მსოფლიო

5G მომხმარებელთა რიცხვი მილიარდს მიაღწევს

5G მომხმარებელთა რიცხვი მილიარდს მიაღწევს

წლის ბოლოსთვის 5G სერვისის მომხმარებელთა რაოდენობა მილიარდ ადამიანს მიაღწევს. ამის შესახებ კორპორაცია Ericsson-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ანგარიშში არის ნათქვამი.

კომპანიის ანალიტიკოსების შეფასებით, მეხუთე თაობის კომუნიკაციის მომხმარებელთა რიცხვი მილიარდს მიაღწევს, მაშინ, როცა 4G აბონენტების რაოდენობამ ხუთ მილიარდს გადააჭარბა. ექსპერტებმა შენიშნეს, რომ აბონენტების უმრავლესობისთვის ახალ სტანდარტზე გადასვლა ტარიფების ზრდასთან არის დაკავშირებული. ოპერატორების 25%-მა მომსახურების ფასი, დაახლოებით, 40%-ით გაზარდა.

Ericsson-მა აშშ-ის კომუნიკაციების ბაზარი ცალკე გააანალიზა, სადაც წლის ბოლომდე მეხუთე თაობის კავშირის მომხმარებელი აბონენტთა 35% იქნება, ხოლო ტარიფების ზრდის გლობალური ტენდენცია ადგილობრივ ბაზარზეც შენარჩუნდება.

ანგარიშის ავტორები ამბობენ, რომ 5G კომუნიკაციაზე გადასასვლელად ოპერატორები მარკეტინგულ მასალებში მომხმარებლებს მოტივაციას მობილური ინტერნეტის სიჩქარის გაზრდით უწევენ. ამასთან, 5G წვდომა, თითქმის, ყველა საკომუნიკაციო პროვაიდერის ულიმიტო ტარიფებზე სავალდებულო ოფციად რჩება.

ნოემბრის ბოლოს Financial Times-ის ანალიტიკოსები წერდნენ, რომ 5G სმარტფონებზე მოთხოვნა დაეცა, რადგან მომხმარებლებმა მათზე უარი თქვეს და უფრო პრაქტიკული მოწყობილობების არჩევა დაიწყეს. ექსპერტების აზრით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში 5G მოწყობილობების მიწოდება 7%-ით, 24,5 მილიონ ერთეულამდე შემცირდა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close