დღის ამბები

პროფესიები, რომლებიც შესაძლოა, ხელოვნურმა ინტელექტმა ჩაანაცვლოს

პროფესიები, რომლებიც შესაძლოა, ხელოვნურმა ინტელექტმა ჩაანაცვლოს

OpenAI-ის ChatGPT-ის ერთხელ გამოყენებაც კი საკმარისია იმის დასანახად, რომ ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები ნამდვილად მრავალფეროვანია – მას შეუძლია დაგიწეროთ ესსე, სამოტივაციო წერილი, შექმნას ტექსტიდან ფოტო, კონტენტი თქვენი სოციალური მედიისთვის თუ სხვა.

დღეს ხელოვნური ინტელექტის ბუმია – ChatGPT-ის გარდა, არსებობს და იქმნება ათობით სხვა პლატფორმა, რომელთაც განსხვავებული შესაძლებლობები აქვთ და ადამიანებს საქმეს უმარტივებენ.

მართალია, ხარვეზებიც უხვადაა და არსებობს დეზინფორმაციის, არასწორი პასუხების პრობლემა, თუმცა პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია. ამ ხელსაწყოების მზარდი გამოყენება ეკონომიკის მრავალ სექტორში, ცხადია, აჩენს ეჭვებს, რომ შესაძლოა, ზოგიერთი პროფესია სამომავლოდ სწორედ ხელოვნურმა ინტელექტმა ჩაანაცვლოს.

მიუხედავად იმისა, რეალისტურად ჩანს ეს თუ არა, შორეული პერსპექტივაა თუ ახლო, გადავხედოთ იმ პროფესიების ჩამონათვალს, რომელთა ხელოვნური ინტელექტის მიერ ჩანაცვლებას მსოფლიოს წამყვანი ბიზნეს მედიები განიხილავენ.

ქარხნის მუშები

შეიძლება ითქვას, ეს პროცესი უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს. წარმოებაში რობოტების გამოყენებას იმაზე დიდი ისტორია აქვს, ვიდრე ჩვენ გვგონია და პირველად ეს General Motors-მა გააკეთა 1962 წელს.

მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. მწარმოებლებმა საკუთარ ქარხნებში რობოტების მასობრივი გამოყენება დაიწყეს და ზოგიერთი მათგანი სრულად ავტომატიზებულიც კია.

თუმცა რობოტებსა და ხელოვნურ ინტელექტს შორის ერთი მნიშვნელოვანი განსხვავებაა. რობოტი ერთი კონკრეტული დავალების შესასრულებლად გამოიყენება, მაგალითად, მძიმე ნაწილების გადასაზიდად და არა გამოსადეგი იმგვარ სიტუაციებში, რომლებიც გადაწყვეტილების მიღებას მოითხოვს.

სწორედ აქ ერთვება საქმეში ხელოვნური ინტელექტი. რობოტებისა და ხელოვნური ინტელექტის სინთეზი იძლევა შესაძლებლობას, რომ ადამიანებს თავი აარიდებინოს განმეორებითი და საშიში საქმის კეთებისგან.

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანური შრომის სრულად ჩანაცვლება შეუძლებელია, სამომავლოდ ქარხნებში მათი რაოდენობის კლება არ უნდა გაგვიკვირდეს.

კურიერები

ერთ-ერთი წამყვანი კომპანია, რომელიც ავტომატიზაციის პედალს აჭერს ფეხს, Amazon-ია. ჯეფ ბეზოსისთვის მასშტაბებისა და ეფექტურობის ზრდისთვის რობოტებისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენების საჭიროება ცხადია.

მიტანის სერვისი ეკონომიკის ის სექტორია, რომელიც აღმასვლის გზას ონლაინ საცალო ვაჭრობის პოპულარობის ზრდასთან ერთად დაადგა და ავტომატიზაციისთვისაც ძალიან კარგადაა შესწავლილი.

დამამზადებლიდან მომხმარებელთა მისამართებამდე მარშრუტის შედგენა ხელოვნურ ინტელექტს მარტივად შეუძლია. იმგვარი პროგრამები, როგორიც Google Maps-ია, უკვე მრავლადაა და მას მიმტანებიც იყენებენ დანიშნულების ადგილამდე სწრაფად მისასვლელად.

ყველაფერი მაშინ რთულდება, როდესაც საქმე ადამიანის მონაწილეობის გარეშე მიტანას ეხება. ამ პრობლემის გადასაჭრელად უკვე ბევრი კომპანია მუშაობს და მილიარდობით დოლარსაც ხარჯავს. Tesla უკვე წლებია თვითმართვადი ტექნოლოგიის განვითარებაზე მუშაობს, ისევე როგორც General Motors-ი და Alphabet-ი.

