საზოგადოება

“ყველაზე დიდი რაოდენობით ე.წ. ჰონკონგის ვირუსი ცირკულირებს”

"ყველაზე დიდი რაოდენობით ე.წ. ჰონკონგის ვირუსი ცირკულირებს"

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ივანე ჩხაიძის განცხადებით, ქვეყანაში ძირითადად გრიპის ვირუსი ცირკულირებს და მისი ჯამური რაოდენობა 50%-ს შეადგენს. ამის შესახებ მან „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

მისი ინფორმაციით, დღეისთვის ქვეყანაში გრიპის ვირუსი მაჩვენებელი კორონავირუსით ინფიცირებას 5-ჯერ აღემატება და ის ძირითადად ბავშვებში ცირკულირებს.

„დეკემბრის ბოლო კვირას, წინა კვირასთან შედარებით რესპირაციული ვირუსების მცირედი მატებაა, რაც აბსოლუტურად ლოგიკურია, რადგან ჩვენ სულ ვამბობთ, რომ თუ ქვეყანაში რესპირაციული ვირუსული ინფექციების პიკი იქნება, ეს პიკი დეკემბერ-იანვარზე მოდის.

ქვეყანაში ძირითადად გრიპის ვირუსი ცირკულირებს, მისი ჯამური რაოდენობა 50%-ს შეადგენს. ეს მაღალი მაჩვენებელია და იმაზე მიუთითებს, რომ ახლა ქვეყანაში ძირითადად გრიპის ვირუსი ცირკულირებს. თუ ამ ვირუსებს სახეობების მიხედვით შევხედავთ, ყველაზე დიდი რაოდენობით ე.წ. ჰონკონგის ვირუსია, რომელიც ჯამურად 33%-ს შეადგენს. ანალოგიური მდგომარეობაა ევროპის ქვეყნებშიც, მსოფლიოში ზამთრის პერიოდი ამ ტიპის ვირუსის სიჭარბით ხასიათდება”, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი იმდენად მცირეა, რომ ის შესაძლო როგორც სეზონურ ვირუსად განვიხილოთ.

„ჯამურ რაოდენობაში კორონავირუსის ხვედრითი წილი დაახლოებით 10%-ია, ანუ 10-დან ერთი შემთხვევა კორონავირუსით ინფიცირებაზე მოდის. ეს იმას ნიშნავს, რომ კორონავირუსი არსად გამქრალა და ის შესაძლოა სეზონური ვირუსი გახდეს. შესაძლოა, ჩვენ 2023 წელს ჯანმო-სგან მოვისმინოთ განცხადება, რომ პანდემია დასრულდა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ კორონავირუსი გაქრება, ის იცირკულირებს როგორც ჩვეულებრივი ვირუსი და ჩვენ მას პრევენციის გავრცელებული საშუალებით – ვაქცინაციით შევებრძოლებით, ისევე როგორც გრიპის ვირუსს რისკის ჯგუფებში ვაქცინაციის საშუალებით ვებრძვით.

შემოდგომა-ზამთარში კორონავირუსი იყო ერთ-ერთი ვირუსი, მაგრამ არა წამყვანი. გრიპის ვირუსი 5-ჯერ მეტია, ვიდრე კორონავირუსი, რაც პანდემიის პერიოდში ასე არ იყო. გრიპი ძირითადად ბავშვებში ცირკულირებს“, – აღნიშნა ჩხაიძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close