დღის ამბები

როგორ მუშაობს გადახდისუუნარობის ახალი კანონი საქართველოში?

როგორ მუშაობს გადახდისუუნარობის ახალი კანონი საქართველოში?

2021 წლის 1-ლი აპრილიდან საქართველოში მოქმედებს გადახდისუუნარობის ახალი კანონი “რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“. ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი საქართველოში მომუშავე ბიზნესი ჩიხში შევიდა და ფინანსური ვალდებულებების დაკმაყოფილებას ვეღარ ახერხებს, მას აქვს შესაძლებლობა, ახალ საკანონმდებლო ინსტრუმენტებზე დაყრდნობით ეფექტიანად დაარეგულიროს კრედიტორებთან ურთიერთობა – მოახერხოს რეაბილიტაცია და სიცოცხლისუნარიანი დაუბრუნდეს ბაზარს ან, შესაბამის შემთხვევაში, გაკოტრდეს და გავიდეს ბაზრიდან. კანონის შედეგების შესახებ პუბლიკაციას „აისეტის“ კვლევითი ინსტიტუტი აქვენებს.

„აისეტის“ მკვლევარების შეფასებით, გადახდისუუნარობის ამ ახალმა კანონმა ჩაანაცვლა ძველი კანონმდებლობა, რომელსაც ბევრი მნიშვნელოვანი ხარვეზი ჰქონდა. მაგალითად, ძველ საკანონმდებლო ჩარჩოში გათვალისწინებული არ იყო სათანადო სტიმული გადარჩენის შანსის მქონე ბიზნესის რეაბილიტაციის წასახალისებლად; იგი ვერ აგვარებდა გადახდისუუნარობის საქმეებს სწრაფად და ვერ უზრუნველყოფდა კრედიტორთა სამართლიან რიგითობას; გარდა ამისა, ძველი კანონის ფარგლებში საქმის წარმოება უკავშირდებოდა არსებით დანახარჯებს. შესაბამისად, გადახდისუუნარობის ძველ კანონს უარყოფითი გავლენა ჰქონდა ქვეყანაში არსებულ ბიზნესგარემოზე.

აღნიშნული უარყოფითი ზეგავლენა გამოხატული იყო საქართველოს პოზიციით მსოფლიო ბანკის ყოველწლიური „ბიზნესის კეთების“ რეიტინგის გადახდისუუნარობის კომპონენტში. ბიზნესის კეთების სხვა მიმართულებებში არსებულ გამორჩეულად მოწინავე შედეგებთან შედარებით, საქართველო სხვა ქვეყნებს საგრძნობლად ჩამორჩებოდა გადახდისუუნარობის კომპონენტის დაბალი ქულით. მაგალითად, 2020 წელს საქართველო აღნიშნული რეიტინგის გადახდისუუნარობის კომპონენტში 64-ე ადგილს, ხოლო ბიზნესის კეთების სიმარტივის ზოგადი შეფასებით მსოფლიოში მე-7 ადგილს იკავებდა.

ზემოთ ჩამოთვლილი გამოწვევების ფონზე გადახდისუუნარობის ახალი კანონის მიმართ დიდი მოლოდინი გაჩნდა. აღნიშნული მოლოდინის სრულყოფილად შეფასება დროის საკითხია, თუმცა ახალი კანონის მიღებიდან თითქმის ორი წლის თავზე გარკვეული შედეგების შესახებ მსჯელობა უკვე შესაძლებელია.

წინამდებარე ბლოგი შეეცდება ხსენებული შედეგების მიმოხილვას რამდენიმე კრიტიკული ინდიკატორის გაანალიზების საფუძველზე. ბლოგში ასევე წარმოდგენილია გადახდისუუნარობის სფეროს ექსპერტთა მოსაზრებები რეფორმის მიმდინარეობასთან დაკავშირებით.

