მსოფლიო

მესი საინვესტიციო კომპანიას აფუძნებს

მესი საინვესტიციო კომპანიას აფუძნებს

არგენტინის საფეხბურთო გუნდის კაპიტანი და „პარი სენ-ჟერმენის“ („პსჟ“) თავდამსხმელი, ლიონელ მესი საკუთარ საინვესტიციო კომპანიას აფუძნებს, რომელიც სპორტში, ტექნოლოგიასა და მედიაში ინვესტიციებზე იქნება ფოკუსირებული. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, კომპანია, სახელწოდებით „Play Time“ აშშ-ში, სან-ფრანცისკოში დაფუძნდება და მას ვენჩურული კომპანია Graph Ventures-ის პარტნიორი, რაზმიგ ოვაგიმიანი უხელმძღვანელებს. Bloomberg წერს, რომ Play Time მესის მთავარი საინვესტიციო საშუალება გახდება, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, საფეხბურთო ტექნოლოგიების სტარტაპების დამფუძნებლებს დაუჭერს მხარს და სხვადასხვა სპორტულ გუნდში ინვესტირებას მოახდენს. კომპანიის საინვესტიციო ფონდის ოდენობა ჯერ არ სახელდება.

ლიონელ მესი, რომელიც გასულ წელს ესპანურ საფეხბურთო კლუბ „ბარსელონადან” ფრანგულ კლუბ „პარი სენ-ჟერმენში” გადავიდა, Forbes USA-ს მსოფლიოს 50 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენის რეიტინგში ლიდერობდა. ერთი წლის განმავლობაში არგენტინელმა ფეხბურთელმა 130 მლნ დოლარი გამოიმუშავა. Forbes USA-ს მონაცემებით, „პსჟ“-ში მესის ხელფასი, დაახლოებით, 75 მლნ დოლარია, რაც 22 მლნ დოლარით ნაკლებია, ვიდრე მას „ბარსელონაში“ კარიერის ბოლო წელს ჰქონდა. თუმცა სპორტსმენი ფან-ტოკენების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ სერვის Socios-თანაც თანამშრომლობდა.

მიმდინარე წლის მაისში არგენტინული გამოცემა AS წერდა, რომ მესი 2023 წლის ზაფხულში ამერიკულ კლუბ Inter Miami-ში გადასვლას გეგმავს, რომლის თანამფლობელიც დევიდ ბექჰემია. ამასთან, AS-ის ცნობით, ფეხბურთელი შესაძლოა, კლუბის ინვესტორი გახდეს და მისი აქციების 35% შეიძინოს.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close