენდს სააქციო შეთავაზებებითა და ფასდაკლებებით ხსნის რითეილ ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი სოფიო ქაშაკაშვილიც, რომელმაც  განმარტა, რომ ყველა სავაჭრო ობიექტს თავისი ინდივიდუალური პირობა აქვს.

„რითეილერების მთავარი ამოცანაა მომხმარებელს კონკურენტული ფასები შესთავაზოს, რადგანაც საკმაოდ დიდი კონკურენციაა. სისტემატიურად ხდება ფასების გადახედვა, გამუდმებით მიდის მუშაობა მომწოდებლებსა და ქსელებს შორის, რომ მომხმარებელს შევთავაზოთ საუკეთესო ფასი. სააქციო პირობები მუდმივი პროცესია, ახლა გააქტიურებულია პირველად მოხმარების პროდუქტებზე. აქციები თავიდანვე ჩადებულია პირობებში მომწოდებლებსა და ქსელებს შორის, წინასწარ ხდება გავლა თუ რა პროდუქტთან მიმართებით რა ფასდაკლებაა შესაძლებელი,“ – აცხადებს ქაშაკაშვილი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close