სამართალი

საქართველოს პროკურატურამ, კახეთის რეგიონში, სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლების ფაქტები გამოავლინა

საქართველოს პროკურატურამ, კახეთის რეგიონში, სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლების ფაქტები გამოავლინა

საქართველოს პროკურატურამ, კახეთის რეგიონში, სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლების, თაღლითობაში დახმარების და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე 13 პირს, მათ შორის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის ყოფილ წარმომადგენელს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, კახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, ბრალდებულებმა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ინდივიდუალური განცხადებით მიმართეს და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უძრავი ქონების დარეგისტრირება მოითხოვეს. სარეგისტრაციო წარმოებისას, მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გზით, თანასოფლელების სასარგებლოდ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს ყალბი ინფორმაცია მიაწოდა. ასევე, განმცხადებელმა პირებმა, ქონებრივი უფლების მოტყუებით მიღების მიზნით, ერთმანეთის სასარგებლოდ იცრუეს და დაადასტურეს, თითქოსდა 2007 წლის 20 სექტემბრამდე მდგომარეობით, მომიჯნავედ, ფლობდნენ უძრავ ქონებას.

მართლსაწინააღმდეგო ქმედებების შედეგად, ბრალდებულები მოტყუებით სახელმწიფოს კუთვნილ, 122,700 ლარად ღირებულ 79232 კვ.მ. უძრავ ქონებას დაეუფლნენ.

„პროკურატურამ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის ყოფილ წარმომადგენელს, ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მისაღებად, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია) და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით), ხოლო მის თანასოფლელებს – 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი დიდი ოდენობით), 25,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობაში დახმარება) წარედგინათ.

ბრალდებულები გამოძიებასთან თანამშრომლობენ და ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ. სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით, მათ სახელმწიფოს სასარგებლოდ თაღლითურად დაუფლებული მიწის ნაკვეთები ჩამოერთმევათ.

საქართველოს პროკურატურა, ანალოგიური დანაშაულის ჩამდენ პირთა გამოვლენის და მხილების მიზნით გამოძიებას აგრძელებს,“ – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close