სასამართლოში მიმართვიანობის მაჩვენებელი

იმის შესაფასებლად, თუ როგორ მოქმედებს გადახდისუუნარობის ახალი კანონი, მნიშვნელოვანია, დავაკვირდეთ გადახდისუუნარობის საქმეთა წამოწყების მოთხოვნით რამდენჯერ მიმართეს საქალაქო სასამართლოებს სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლებმა ანუ როგორი იყო სასამართლოში მიმართვიანობის მაჩვენებელი.

ეკონომიკური განვითარების ნორმალურ ფაზაშიც კი ფირმათა გადახდისუუნარობის მდგომარეობა ჯანსაღი საბაზრო მოვლენაა. თუმცა, ბიზნესის გადახდისუუნარობა ლოგიკურად უნდა გახშირდეს ისეთი რეცესიული მდგომარეობის ფონზე, როგორიც პანდემიაა. ამდენად, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ გასული ორი წლის განმავლობაში სასამართლოში მიმართვიანობის მაჩვენებელი უნდა გაზრდილიყო.

სასამართლო საქმეთა რეგისტრაციის ელექტრონული პორტალის ecourt-ge-ს ანალიზიდან ნათლად ჩანს, რომ კანონის ამოქმედებიდან დღემდე სასამართლოს სულ 80-ჯერ მიმართეს გადახდისუუნარობის საქმეთა წამოსაწყებად.

სასამართლოში მიმართვიანობის აღნიშნული მაჩვენებელი ძველი კანონით რეგულირებული შესადარისი პერიოდის ანალოგიურ მონაცემს (151) მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება. ეს განსხვავება შესაძლოა, გამოწვეული იყოს ორი ფაქტორით: პირველ რიგში, სავარაუდოა, რომ კანონის გამოყენებაზე მოთხოვნა ბუნებრივად იყოს დაბალი, ვინაიდან ქვეყანაში დიდი რაოდენობით არ არსებობდეს ისეთი ბიზნესი, რომელიც პოტენციურად გადახდისუუნაროა. ეს განმარტება, სავარაუდოდ, ნაკლებად ლოგიკურია, ვინაიდან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბიზნესების გადახდისუუნარობა უახლესი წლების გარკვეულ მონაკვეთში მაინც უნდა გაზრდილიყო პანდემიის ფონზე არსებული რეცესიის გათვალისწინებით, მიუხედავად პოსტპანდემიურ ფაზაში დაფიქსირებული სწრაფი აღდგენისა.

წარმოდგენილი ტენდენციის მეორე პოტენციური ახსნა კანონის შესახებ ბიზნესის დაბალი ცნობადობაა – მიუხედავად იმისა, რომ ახალი კანონის მიერ შეთავაზებული მექანიზმების გამოყენება ბიზნესებს რეაბილიტაციაში დაეხმარებოდა, მათ, შესაძლოა, არ ჰქონოდათ საკმარისი ინფორმაცია საკანონმდებლო ჩარჩოს სარგებლისა და მისი ინსტრუმენტების თაობაზე. ამ გამოწვევის შესახებ ყურადღებას ამახვილებენ გადახდისუუნარობის დარგში მომუშავე ექსპერტებიც.

ბიზნესის რეაბილიტაციისა და გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ასოციაციის (BRIPA) თავმჯდომარის, ნანა ამისულაშვილის, განცხადებით: „სულ უფრო მეტი კომპანია ცდილობს, რომ ფინანსური პრობლემები ახალი კანონმდებლობის საშუალებით მოაგვაროს და რეაბილიტირდეს. თუმცა აუცილებელია, რომ ამ მიმართულებით ცნობიერება კიდევ უფრო გაიზარდოს და ბიზნესმა ეს შესაძლებლობები დროულად გამოიყენოს, როდესაც ფინანსური პრობლემები ახალი დაწყებულია და კომპანიას ჯერ კიდევ აქვს გარკვეული აქტივები“.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის მეორე ნახევრის განმავლობაში გადახდისუუნარობის საქმეთა წამოწყების შესახებ ბიზნესის მხრიდან სასამართლოში მიმართვიანობის მაჩვენებელი გაიზარდა, რაც პოზიტიური პროგნოზირების საშუალებას გვაძლევს – სავარაუდოდ, კანონს უფრო მეტი ისეთი ბიზნესი იყენებს, რომელსაც დახმარება ესაჭიროება და რეაბილიტაციის პოტენციალი აქვს.

