მსოფლიო

MPOX (ემ პოქსი) „მაიმუნის ყვავილის“ ახალი სახელი იქნება

MPOX (ემ პოქსი) „მაიმუნის ყვავილის“ ახალი სახელი იქნება

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აპირებს, „მაიმუნის ყვავილს“ სახელი გადაარქვას და MPOX უწოდოს. მიზანი ამ ვირუსის სტიგმისგან გათავისუფლებაა. MPOX – ესაა  ინგლისური სიტყვის monkeypox-ის შეკვეცილი ვარიანტი და გამოითქმის როგორც „ემ პოქსი“.

გამოცემა Politico წერს, რომ „მაიმუნის ვირუსისთვის“ სახელის შეცვლის შესახებ ჯანმომ საკუთარი გადაწყვეტილება შესაძლოა უახლოეს საათებში გამოაცხადოს.  გამოცემის წყარო აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ამერიკის შეერთებული შტატების ზეწოლით, რომელიც დაავადების სახელწოდების შეცვლას იმ მოტივით ითხოვდა, რომ სახელწოდება „მაიმუნის ყვავილი“ ხელს უშლის ვაქცინაციას და ფერადკანიანი ადამიანების სტიგმატიზაციას აღრმავებს.

მაიმუნის ყვავილის სახელწოდებით ცნობილი ინფექციისთვის ახალი სახელის მინიჭების საკითხი ჯერ კიდევ ზაფხულში დადგა დღის წესრიგში. ჯანმოში მიაჩნიათ, რომ დაავადებების სახელწოდებებში არ უნდა ფიგურირებდეს ცხოველების დასახელებები, გეოგრაფიული და ადამიანების სახელები.

ევროპაში მაიმუნის ყვავილის აფეთქებიდან უკვე 6 თვე გავიდა. აფეთქების დაწყებიდან მეოთხე თვეში ევროპაში დაავადების პიკი დაფიქსირდა, თუმცა ტესტირების, ეპიდზედამხედველობისა და რისკჯგუფში მყოფი ადამიანების (ესენი არიან მამაკაცები, რომლებსაც სექსი აქვთ მამაკაცებთან) ქცევის შეცვლის შედეგად შემთხვევები მნიშვნელოვნად შემცირდა. ჯანმოს საბოლოო მიზანი ამ დაავადების ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის შეჩერებაა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close