საზოგადოება

დიდი რაოდენობით საკვების მომზადების საახალწლო ტრადიცია – ნაწლავური ინფექციების გახშირების მიზეზი

დიდი რაოდენობით საკვების მომზადების საახალწლო ტრადიცია – ნაწლავური ინფექციების გახშირების მიზეზი

საქართველოში დამკვიდრებული საახალწლო ტრადიციები ჯანმრთელობისთვის საფრთხეებს შეიცავს. ამიტომ ექიმები მოუწოდებენ მოსახლეობას, კვებისას ზომიერება გამოიჩინონ.

ენდოკრინოლოგ თამარ მაკარიძის განცხადებით, ჩვენთან დღესასწაულები პრაქტიკულად მთელი თვე გრძელდება – ახალ წელს ორჯერ აღვნიშნავთ, ასევე აღვნიშნავთ შობას. შესაბამისად ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გადაჭარბებულ კვებასთან ერთად გვიწევს ალკოჰოლის მიღებაც, რას სერიოზულად არღვევს ჯანმრთელი ცხოვრების წესს, ირღვევა კვების რეჟიმიც, ძილის რითმი, ზარალდება ნივთიერებათა ცვლა და თავს იჩენს ამ ყველაფერთან ასოცირებული დაავადებები.

„ზომიერება დაცული უნდა იყოს სადღესასწაულო დღეებშიც კი. იდეალური სუფრა უნდა იყოს მრავალფეროვანი და სასარგებლო. პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს მსუბუქ აპეტაიზერებს, ბოსტნეულს როგორც ფხალეულის, ასევე სხვადასხვა სალათის სახით,“ – აღნიშნავს მაკარიძე.

რაც შეეხება ხორცისგან დამზადებულ კერძებს, ენდოკრინოლოგის რჩევაა, ისინი დელიკატესის დონეზე მივიღოთ, ისევე როგორც გოზინაყი. სასურველია, ხორცი და ბოსტნეული გრილზე იყოს შემწვარი, რათა ორგანიზმში ნაკლები ცხიმი მოხვდეს.

თამარ მაკარიძის თქმით, მცირე რაოდენობით ალკოჰოლს ორგანიზმისთვის სარგებელი მოაქვს – ღვიძლს გააჩნია ფერმენტული აქტივობა, რომელიც ალკოჰოლს შლის, მაგრამ ეს მხოლოდ ნორმირებული რაოდენობით მიღების შემთხვევაში.

ექიმის თქმით, არსებობს ალკოჰოლის დასაშვები დოზები. კერძოდ, თუ ღვინოზე გავაკეთებთ არჩევანს, ქალების შემთხვევაში ესაა 125 მილილიტრი, მამაკაცებისთვის – 150. მაგარი სასმელის არჩევის შემთხვევაში ქალებმა ერთ ჯერზე მაქსიმუმ 25 მილილიტრი უნდა მიიღონ, მამაკაცებმა კი – 30. დოზირების გადაჭარბების შემთხვევაში ალკოჰოლის სიჭარბე თრგუნავს ღვიძლის ფერმენტებს, იწყება ალკოჰოლის მოქმედების ტოქსიური ფაზა და ეს ძალიან მავნეა ორგანიზმისთვის. ასევე, მედიკოსის განმარტებით, ბევრი სასმელის მიღება აძლიერებს მადას და ადამიანი საკვებსაც ჭარბად იღებს.

ენდოკრინოლოგი ამბობს, რომ სწორი კვება უმნიშვნელოვანესია, უნდა იყოს დაცული კვების რეჟიმი და კვების ესთეტიკა, რაც ნიშნავს ბალანსირებულ კვებას – რამდენ ენერგიასაც გავცემთ, იმდენი საკვები უნდა მივიღოთ. ამისთვის მნიშვნელოვანია,საკვები იყოს მრავალფეროვანი.

„დადგენილი ფაქტია, რომ სწორ კვებაზეა დამოკიდებული და კვება განსაზღვრავს 60%-ში ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლის ხანგრძლივობას. ჩემი რჩევაა, ვისიამოვნოთ დღესასწაულით, მაგრამ ნუ ვავნებთ ჯანმრთელობას,“ – აღნიშნავს თამარ მაკარიძე.

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი კი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ახალი წლის დღეებში ოჯახებში დიდი რაოდენობით საკვები გროვდება, რომელსაც ადამიანები მომდევნო დღეებშიც მოიხმარენ, ამან კი შესაძლოა ნაწლავური ინფექციები გამოიწვიოს.

„ამაზე ოფიციალურ კვლევებს ვერ მოვიშველიებ, მაგრამ ახალი წლის დღეებში ხშირია ნაწლავური ინფექციები ღებინებით. ზოგადად ეს ზამთრისთვის ნაკლებ დამახასიათებელია და ზაფხულობითაა ხშირი მოვლენა, მაგრამ ახალი წლის შემდეგ არცთუ იშვიათია ნაწლავური ინფექციები. ერთერთი მიზეზი სავარაუდოდ ისიცაა, რომ როდესაც ადამიანები მზა საკვებს იძენენ, დიდი დატვირთვის გამო შესაძლოა კვების ობიექტებში ჰიგიენური ნორმები სათანადოდ არ იყოს დაცული. ასევე ხშირად ხდება,  რომ ოჯახში დიდი რაოდენობით საკვები მარაგებია, რომლებიც რამდენიმე დღე ინახება, შენახვის პირობები კი არ იყოს შესაბამისი. მაგალითად ზოგჯერ საკვები მთელი ღამე მაგიდაზე დევს და დილით ხელახლა გამოიყენება. ფაქტია, რომ სადღაც მრავლდებიან ბაქტერიები და ახალი წლების შემდეგ არცთუ იშვიათია ინფექციური დაავადებები. ჩვენთან ტრადიციაა, რომ ახალ წელს ძალიან დიდი რაოდენობით საკვები მზადდება, რომლის ერთი ხელის აღებით გადაყრა რთულია, ასევე ძალიან ძნელია მისი ათვისება. ამიტომ ზომიერება აქაც საჭიროა,“- აცხადებს ბუწაშვილი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close