ბევრი ფიქრობდა, რომ Top Gun: Maverick-ში შესრულებული როლი, ტომ კრუზის უდიდესი კინემატოგრაფიული ტრიუმფი იყო, თუმცა ბლოკბასტერების ვარსკვლავს კიდევ ერთი გიჟური იდეა მოუვიდა. 60 წლის ჰოლივუდის ვეტერანი ახალი ფილმის გადასაღებად რეჟისორ დუგლას ლიმენს შეუერთდა, რომელიც, არც მეტი არც ნაკლები, კოსმოსში უნდა გადაიღონ. ფილმის იდეა ჯერ კიდევ 2020 წელს გაჩნდა, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო მასზე მუშაობა შეფერხდა. იმის მიუხედავად, რომ ფილმის გადაღების იდეა ოფიციალურად გაცხადდა, ჯერ კიდევ უცნობია, თუ როდისთვისაა მისი კინოთეატრების ეკრანზე გამოსვლა დაგეგმილი.
ფილმს Universal Filmed Entertainment Group დააფინანსებს, ხოლო კოსმოსში გაფრენა და გადაღებები NASA-სა და SpaceX-ის დახმარებით მოხდება. “ჩვენი გეგმაა რაკეტის კოსმოსურ სადგურამდე გაფრენა და შემდეგ იქ გადაღებების დაწყება“,- ამბობს Universal Filmed Entertainment Group -ის დირექტორი, დონა ლანგლი. ის ასევე ამხელს, რომ ძირითად ნაწილს დედამიწაზე გადაიღებენ და ფილმი კულმინაციას მაშინ მიაღწევს, როცა მთავარი პერსონაჟი კაცობრიობის დასახმარებლად კოსმოსში გაფრინდება.
თუ მართლაც მოხერხდა კრუზისა და ლიმენის იდეების განხორციელება, ტომი პირველი მსახიობი გახდება, რომელიც კოსმოსში გადაღებულ ფილმში ითამაშებს. თავად ამგვარი ფილმის გადაღებაც უპრეცედენტოა და ყველა მოელის გადაღებების დაწყებას.
ტომ კრუზის ყველაზე საშიში და ექსტრემალური ტრიუკი: Mission: Impossible-ის გადაღებებისას ის ვერტმფრენს დამხმარე თოკების გარეშე ჩამოეკიდა.
ტომ კრუზს, მისი გრძელვადიანი კარიერის განმავლობაში მრავალი ურთულესი ილეთი შეუსრულებია გადასაღებ მოედანზე, თუმცა კოსმოსში გადაღებების სურვილი მაყურებლისთვის მაინც მოულოდნელი იყო. ახლახან, მსახიობს “კანის ფილმების ფესტივალზე“ ჟურნალისტმა ჰკითხა, – თუ რატომ არჩევს, გადასაღებ მოედანზე თავად შეასრულოს ილეთები, რაზეც ტომმა უპასუხა: “ჯინ კელისთვის არავის უკითხავს, რატომ ცეკვავო…“ (ჯინ კელი – ცნობილი ამერიკელი მოცეკვავე, მსახიობი, ქორეოგრაფი და რეჟისორი.)