საზოგადოება

საწარმოების მხრიდან ატმოსფერული ჰაერის დაცვის კანონმდებლობის დარღვევის 1 721 ფაქტია გამოვლენილი

საწარმოების მხრიდან ატმოსფერული ჰაერის დაცვის კანონმდებლობის დარღვევის 1 721 ფაქტია გამოვლენილი

2021 წლის 1-ელი ივნისიდან, კანონის გამკაცრებიდან 2022 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით, საწარმოების მხრიდან ატმოსფერული ჰაერის დაცვის კანონმდებლობის დარღვევის 1 721 ფაქტი გამოვლინდა, მათ შორის, 44 შემთხვევა რუსთავში დაფიქსირდა – დაკისრებულმა ჯარიმამ ჯამში 837 400 ლარი შეადგინა. ამის შესახებ  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან  გახდა ცნობილი.

უწყების ინფორმაციით, ამავე პერიოდში საქმიანობის უფლება დროებით, 11 საწარმოს შეუჩერდა, მათ შორის, 3 თბილისში, 3 გარდაბანში, 2 რუსთავში, 1 მარნეულში, 1 ქუთაისში, 1 კი დედოფლისწყაროში მდებარეობს. დეპარტამენტის ცნობით, საწარმოებს დარღვევის აღმოფხვრამდე საქმიანობის შეზღუდვის თაობაზე ადმინისტრაციული მიწერილობა წარედგინა.

კერძოდ, რაც შეეხება სამართალდარღვევის შინაარსს:

გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებისადმი ან მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტის მიერ მავნე ნივთიერებების ორგანიზებული გაფრქვევისას დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის ინსტრუმენტული მეთოდით უწყვეტად განსაზღვრის ვალდებულების შეუსრულებლობა – 59 ფაქტი (განმეორებით 4 შემთხვევა);

ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის ფაქტობრივ მდგომარეობასთან შეუსაბამობა ან მისი უქონლობა – 850 ფაქტი (განმეორებით 100 შემთხვევა);

ატმოსფერულ ჰაერზე მავნე ზემოქმედების (ხმაური, ვიბრაცია, ელექტრომაგნიტური ველი) დადგენილი ნორმების გადამეტება – 19 შემთხვევა;

ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის მაქსიმალური მნიშვნელობის გადამეტება – 4 ფაქტი;

აირმტვერდამჭერი მოწყობილობების ექსპლუატაციის წესების დარღვევა ან/და ამ მოწყობილობების გაუმართაობა, აღნიშნული მოწყობილობების გამოუყენებლობა ან უქონლობა – 26 ფაქტი;

გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობა, რამაც გამოიწვია ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის დადგენილი ნორმის გადამეტება – 9 შემთხვევა;

ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების აღრიცხვის მონაცემების დადგენილი ფორმითა და დადგენილ ვადებში წარმოუდგენლობა – 529 ფაქტი;

ხის ნახშირის წარმოებისას გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევა – 63 ფაქტი (განმეორებით 58 შემთხვევა).

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close