მსოფლიო

ევროპელი მინისტრები ევროკავშირს ქართველი და მოლდოველი ოლიგარქების დასანქცირებისკენ მოუწოდებენ – Politico

ევროპელი მინისტრები ევროკავშირს ქართველი და მოლდოველი ოლიგარქების დასანქცირებისკენ მოუწოდებენ - Politico

ორშაბათს, რამდენიმე ევროპელმა მინისტრმა ევროსაბჭოს ქართველი და მოლდოველი ოლიგარქების დასანქცირებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ Politico წერს.

„ეს ორი ქვეყანა დესტაბილიზაციის საფრთხის წინაშე დგას, რაც ჩვენს დიდ წინდახედულებას მოითხოვს“, – განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კეტრინ კოლონამ, ევროსაბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ.

ცნობისთვის, ორი კვირის წინ თბილისში დემონსტატებმა ე.წ. „აგენტების კანონპროექტის“ გაწვევის მოთხოვნით საპროტესტო აქციები გამართეს. კანონპროექტს მხარი „ქართულმა ოცნებამ“ დაუჭირა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაც სახელისუფლებო პარტია რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობაში დაადანაშაულა.

პარტიის დამფუძნებელი, ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილია, რომელმაც თავისი ქონების დიდი ნაწილი 90-იან წლებში სწორედ რუსეთში დააგროვა.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ურმას რეინსალუს განცხადებით, ევროსაბჭო ვალდებულია, მოლდოვის პრორუს ოლიგარქებს სანქციები დაუწესონ.

შეგახსენებთ, რომ მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი გასულ ივნისს უკრაინასთან ერთად მიენიჭა – საქართველოს კი, კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე რეფორმების განხორციელება მოუწევს, მათ შორის ოლიგარქების პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენის შეზღუდვა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close