საზოგადოება

„ჰონგკონგის ვირუსი“, რომელიც საქართველოში აქტიურად ცირკულირებს, გრიპის ვაქცინაში შედის

„ჰონგკონგის ვირუსი“, რომელიც საქართველოში აქტიურად ცირკულირებს, გრიპის ვაქცინაში შედის

„ჰონგკონგის“ ვირუსი, იგივე H3N2 გრიპი, რომელიც ამ ეტაპზე საქართველოში აქტიურად ცირკულირებს, გრიპის საწინაააღმდეგო ვაქცინაში შედის. ამის შესახებ იაშვილის კლინიკის სამედიცინო ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

მისი განმარტებით, ეს ვირუსი მოსახლეობისთვის ნაკლებად ცნობილია, თუმცა ექიმები მას დიდი ხანია იცნობენ.

ამასთან, ჩხაიძის თქმით, ამ ეტაპზე საქართველოში დომინანტია რინოვირუსი და რესპირატიულ-სინსიტიალური ვირუსი, ასევე აქტუალურია კორონავირუსიც.

მისივე განცხადებით, რესპირაციულ-სენსიტიალური ვირუსი ჯერ კიდევ ზაფხულში ცირკულირებდა. მას შეუძლია გამოიწვიოს წვრილი ბრონქების ანთება და ფილტვების ანთება 2-3 წლის ბავშვებში. ამიტომ მათი დიდი ნაწილი სტაციონარიზაციას საჭიროებს.

ჩხაიძე პროგნოზირებს, რომ ახლო მომავალში გრიპის შემთხვევების მატებაც გვექნება და პიკს დეკემბერ-იანვარში ველოდებით.

პედიატრის რეკომენდაციაა, სიცხის შემთხვევაში პაციენტმა მიიღოს სითხე, ხოლო  ხველის საწინააღმდეგო პრეპარატების, ანტიბიოტიკის, ვიტამინების ან ანტიალერგიული მედიკამენტების მიღება არაა საჭირო.

ვანო ჩხაიძის თქმით, მშობლებმა ტემპერატურის გაზომვის გარდა უნდა ისწავლონ გახშირებული სუნთქვის გაზომვაც. გახშირებული სუნთქვა, მისი განმარტებით, ფილტვების ანთების სიმპტომია. მისივე თქმით, წლამდე ასაკში ნორმაა წუთში 50-მდე, 5 წლამდე ასაკში 40, 5 წლის შემდეგ კი 30. ამაზე მეტი  სიხშირის დაფიქსირება კი ნიშნავს, რომ პროცესში უკვე ფილტვებია ჩართული.

შეგახსენებთ, რომ დღეს ბოლო დღეა, როცა გრიპის საწინააღმდეგო აცრის გაკეთება ნებისმიერ მსურველს უფასოდ შეუძლია. მომდევნო პერიოდში უფასო ვაქცინაცია მხოლოდ რისკჯგუფებში შემავალი ადამიანებისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close