ეკონომიკა

როგორ გავუმკლავდეთ მაღალ ინფლაციას – 4 გზა ფინანსების გადასანაწილებლად

როგორ გავუმკლავდეთ მაღალ ინფლაციას - 4 გზა ფინანსების გადასანაწილებლად

ინფლაცია, ანუ სამომხმარებლო ფასების ზრდა, ჩვენს ბიუჯეტს ყოველდღიურად აზარალებს. მიმდინარე წლის იანვარში საქართველოში ინფლაციამ 2011 წლის შემდეგ რეკორდულ მაჩვენებელს, 13.9%-ს მიაღწია. მართალია, მას შემდეგ მცირედით შემცირდა და აგვისტოში 10.9%-მდე ჩამოვიდა, თუმცა მაინც მაღალ ნიშნულზე რჩება.

კორონავირუსის პანდემიის შედეგად საერთაშორისო ბაზარზე მიწოდების ჯაჭვების რღვევასა და რუსეთის მიერ უკრაინაში სამხედრო აგრესიის წამოწყებასთან ერთად, ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ ინფლაცია ჯერ არსად წასვლას აპირებს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მომხმარებლები ამ პრობლემის წინაშე უძლურები არიან და არსებობს გზები, რომელთა დახმარებითაც ამ წნეხს შეამსუბუქებთ.

არ უნდა გამოგვრჩეს ისიც, რომ ინფლაცია ყველა საქონელსა თუ სერვისზე ერთნაირად არ მოქმედებს, შესაბამისად, არც ყველა ადამიანზე მისი გავლენაა ერთნაირი.

ახლა, შესაძლოა, თქვენი ფინანსური სტრატეგიის გადასახედად ხელსაყრელი პერიოდი იყოს. მიუხედავად იმისა, რომ ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია, ამ სტატიაში ჩამოთვლილი ნაბიჯები, სავარაუდოა, რომ თქვენი ფინანსური გეგმის გადაფასებაში დაგეხმარებათ.

  1. გამოთვალეთ პირადი ინფლაციის მაჩვენებელი

ინფლაცია არ ნიშნავს იმას, რომ ყველა პროდუქტისა თუ სერვისის ფასი ერთნაირად იზრდება. მაგალითად, საქართველოში წელს სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები 15.8%-ით გაიზარდა, აქედან პური 32%-ზე მეტით გაძვირდა, ბოსტნეული კი პირიქით, თითქმის 10%-ით გაიაფდა.

პერსონალური ინფლაცია დაგეხმარებათ გამოთვალოთ, თუ რამდენად გაიზარდა უშუალოდ იმ პროდუქტებზე ფასები, რომლებსაც თქვენ იყენებთ – თუ პურს იშვიათად ან საერთოდ არ ყიდულობთ, მაშინ ახერხებთ, რომ თავიდან აირიდოთ იმ პროდუქტის შეძენა, რომელიც ყველაზე მეტადაა გაძვირებული წინა წელთან შედარებით.

როგორ გამოვთვალოთ პირადი ინფლაციის მაჩვენებელი? ამისათვის თქვენს წლევანდელ ყოველთვიურ ხარჯს გამოაკელით წინა წლის ყოველთვიური ხარჯი და გაყავით ეს სხვაობა გასული წლის ყოველთვიურ ხარჯზე. მაგალითად, თუ 2022 წელს თქვენ თვეში 2500 ლარს ხარჯავთ, 2021 წელს კი თვიურად 2100 ლარს ხარჯავდით, გამოდის, რომ თქვენი პერსონალური ინფლაციის დონე 19%-ია. ამის გაკეთება ასევე შეგიძლიათ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის პერსონალური ინფლაციის კალკულატორის მეშვეობითაც.

პერსონალური ინფლაციის გამოთვლა დაგეხმარებათ უკეთ გაიგოთ, თუ რატომ და რის გამო აღარ გყოფნით ფული და ხელს შეგიწყობთ თავიდან აირიდოთ არასაჭირო ხარჯები.

  1. არასაჭირო გადასახადების ჩამოცილება

გაზრდილი ხარჯების კომპენსირებისთვის შესაძლოა დაგეხმაროთ თქვენი გადასახადების დეტალურად დათვალიერება და რაც არ/აღარ გჭირდებათ მათი ჩამოშორება. საკუთარი გადასახადების გადათვალიერება კარგი საწყისი წერტილია.

ამგვარი გადასახადი ნებისმიერი რამ შეიძლება იყოს: ტელეფონი, ინტერნეტი, მანქანის ან სახლის დაზღვევა, საკრედიტო ბარათის საკომისიო და სხვა.

მაგალითად, თუ თქვენ გამოწერილი გაქვთ რომელიმე ფასიანი ვებგვერდი ან თუნდაც, ჩართული გაქვთ ტელევიზიის სერვისი, თუმცა ტელევიზორს იშვიათად იყენებთ, შეგიძლიათ ეს გადასახადები საკუთარ ბიუჯეტს გამოაკლოთ. ასევე შეგიძლიათ გააუქმოთ ულიმიტო ინტერნეტის სერვისი და სანაცვლოდ უფრო იაფად იყიდოთ განსაზღვრული რაოდენობის ინტერნეტი.

