პოლიტიკა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს მხარი დაუჭირა.

კანონპროექტის განხილვა რამდენიმე საათის განმავლობაში ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.

ინფორმაციისთვის, კანონპროექტები წარდგენილია „ხალხის ძალიდან“ უმრავლესობის წევრი დეპუტატების: – სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, დაჩი ბერაიას, ვიქტორ ჯაფარიძის, ეკა სეფაშვილის, დავით კაჭარავას და ზაალ მიქელაძის მიერ.

პარლამენტში თავდაპირველად „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დარეგისტრირდა. აღნიშნული კანონპროექტი „გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“, უცხოური გავლენის აგენტებად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა (20%-ზე მეტი) უცხოეთიდან არის მიღებული.

კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც „უცხოური გავლენის აგენტად“ მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. ამავდროულად, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ.

კანონპროექტი „უცხოური გავლენის აგენტის გამოსავლენად” იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებას ანიჭებს ნებისმიერ დროს კვლევა ჩაატაროს და საკითხის შესწავლა-მონიტორინგი განახორციელოს.

ამავე პროექტით, მონიტორინგის დაწყების საფუძველი იქნება იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილება და იუსტიციის სამინისტროსთვის წარდგენილი წერილობითი განცხადება, რომელიც „კონკრეტულ უცხოური გავლენის აგენტთან დაკავშირებულ სათანადო მინიშნებას შეიცავს“.

უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის შეუვსებლობა გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით. პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები: – იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას – 10 ათასი ლარი; დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არგამოსწორების შემთხვევაში – 10 ათასი ლარი; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა – 20 ათასი ლარი.

რაც შეეხება რიგით მეორე – „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტს, აღნიშნული პროექტის გათვალისწინებით, უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ექნება, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს.

„უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და იქნება დასჯადი ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით – 5 წლამდე ვადით.

პროექტის თანახმად, სუბიექტები, რომლებიც კანონპროექტით დადგენილ უცხოური ძალის აგენტის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, ვალდებული ხდებიან, გენერალურ პროკურორს მიმართონ და უცხოური ძალის აგენტად დარეგისტრირება მოითხოვონ.

აღნიშნული კანონის მოქმედება არ გავრცელდება დიპლომატებზე, კონსულებზე და დიპლომატიური სამსახურისა და საკონსულო დაწესებულების თანამშრომლებზე. კანონი ასევე არ შეეხება უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებს, პირს, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა და პირს, „რომელიც რელიგიურ, საგანმანათლებლო, მეცნიერულ, აკადემიურ ან სახელოვნებო საქმიანობას კეთილსინდისიერად ეწევა“

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close