დღის ამბები

ვინ იყო სინამდვილეში ყარამან ყანთელი და საიდან იღებს სათავეს მასთან დაკავშირებული ცნობილი ფრაზა?

ვინ იყო სინამდვილეში ყარამან ყანთელი და საიდან იღებს სათავეს მასთან დაკავშირებული ცნობილი ფრაზა?

სა­უ­ბარ­ში ხში­რად ვი­ყე­ნებთ ფრა­ზებს, რო­მე­ლიც თა­ო­ბი­დან თა­ო­ბას ზე­პი­რად გად­მო­ე­ცე­მა, მაგ­რამ იშ­ვი­ა­თად ვინ­ტე­რეს­დე­ბით ამ ფრა­ზე­ბის წარ­მო­მავ­ლო­ბით. მა­გა­ლი­თად, არ­სე­ბობს ასე­თი გა­მოთ­ქმა – “შენც ახლა ყა­რა­მან ყან­თე­ლი არ მყავ­დე”.

ცხა­დია, რომ აქ ყა­რა­მა­ნი ძლი­ერ, რა­ღა­ცით გა­მორ­ჩე­ულ, ყოვ­ლის­შემ­ძლედ არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

ადა­მი­ა­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბამ არ იცის, სა­ი­დან იღებს სა­თა­ვეს გა­მოთ­ქმა, ხოლო ნა­წილს კი მი­აჩ­ნია, რომ მას სა­ფუძ­ვლად უდევს აკა­კი გე­წა­ძის მიერ შექ­მნი­ლი იუ­მო­რი­სუტლ-სა­თავ­გადსავ­ლო ნა­წარ­მო­ე­ბი, “არ მოკ­ვდე სიკ­ვდი­ლამ­დე, ანუ წუ­თი­სოფ­ლის შავ-თეთ­რი კრი­ა­ლო­სა­ნი”, რომ­ლის მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟი სწო­რედ ყა­რა­მან ყან­თე­ლა­ძეა. 1968 წელს ეს პი­ე­სა მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში ორ­მოქ­მე­დე­ბი­ან კო­მე­დი­ად, სა­ხელ­წო­დე­ბით – “ყა­რა­მან ყან­თე­ლა­ძე” რე­ჟი­სორ­მა ან­ზორ ქუთ­თე­ლა­ძემ დად­გა.

თუმცა “ყა­რა­მან ყან­თე­ლი” ქარ­თვე­ლე­ბის მე­ტყვე­ლე­ბა­ში XX სა­უ­კუ­ნის 60-იან წლე­ბამ­დეც არ­სე­ბობ­და, ამიტომ ფეს­ვე­ბი უფრო შორს უნდა ჰქონ­დეს და სა­თა­ვეს ჩვენს ფოლკ­ლორ­ში  იღებ­დეს.

რო­გორც ფოლკ­ლო­რისტი, ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფოლკ­ლო­რის­ტი­კის კა­თედ­რის გამ­გე­ და ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ფა­კულ­ტე­ტის პრო­ფე­სორი ქე­თე­ვან სი­ხა­რუ­ლი­ძე ამ­ბობს, ყა­რა­მა­ნი, რო­გორც პერ­სო­ნა­ჟი, ფოლკ­ლორ­ში არ გვხვდე­ბა. გა­მო­დის, რომ ხალ­ხში ეს გა­მოთ­ქმა ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ძეგლის გავ­ლე­ნით დამ­კვიდ­რდა. “ყა­რა­მა­ნი­ა­ნი” ხომ სა­ფა­ლავ­ნო რო­მა­ნია (მთა­ვა­რი გმი­რის სა­ხე­ლის მი­ხედ­ვით), რო­მე­ლიც სპარ­სუ­ლი­დან თარ­გმნა (1762-1774 წლე­ბი) ერეკ­ლე მე­ო­რის სი­ძემ და­ვით ორ­ბე­ლი­ან­მა (თა­ვად­ვე ჩა­მო­ი­ტა­ნა სპარ­სე­თი­დან). სა­რა­ინ­დო-სა­ფა­ლავ­ნო ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის გმი­რე­ბი ხომ ბუმ­ბე­რა­ზუ­ლი აღ­ნა­გო­ბი­თა და ძა­ლით (“ამი­რან­და­რე­ჯა­ნი­ა­ნის” პერ­სო­ნა­ჟე­ბის მსგავ­სად. ყა­რა­მა­ნიც ასე­თი­ვე მებ­რძო­ლი იყო) გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან.

“ყა­რა­მა­ნი­ა­ნი” XIX სა­უ­კუ­ნე­ში ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო და ხმა­მაღ­ლაც იკი­თხე­ბო­და. ამას ადას­ტუ­რებს იო­სებ გრი­შაშ­ვი­ლიც, რო­დე­საც წერს, რომ “ყა­რა­მა­ნი­ა­ნის” თბი­ლი­სის მკვიდრთათ­ვის კი­თხვა ყვე­ლა­ზე დიდი გა­სარ­თო­ბი იყო.

გა­მო­დის, ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლი “ყა­რა­მა­ნიც” სწო­რედ აქე­დან დამ­კვიდ­რდა ზე­პირ­სი­ტყვი­ე­რე­ბა­ში, რო­გორც ძლი­ე­რი პი­როვ­ნე­ბის აღმნიშ­ვნე­ლი.

თა­ვად სა­ხე­ლი სპარ­სუ­ლი წარ­მო­შო­ბი­საა და თარ­გმან­ში ნიშ­ნავს გმირს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close