რეაბილიტაციის რეჟიმის წილი წამოწყებულ გადახდისუუნარობის საქმეებში

გადახდისუუნარობის ახალი საკანონმდებლო ჩარჩოს წარმატების კიდევ ერთი საზომია, თუ რამდენად წაახალისებს იგი ბიზნესის რეაბილიტაციას ნაცვლად მათი გაკოტრებისა, ანუ ლიკვიდაციისა. რეაბილიტაციის ხელშეწყობა ახალი კანონის პირველი გაცხადებული მიზანია, რაც დასახელებიდანაც ჩანს – „კანონი რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“.

იმის დასადგენად, თუ რამდენად აღწევს ახალი კანონი ზემოხსენებულ მიზანს, შეგვიძლია დავაკვირდეთ, ახალი კანონის ფარგლებში, რა წილი აქვს რეაბილიტაციის რეჟიმით წამოწყებულ საქმეებს ჯამურად წამოწყებულ საქმეებთან შეფარდებით. 15 იანვრის მდგომარეობით, აღნიშნული მაჩვენებელი 35%-ს შეადგენს, რაც აღემატება წინა საკანონმდებლო ჩარჩოს ფარგლებში, შესადარის პერიოდში დაფიქსირებულ ანალოგიურ მონაცემს (10%).

ახალი კანონი ბიზნესის რეაბილიტაციის ხელშესაწყობად სხვადასხვა სტიმულს წარმოშობს, მათ შორის ერთ-ერთის შესახებ ყურადღებას ამახვილებს ნანა ამისულაშვილი (BRIPA): „ძველი კანონმდებლობა ითვალისწინებდა, რომ კომპანიას რეაბილიტაციის პროცესში ვალდებულებების 100% უნდა დაეფარა. პრაქტიკა კი აჩვენებდა, რომ ხშირად ეს შეუძლებელი იყო, რადგან საწარმოს ფიზიკურად არ გააჩნდა შესაბამისი აქტივები და ფულადი სახსრები. ახალი კანონი კი ამბობს, რომ კრედიტორთა თანხმობისა და შესაბამისი გეგმის დამტკიცების შემთხვევაში შესაძლებელია ვალდებულებების მოცულობის შემცირება და ამ გზით კომპანიის რეაბილიტაცია“.

ჯამურად, ახალი კანონის ფარგლებში რეაბილიტაციის გეგმა 7 ფირმის შემთხვევაში დამტკიცდა. ერთ-ერთი კომპანია, რომელიც რეაბილიტაციის რეჟიმში გადახდისუუნარობის ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ გადავიდა, „ჯორჯიან ეარვეისია“. ავიაკომპანიის დავალიანება 16 ათასზე მეტი მგზავრისა და 70-ზე მეტი კომპანიის მიმართ ჯამურად 176 მლნ ლარს აღწევდა. 2-თვიანი გადავადების შემდეგ, კომპანიის რეაბილიტაციის 5-წლიანი გეგმა საბოლოოდ 2022 წლის 29 სექტემბერს დამტკიცდა. შესაბამისად, კომპანიაში რეაბილიტაციის რეჟიმი შეწყდა და ის ახლა დამტკიცებული რეაბილიტაციის გეგმის მიხედვით აგრძელებს მუშაობას. იურიდიული ფირმა BLC-ის პარტნიორის, „ჯორჯიან ეარვეისის“ საქმის გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის, გიორგი ბათლიძის განცხადებით, გადახდისუუნარობის ახალი კანონის გარეშე „ჯორჯიან ეარვეისი“ გაკოტრდებოდა, რადგან ძველი კანონით რეაბილიტაცია მხოლოდ ვალდებულებების სრულად დაფარვის შემთხვევაში იყო შესაძლებელი, რისი რესურსიც ავიაკომპანიას არ გააჩნდა. რეაბილიტაციის გეგმის თანახმად, კომპანია მომდევნო 5 წელში, ფულის დროითი ღირებულების გათვალისწინებით, თითოეული კრედიტორის მიმართ არსებული დავალიანების 10%-ს გადაიხდის, რაც ჯამში 18 მლნ ლარამდეა, ვალის დანარჩენი ნაწილი კი ჩამოიწერა.

