Home დღის ამბები განათლება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სამ საგანში ცვლილებები შედის

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სამ საგანში ცვლილებები შედის

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის სოფიო გორგოძის განცხადებით, წელს, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის 3 საგნის ფორმატში მცირედი ცვლილება არის შესული და სჯობს, აბიტურიენტები ამ სიახლეებს გაეცნონ.

როგორც გორგოძემ ბრიფინგზე განაცხადა, ცვლილებები ისტორიის, უცხო ენისა და მათემატიკის გამოცდებს შეეხება.

„წელს ფორმატის მცირედი ცვლილება არის მხოლოდ 3 საგანში, ეს გახლავთ ისტორიაში, უცხო ენასა და მათემატიკაში. ფორმატის მნიშვნელოვანი ცვლილებები არ არის, მაგრამ აბიტურიენტებისთვის ალბათ, მნიშვნელოვანია, რომ გაეცნონ. საგამოცდო დრო არ შეცვლილა”, – განაცხადა გორგოძემ.

ამასთან, მისივე თქმით, რაჭაში, კერძოდ, ამბროლაურში წელს ახალი საგამოცდო ცენტრი გაიხსნა.

„ძალიან დიდი მოთხოვნა იყო ამასთან დაკავშირებით ადგილობრივი მოსახლეობისგან და გათვალისწინებული იქნა ეს მოთხოვნა. ამის თაობაზე 2 წლის წინ დაიწყო საუბარი, მუშაობა და წელს შევძელით, რომ ეს გაგვეკეთებინა”, – განაცხადა გორგოძემ.

მისი განმარტებით, საგამოცდო ცენტრების რაოდენობა ყოველ წელს მცირედით იცვლება. როგორც სოფიო გორგოძემ განაცხადა, წელს 27 საგამოცდო ცენტრი გაიხსნება.