ეკონომიკა

ქართველი ეკონომისტების მოლოდინი ქვეყანაში მომდევნო 6 თვის ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით უარყოფითია – PMCG

ქართველი ეკონომისტების მოლოდინი ქვეყანაში მომდევნო 6 თვის ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით უარყოფითია - PMCG

2022 წლის მეოთხე კვარტალში მომდევნო ექვსი თვის ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ მოლოდინი გაუარესდა იმ პოზიტიურ პროგნოზთან შედარებით, რომელიც ეკონომისტებს მომდევნო ექვსი თვის მიმართ ჰქონდათ როგორც 2022 წლის მესამე კვარტალში, ისე 2021 წლის მეოთხე კვარტალში – ამის შესახებ კვლევაში „საქართველოს ეკონომიკური კლიმატია“ აღნიშნული.

PMC-ის კვლევაში განხილულია საქართველოს ეკონომიკური კლიმატი ქართველ ეკონომისტთა შეფასებით. გამოკითხულთა 90% საქართველოს ეკონომიკისთვის ამჟამად არსებულ ყველაზე მნიშვნელოვან საფრთხეებს შორის მაღალ ინფლაციას ასახელებს.

„თითქმის 90% ფიქრობს, რომ მაღალი ინფლაცია ამჟამად მაღალ ან ძალიან მაღალ საფრთხეს უქმნის საქართველოს ეკონომიკას. დამატებით, უმრავლესობამ მაღალი საფრთხის შემცველ გარემოებებად დაასახელა უკრაინაში რუსეთის ომი (77%) და ცხოვრების ხარჯების ზრდა (72%).

ამავდროულად, რესპონდენტთა 50% მიიჩნევს, რომ რუსეთის მოქალაქეების იმიგრაცია საქართველოში ამჟამად საქართველოს ეკონომიკისთვის მხოლოდ დაბალ ან ძალიან დაბალ საფრთხეს წარმოადგენს.

ეკონომისტთა ნახევარზე მეტი (61%) ფიქრობს, რომ შრომითი ემიგრაცია არის საქართველოს ეკონომიკისთვის მაღალი ან ძალიან დიდი მნიშვნელობის საფრთხე. საპირისპიროდ, 11% ფიქრობს, რომ შრომითი ემიგრაცია საერთოდ არ წარმოადგენს საფრთხეს საქართველოს ეკონომიკისთვის“, – აღნიშნულია PMC-ის კვლევაში „საქართველოს ეკონომიკური კლიმატი“.

რაც შეეხება ინფლაციის დაძლევის გზებს, გამოკითხულ ეკონომისტთა 94% ფიქრობს, რომ გამკაცრებულ ფისკალურ პოლიტიკას ძალიან მაღალი, მაღალი ან სულ მცირე ზომიერი ეფექტიანობა მაინც ექნება საქართველოში ინფლაციის დაძლევის კუთხით. გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობის კი 89%-ს სჯერა.

კვლევის თანახმად, ხელფასების კონტროლი და ფასების კონტროლი შეფასდა როგორც ინფლაციის წინააღმდეგ არაეფექტიანი ან ძალიან დაბალი ეფექტიანობის მქონე ზომები. მხოლოდ 6% ფიქრობს, რომ ფასების კონტროლი შეიძლება იყოს მაღალეფექტიანი და არცერთი რესპონდენტი არ მიიჩნევს ხელფასების კონტროლს ინფლაციის წინააღმდეგ მაღალი ეფექტიანობის მქონე ზომად.

გამოკითხულთა თითქმის 70% არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ დამატებითი ზომების მიღება არ არის საჭირო და ზეწოლა, რომელიც იწვევს ინფლაციის მაღალ დონეს, დროთა განმავლობაში თავად დასტაბილურდება.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close