განათლება

საქართველოში სტუდენტების 33.5%-ს სტატუსი შეჩერებული აქვს – რამდენ პროცენტს შეუჩერდა ფინანსური დავალიანების გამო

საქართველოში სტუდენტების 33.5%-ს სტატუსი შეჩერებული აქვს - რამდენ პროცენტს შეუჩერდა ფინანსური დავალიანების გამო

საქართველოში სტუდენტების 33.5%-ს სტატუსი შეჩერებული აქვს. საუბარია ბაკალავრიატის საფეხურზე მყოფ სტუდენტებზე – ეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალური პასუხია პარტია ,,საქართველოსთვის” დეპუტატ ანა ბუჩუკურის კითხვაზე.

უწყების ცნობით, 13.02.2023-ის მდგომარეობით განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემთა ბაზაში ბაკალავრიატის საფეხურზე ფიქსირდება 178 450 სტუდენტი, რომელთაგან სტატუსი შეჩერებული აქვს 68 491 სტუდენტს, ხოლო მათგან 28 590-ს 11.8%-ს – ფინანსური დავალიანების გამო.

,,ფინანსური დავალიანების გამო სტატუსშეჩერებული სტუდენტებიდან 1064 პირი არის უცხო ქვეყნის მოქალაქე; 851 პირს აქვს აქტიური სტატუსი სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე; 1031 სტუდენტის სტატუსის შეჩერებიდან გასულია 5 წელზე მეტი; 754 სტუდენტს სტატუსი შეჩერებული აქვს 2 ან მეტ საგანმანათლებლო პროგრამაზე; 2702 სტუდენტს მოპოვებული აქვს სახელმწიფო-სასწავლო-სოციალური გრანტი; ხოლო 1051 სარგებლობდა პრიორიტეტული პროგრამული დაფინანსებით. ამგვარად, წარმოგიდგენთ ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით დათვლილი მონაცემების ცხრილს 13.02.2023-ის მდგომარეობით” – წერია უწყების პასუხში.

ინფორმაციისთვის, სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველი შესაძლოა, იყოს სტუდენტის პირადი განცხადება (მიზეზის მითითების გარეშე); უცხო ქვეყანაში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა, გარდა გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სწავლისა; ორსულობა, მშობიარობა, ბავშვის მოვლა ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება; ფინანსური დავალიანება ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით გათვალისწინებული სხვა გარემოება

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close