როგორც სფეროს კიდევ ერთი ექსპერტი, ნიკოლოზ აბუთიძე, აცხადებს, ახალი კანონმდებლობა უკეთ არეგულირებს კრედიტორთა უფლებებსაც. გასულ პერიოდში რაიმე აქტივის მიღების მეტი შანსი იმ კრედიტორებს ჰქონდათ, რომლებიც სასამართლოს ყველაზე ადრე მიმართავდნენ, დანარჩენები შეიძლება ანაზღაურების გარეშე დარჩენილიყვნენ. ახალი კანონის მიზანი კი კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილებაა და ეს მექანიზმი უფრო ეფექტიანად მუშაობს.

გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ხანგრძლივობა

ახალი საკანონმდებლო ჩარჩოს წარმატების კიდევ ერთი ინდიკატორი გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შემცირებული ხანგრძლივობაა. ძველი კანონის ფარგლებში საკანონმდებლო მექანიზმები ვერ უზრუნველყოფდა გადახდისუუნარობასთან დაკავშირებით წამოწყებული საქმის სწრაფ გადაწყვეტას და ზოგიერთი საქმის შემთხვევაში პროცესი დიდი ხნის განმავლობაში იწელებოდა, მათ შორის რეაბილიტაციის რეჟიმით საქმის მიმდინარეობის დროსაც.

ახალი საკანონმდებლო ჩარჩოს ფარგლებში შემოღებული რამდენიმე ინოვაციური ინსტრუმენტი გადახდისუუნარობის საქმის წარმოებას მნიშვნელოვნად აჩქარებს. მათ შორის არსებითია რეაბილიტაციის რეჟიმის ე.წ. ჩამკეტი დროითი საზღვარი, რომლის მიხედვითაც რეაბილიტაციის გეგმის დასამტკიცებლად განსაზღვრულია 9 თვე. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონი ითვალისწინებს რეაბილიტაციის რეჟიმის კონვერსიის შესაძლებლობას გაკოტრების რეჟიმში. 15 იანვრის მდგომარეობით, გაკოტრების მიმდინარე 17 საქმიდან 2-ის შემთხვევაში სწორედ კონვერსიის შესაძლებლობა გამოიყენეს.

სასამართლო საქმეთა ელექტრონული პორტალის, ecourt.ge-ს ანალიზის შედეგად ვლინდება, რომ 2019-2022 წლებში დასრულებული გადახდისუუნარობის საქმეების საშუალო ხანგრძლივობა 4.3 წლიდან 4.8 წლამდე მერყეობდა. კერძოდ, მაჩვენებელი 2019 წელს 4.3 წელს შეადგენდა, 2020-2021 წლებში 4.5 წელს, ხოლო 2022 წელს 4.8 წელს უტოლდებოდა.

მნიშვნელოვანია, რომ ზემოთ აღნიშნული პერიოდის განმავლობაში დასრულებული საქმეების უდიდესი ნაწილი არ რეგულირდებოდა ახალი კანონით. ძველი კანონით დარეგულირებული საქმეებიდან ზოგიერთი დიდი ხანი გრძელდებოდა. მაგალითად, 2022 წლის ბოლოს დასრულებული საქმე 2002 წელს დაიწყო, რამაც ხანგრძლივობის 2022 წლის საშუალო მაჩვენებელი გასულ წლებთან შედარებით შესამჩნევად გაზარდა.

