ეკონომიკა

მომავალ წელს გლობალური ეკონომიკის მთავარი საფრთხე სტაგფლაცია იქნება

მომავალ წელს გლობალური ეკონომიკის მთავარი საფრთხე სტაგფლაცია იქნება

გლობალური ეკონომიკისთვის 2023 წელს მთავარი რისკი სტაგფლაცია იქნება. სტაგფლაცია ინფლაციის მაღალი ტემპია, რომელსაც თან ერთვის წარმოების სტაგნაცია და უმუშევრობის მაღალი დონე. ის ფასებისა და უმუშევრობის დონის ერთდროული ზრდით ხასიათდება. ამის შესახებ MLIV Pulse-ის ახალი გამოკითხვის ანგარიშში არის ნათქვამი, რასაც Bloomberg ავრცელებს.

გამოკითხული 388 ინვესტორიდან, თითქმის, ნახევარი ვარაუდობს სცენარს, რომ მომავალ წელს მსოფლიოს ეკონომიკური ზრდა შენელებას განაგრძობს, ხოლო ინფლაცია მაღალი დარჩება. მეორე ყველაზე სავარაუდო სცენარად დეფლაციური რეცესია განიხილება, ხოლო მაღალი ინფლაციის პირობებში ეკონომიკური აღდგენა ყველაზე ნაკლებად სავარაუდო პერსპექტივაა.

გამოკითხვის შედეგები მიუთითებს იმაზე, რომ მომავალი წელი სარისკო აქტივებისთვის კვლავ გამოწვევად დარჩება, რა დროსაც მოსალოდნელია სტაგფლაცია. Bloomberg-ის შეფასებით, ცენტრალური ბანკების მკაცრმა ზომებმა, ინფლაციის ზრდამ და რუსეთ-უკრაინის ომმა, 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ, საფონდო ბაზრების ყველაზე დიდი კრახი გამოიწვია. გამოკითხულთა 60%-ზე მეტი ამბობს, რომ ინვესტორები მთელ მსოფლიოში ჯერ კიდევ მეტად ოპტიმისტურად არიან განწყობილი აქტივების ფასებთან დაკავშირებით.

ამასთან, გამოკითხულთა, დაახლოებით, 60% დოლარის შემდგომ შესუსტებას მოელის, რაც ეწინააღმდეგება ოქტომბრის გამოკითხვას, როცა აშშ-ის ფედერალური სარეზერვო ბანკის (Fed) ნოემბრის სხდომის წინ გამოკითხულთა, თითქმის, ნახევარი დოლარში გრძელვადიანი პოზიციების შენარჩუნებას მოელოდა. კვლევის თანახმად, 2023 წლის განმავლობაში დოლარი ბევრად არ შესუსტდება, თუმცა ტენდენცია კლებისკენ ექნება.

ინვესტორების მთელი ყურადღება Fed-ის შემდგომ ნაბიჯებზე არის ფოკუსირებული და ეკონომიკური ზრდა, სავარაუდოდ, კიდევ უფრო დიდი ზეწოლის ქვეშ მოექცევა, რადგან საპროცენტო განაკვეთები კიდევ დიდხანს დარჩება მაღალ დონეზე. ამასთან, ექსპერტები ამბობენ, რომ კორონავირუსის მიმართ ჩინეთის „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკა გლობალური ეკონომიკისთვის კიდევ ერთი რისკი იქნება.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close