დღის ამბები

რა ახალი ვალდებულება ეკისრება ფინანსურ ინსტიტუტებს – შემოსავლების სამსახურს შეეძლება ინფორმაცია უცხო ქვეყნის უწყებებს გადასცეს

რა ახალი ვალდებულება ეკისრება ფინანსურ ინსტიტუტებს - შემოსავლების სამსახურს შეეძლება ინფორმაცია უცხო ქვეყნის უწყებებს გადასცეს

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, თანმდევ კანონპროექტებთან ერთად, მუხლობრივად განიხილა და საკანონმდებლო პაკეტს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განსახილველად მხარი დაუჭირა.

საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) საგადასახადო მიზნებისთვის გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმის წევრობიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულების მიზნით შემუშავდა, კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მამუკა ბარათაშვილმა წარადგინა.

კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებების შედეგად, საქართველოს ფინანსურ ინსტიტუტებს დაეკისრებათ ვალდებულება აწარმოონ ანგარიშგების საერთო სტანდარტით (CRS) დადგენილი სათანადო პროცედურები და ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაცია შემოსავლების სამსახურს მიაწოდონ; შემოსავლების სამსახურს მიეცემა უფლება, რომ ფინანსური ინსტიტუტებისგან მიღებული ინფორმაცია გადასცეს უცხო ქვეყნის კომპეტენტურ უწყებებს და ფინანსური ინსტიტუტების მიერ ანგარიშგების საერთო სტანდარტთან (CRS) დაკავშირებით დაკისრებული ვალდებულებების შესრულების შემოწმება და კონტროლი განახორციელოს.

შემოთავაზებული ცვლილებები ასევე ადგენს სანქციის ზომებს, რომელიც, ამავე კანონპროექტით შემოღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში ფინანსურ ინსტიტუტს დაეკისრება.

ცვლილებები შედის ფასიანი ქაღალდების ბაზრის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების, არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის, საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების, კომერციული ბანკების საქმიანობის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, დაზღვევის და საინვესტიციო ფონდების შესახებ კანონებში, ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close