ახლა ეს არც ისე რეალურად ჩანს, თუმცა არსებობს მყარი საფუძველი, რომ სამომავლოდ ამ ტექნოლოგიების კომბინაციამ კურიერები სამსახურის გარეშე დატოვოს.

საინვესტიციო ანალიტიკოსები

ფინანსურ ინდუსტრიაში საქმის უდიდესი ნაწილი მონაცემების შეგროვებაზე, კატეგორიზებასა და ანალიზზე მოდის. ეს კი ბევრ შრომასა და დროს მოითხოვს, ამასთან, ინფორმაციის დამუშავებისას ადამიანის რესურსი შეზღუდულია და ყოველთვის არსებობს შეცდომის დაშვების ალბათობა.

ერთი არასწორად დაწერილი ციფრი და შესაძლოა, დეტალური ანალიზი წყალში ჩაგეყაროს. ხელოვნური ინტელექტის უპირატესობა კი ისაა, რომ მას შეუძლია უფრო სწრაფად დაამუშაოს მეტი მონაცემები და მიიღოს გადაწყვეტილებები ისტორიაში არსებული მასობრივი მონაცემების მიხედვით.

ცხადია, ისევე როგორც ამ სიის სხვა პროფესიების მსგავსად, ეს არ გულისხმობს, რომ რეალური სამსახურები აღარ იარსებებს.

მართალია, ხელოვნურ ინტელექტს კვლავ სჭირდება პარამეტრების დადგენა, რომლის ფარგლებშიც იმუშავებს და სტრატეგიის განსაზღვრა, რაც ადამიანის გარეშე არ გამოვა, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში ამ საქმიანობის ნაწილის ჩანაცვლება კომპლექსურ ალგორითმებს დანამდვილებით შეეძლებათ.

მომხმარებელთა დახმარების სერვისში დასაქმებულები

ბოლო წლებში სხვადასხვა პლატფორმაზე ჩეტბოტების გამოყენებამ მკვეთრად იმატა. ბევრ ვებგვერდზე იმ საქმეს, რომელსაც აქამდე ადამიანები ასრულებდნენ, ახლა სწორედ ხელოვნური ინტელექტი ანაცვლებს და საბაზისო კითხვებზე საპასუხოდ თუ დახმარების მისაღებად ადამიანური კაპიტალი საჭირო აღარაა.

ჩეტბოტებს მრავალ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ ჩვენი დახმარება და მზა პასუხების მოწოდება საჭიროების შესაბამისად, თუმცა უფრო კომპლექსურ საკითხებთან დაკავშირებით ადამიანის დახმარება აუცილებელი ხდება.

მიუხედავად ამისა, დროთა განმავლობაში, მოსალოდნელია, რომ ტექნოლოგია, რომელიც ენობრივ მოდელებს ეყრდნობა, კიდევ უფრო დაიხვეწება და ადამიანთან ინტერაქცია სულ უფრო ნაკლებად გახდება საჭირო. ეს კი, შესაძლოა, ამ სფეროში დასაქმებულთათვის ცუდი ამბავი საერთოდ არ იყოს, რადგან მომხმარებლების წუწუნის მოსმენა მათ ნაცვლად ხელოვნურ ინტელექტს მოუწევს.

დაცვის თანამშრომლები

უსაფრთხოება ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო და იქნება, ბიზნესებს და სახლებს დაცვა ყოველთვის დასჭირდება, თუმცა ხელოვნური ინტელექტის მიერ ადამიანის როლის ჩანაცვლება აქაც შესაძლებელია.

იმგვარი ტექნოლოგიები, როგორებიცაა სახისა და ადამიანის ქცევების ამომცნობი სისტემები ხელოვნურ ინტელექტს საშუალებას აძლევს პოტენციური საფრთხეები გააკონტროლოს. ეს ინფორმაცია შემდეგ ავტომატური დაცვითი მოწყობილების, მაგალითად, ჟალუზების გასააქტიურებლად შეიძლება იქნეს გამოყენებული.

ამ ტიპის ტექნოლოგიებს უკვე აქტიურად იყენებენ სამართალდამცავი ორგანოები ქალაქებში, სადაც მოსახლეობის მაღალი სიმჭიდროვეა. შესაბამისად, ტექნოლოგიების გაუმჯობესებასთან ერთად მათი კიდევ უფრო ხშირი გამოყენება ბევრ პრობლემას აგვარიდებს თავიდან.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close