დღის ამბები

დასაქმებულთა ფსიქიკური ჯანმრთელობა უარესდება – რეკომენდაციები ხელმძღვანელებისთვის

დასაქმებულთა ფსიქიკური ჯანმრთელობა უარესდება – რეკომენდაციები ხელმძღვანელებისთვის

ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები სამუშაო ადგილებზე – ამ საკითხით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია  დაინტერესდნენ.

ჯანმოს ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა ორგანიზაციების ერთობლივი მოწოდება მთავრობებისადმი, მიიღონ კონკრეტული ზომები დასაქმებული მოსახლეობის ფსიქიკური ჯანმრთელობის დასაცავად.

კვლევების თანახმად, დეპრესია და შფოთვითი აშლილობები მსოფლიოში ყოველწლიურად 12 მილიარდი სამუშაო ადგილის დაკარგვას იწვევს, გლობალურ ეკონომიკას კი ტრილიონი დოლარით აზარალებს.

ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, რეკომენდებულია ისეთი რისკების შემცირება, როგორიცაა ზედმეტი სამუშაო დატვირთვა, ნეგატიური დამოკიდებულებები. ჯანმო პირველად გამოდის რეკომენდაციით, ხელმძღვანელმა პირებმა გაიარონ სასწავლო კურსები სტრესოგენული სიტუაციების ამოცნობისა და კოლექტივში ფსიქოემოციურ დარღვევებზე  რეაგირების მიზნით.

ჯანმოს მონაცემებით, სამუშაო პროცესში ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა დისკრიმინაცია და უთანასწორობა. გამოვლინებებს შორის კი სახელდება აგრესია სამუშაო ადგილებზე, ფსიქოლოგიური ძალადობა, დევნა. ამასთან, ბევრ ქვეყანაში არ არის მიღებული თანამშრომლების ფსიქიკური მდგომარეობის განხილვა ან პრობლემაზე საუბარი.

ჯანმრთელობისა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციებმა წარმოადგინეს სახელმწიფო ორგანოების, დამსაქმებლებისა და დასაქმებულების პრაქტიკული სტრატეგიები როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

მათი განხორციელებისთვის კი უმთავრესი პირობა შესაბამისი თანხების გამოყოფაა.

პრობლემა კიდევ უფრო გაამწვავა კოვიდ-პანდემიამ, რომლის გამოც ჯანმოს შეფასებით, მსოფლიოში შფოთვითი აშლილობებისა და დეპრესიის შემთხვევები 25%-ით გაიზარდა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close