მსოფლიო

ვის უფრო მეტი მილიონერი ჰყავს – სუპერმდიდარ მოქალაქეთა ქვეყნების TOP-10

ვის უფრო მეტი მილიონერი ჰყავს - სუპერმდიდარ მოქალაქეთა ქვეყნების TOP-10

საკონსულტაციო კომპანია Henley & Partners-ისა და ანალიტიკური კომპანია New World Wealth-ის ერთობლივი კვლევის შედეგად იმ ქვეყნების რეიტინგი გამოქვეყნდა, რომლებიც 100 მლნ დოლარის ან მეტი ქონების მფლობელების, ანუ ცენტიმილიონერების რაოდენობით გამოირჩევიან. ავტორები თავიანთ ანგარიშს „ცენტიმილიონერების პირველ კვლევას“ უწოდებენ.

ცენტიმილიონერების რაოდენობით ქვეყნების ტოპ 10-ეული ასეთია:

აშშ – 9730

ჩინეთი – 2021

ინდოეთი – 1132

დიდი ბრიტანეთი – 968

გერმანია – 966

შვეიცარია – 808

იაპონია – 765

კანადა – 541

ავსტრალია – 463

რუსეთი – 435

სიის ტოპ 10-ეულს მოსდევს საფრანგეთი, რომელსაც 380 ცენტიმილიონერი ჰყავს, შემდეგი კი 298 სუპერმდიდარი ადამიანით იტალიაა. ანგარიშის თანახმად, მსოფლიოში სულ 25 490 ცენტიმილიონერია, რომლებიც, ძირითადად, ტექნოლოგიებისა და ტრანსნაციონალური კომპანიების მფლობელები, ფინანსისტები და ქონების მემკვიდრეები არიან. ბოლო 20 წლის განმავლობაში სუპერმდიდრების რიცხვი გაორმაგდა.

Henley & Partners-ის აღმასრულებელი დირექტორის, იურგ შტეფენის შეფასებით, 100 მლნ დოლარის სუფთა ქონება ნიშნავს იმას, რომ მისი მფლობელი „სავარაუდოდ, ცხოვრებაში ფულზე აღარ იდარდებს.“ ექსპერტი იხსენებს, რომ 1990-იანი წლების ბოლოს სუპერმდიდრად 30 მლნ დოლარის აქტივების მფლობელი პირი ითვლებოდა. „თუმცა მას შემდეგ აქტივების ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა და ახალი ნიშნული 100 მლნ დოლარი გახდა.“

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ უახლეს ათწლეულში ცენტიმილიონერების რაოდენობა ყველაზე სწრაფად აზიასა და აფრიკაში გაიზრდება. კვლევის თანაავტორი, ბრიტანელი ფინანსური ჟურნალისტი, მიშა გლენი წერს, რომ ათწლეულის განმავლობაში აზიაში მათი რიცხვი 57%-ით მეტი იქნება, ვიდრე ევროპასა და შეერთებულ შტატებში. მისი პროგნოზით, „ინდოელი და ჩინელი ცენტიმილიონერები ამერიკელ და ევროპელ თანაჯგუფელებს მალე გადაასწრებენ.“

ანალიტიკოსები მომდევნო ათწლეულში ყველაზე სწრაფ, 95%-იან ზრდას ვიეტნამში, უძრავი ქონების, ტექნოლოგიებისა და ფინანსური მომსახურების სექტორებში პროგნოზირებენ, ხოლო ინდოეთში ცენტიმილიონერთა რიცხვი 2032 წლისთვის 80%-ით გაიზრდება. აფრიკის ქვეყნებიდან სუპერმდიდრების მომრავლებით გამოირჩევა რუანდა, სადაც მათი რიცხვი 70%-ით გაიზრდება, უგანდაში – 65%-ით, ხოლო კენიაში 55%-ით. ზრდის 72%-იანი ტემპი ექნება ახალ ზელანდიას, ხოლო ავსტრალიაში მომდევნო ათწლეულში ცენტიმილიონერები 60%-ით მომრავლდებიან.

New World Wealth-ის კვლევის ხელმძღვანელ ენდრიუ ამოილსის შეფასებით, „ბევრ განვითარებად ბაზარსა და პატარა ქვეყანაში მილიარდერი შედარებით ცოტაა, რაც მილიარდერების სიმდიდრის დიაპაზონს მეტწილად არააქტუალურს ხდის. ამ ქვეყნების სუპერმდიდარ საზოგადოებას უფრო მილიონერების სიმდიდრის დიაპაზონი ასახავს.“ მკვლევარს კენიის მაგალითი მოჰყავს, რომლესაც მილიარდერი საერთოდ არ ჰყავს, სამაგიეროდ, ქვეყანაში 14 ცენტიმილიონერი ცხოვრობს, მალტაში კი 26 ცენტიმილიონერი და სულ 2 მილიარდერი დაფიქსირდა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close