ახალი კანონით რეგულირებული დასრულებული საქმეების აბსოლუტური უმრავლესობა მიმდინარეობდა რეაბილიტაციის რეჟიმით, შესაბამისად, მათი საშუალო ხანგრძლივობა ჯამურად 8.6 თვეს, ანუ 0.72 წელს შეადგენდა.

აღნიშნული სურათი აჩვენებს, რომ გადახდისუუნარობის ახალი კანონის ფარგლებში შემოღებულმა ჩამკეტმა მექანიზმმა ფირმათა რეაბილიტაციის დრო მნიშვნელოვნად დააჩქარა. თუმცა, აღნიშნული არ ასახავს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ხანგრძლივობაზე ახალი კანონის სრულ ეფექტს, ვინაიდან ახალი კანონით რეგულირებული გაკოტრების 17 საქმე ჯერ ისევ მიმდინარეა და მათ ხანგრძლივობას დროთა განმავლობაში უკეთ დავაკვირდებით.

„დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ, წარმოდგენილი ინდიკატორების საფუძველზე, გადახდისუუნარობის ახალი საკანონმდებლო ჩარჩოს ეფექტის შეფასება გარკვეულწილად უკვე შესაძლებელია, რაც დადებითი პროგნოზირების საფუძველი უნდა იყოს. სასამართლოებში გადახდისუუნარობის საქმეთა წამოწყების შესახებ ფირმების მოთხოვნა თანდათან იზრდება; ახალი კანონის ფარგლებში წამოწყებულ საქმეებში რეაბილიტაციის რეჟიმის წილი, წინა კანონით წამოწყებულ საქმეებთან შედარებით, გაზრდილია; ხოლო ახალი კანონით წამოწყებული, დასრულებული გადახდისუუნარობის საქმეთა საშუალო ხანგრძლივობა შემცირებულია.

მიუხედავად აღნიშნული პოზიტიური დინამიკისა, გადახდისუუნარობის რეფორმის ეფექტების სრულფასოვნად შეფასება წარმოდგენილი ინდიკატორების საფუძველზე არ შეგვიძლია. ყოველ განხილულ ინდიკატორთან მიმართებით დროთა განმავლობაში უფრო ნათლად უნდა დავინახოთ რეფორმის რეალური ზეგავლენა. კერძოდ, საინტერესოა, ზოგადად ბიზნესის და განსაკუთრებით კი მცირე ბიზნესის გაზრდილი ცნობიერების ფონზე, რამდენად მოიმატებს სასამართლოში ფირმათა მიმართვიანობის მაჩვენებელი. ასევე საყურადღებოა, რამდენად სტაბილური დარჩება რეაბილიტაციის რეჟიმით წამოწყებული საქმეების წილი. დაბოლოს, არსებითია, როგორ შეიცვლება დასრულებული გადახდისუუნარობის საქმეების საშუალო ხანგრძლივობა მიმდინარე გაკოტრების საქმეების ფონზე.

მნიშვნელოვანია, რომ გადახდისუუნარობის რეფორმის ეფექტის სრულყოფილად შესაფასებლად უნდა გაიზომოს ისეთი ინდიკატორებიც, რომლებიც ამ დროისთვის საქართველოში არ იწარმოება. გადახდისუუნარობის მიმდინარე კანონის პროექტის შესახებ 2019 წელს ჩატარებული რეგულირების ზეგავლენის შეფასების მიხედვით ასეთი მაჩვენებლებია: კრედიტორთა ამოღების დონე (%), აქტივების გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შემდგომი ღირებულება გადახდისუუნარობის მასასთან მიმართებით (%), და გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ხარჯები (გადახდისუუნარობის მასის %).

შენიშვნა: ბლოგის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მიერ, USAID-ის მეშვეობით გაწეული დახმარების შედეგად, პროექტ MediaTOR-ის ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და ინტერნიუსი საქართველოს მიერ, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით. ბლოგის ავტორთა მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს USAID-ის ან აშშ-ის მთავრობის პოზიციას,“- ნათქვამია „აისეტის“ პუბლიკაციაში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close