შესაძლოა, თქვენს ბიუჯეტში ამგვარი ბევრი გადასახადი იყოს და მათი დათვალიერება ხარჯების შემცირებაში ნამდვილად დაგეხმარებათ, თუმცა როდესაც საქმე ეხება შოპინგს, ამ დროს საქმე ოდნავ რთულდება.

მომავალი კვირისთვის მოსამარაგებლად სუპერმარკეტში შესვლისას ჩვენ ხშირად ვყიდულობთ იმგვარ ნაკლებად საჭირო პროდუქტებს, რომლებზეც ფულის დაზოგვაა შესაძლებელი. ამის შანსი იზრდება მაშინ, როდესაც საყიდლებზე გაწერილი სიის გარეშე მივდივართ. აუცილებელი პროდუქტების სიის შედგენა და გაწერა იმისა, თუ რა და რამდენი გვჭირდება კვირის განმავლობაში, ზედმეტად ხარჯვის შანსებს შეგვიმცირებს.

ალბათ თქვენც გქონიათ შემთხვევა, როდესაც საყიდლებიდან დაბრუნებულს გადაგიხედავთ საკრედიტო ბარათით დახარჯული თანხისთვის და ვერ გარკვეულხართ, თუ ამდენი რა იყიდეთ. საქმე იმაშია, რომ თუ კარგად არ გავაკონტროლეთ, საკრედიტო ბარათმა, შესაძლოა, თანხის ხარჯვის შეგრძნება დაგვიკარგოს, გამომდინარე იქიდან, რომ ნაღდ ფულთან შეხება არ გვაქვს. სწორედ ამიტომ, ხარჯების გასაკონტროლებლად კიდევ ერთი ვარიანტი საკრედიტო ბარათის გამოყენების შეზღუდვა შეიძლება იყოს.

ამ ყველაფერთან ერთად, შეგიძლიათ ისარგებლოთ თანხის დაბრუნების (Cashback) სერვისითა თუ დაგროვების ბარათებითაც.

  1. გააგრძელეთ ინვესტირება

მსოფლიოში ეროვნული ბანკების მიერ საპროცენტო განაკვეთების რეკორდულად ზრდასთან ერთად ინვესტორების განწყობებიც მერყევია. ბუნებრივია, ამ პირობებში თქვენც იფიქრებთ, რომ ახლა ინვესტირების დრო არაა და ჯობია ამისთვის განკუთვნილი ფული სხვა რამისთვის გამოიყენოთ, თუმცა ეს არ უნდა გააკეთოთ. ინვესტირების ზოგადი წესი ინფლაციის პირობებშიც მოქმედებს – გააკეთეთ აქცენტი გრძელვადიან პერიოდზე.

დივერსიფიცირებულ და გააზრებულ საინვესტიციო გეგმას შეუძლია გაუძლოს რყევებს და ეს არის საშუალება, დაეწიოთ ან გაასწროთ კიდევაც ინფლაციას.

  1. ეცადეთ, გაზარდოთ შემოსავალი

ერთი შეხედვით, შემოსავლის გაზრდა არც ისე მარტივად ჟღერს. დღეს საქართველოში უმუშევრობის დონე 20.6%-ია და შესაძლოა, ბევრგან არც სამუშაო პირობებია მთლად სახარბიელო, თუმცა ცდას ყოველთვის აქვს აზრი.

გაითვალისწინეთ, რომ ინფლაციის დონის ზრდასთან ერთად თქვენი ხელფასიც უნდა იზრდებოდეს, მაგრამ თუ ასე არ მომხდარა და ფიქრობთ, რომ ამისთვის შესაბამისი ნიადაგი შექმნილია, შესაძლოა, ახლა ხელფასის ზრდისთვის ან დაწინაურების მისაღებად შესაფერისი დრო იყოს.

რაც შეეხება სამუშაოს გარეთ დამატებითი შემოსავლის მიღებას, გახსოვდეთ, რომ თქვენს სახლში აუცილებლად მოიძებნება ისეთი ნივთები, რომლებსაც თქვენ არ იყენებთ. მათ გასაყიდად კი ბევრი პლატფორმის მოძებნაა შესაძლებელი.

ამას გარდა, დღევანდელ ციფრულ სამყაროში ჩვენს წინაშე შესაძლებლობების თვალუწვდენელი ჰორიზონტია – თუ შესაბამისი უნარები გაქვთ, შეგიძლიათ იპოვოთ დამატებითი სამსახური მოქნილი გრაფიკით და ამისთვის სახლიდან გასვლაც კი არ დაგჭირდეთ. შეგიძლიათ უბრალოდ „გუგლში“ მოძებნოთ იმ საქმეების ჩამონათვალი, რომლის კეთებაც ონლაინ შეგიძლიათ და თქვენთვის შესაბამისი აარჩიოთ, შემდეგ კი უკეთესად გაეცნოთ მის სპეციფიკასა და დეტალებს.

უნდა ითქვას ისიც, რომ შემოსავლის გაზრდის მარტივი და სწრაფი გზა ყოველთვის არ არსებობს, თუმცა დამატებითი შემოსავლის მისაღებად გზების მოძებნა რეალურია და ეს გაზრდილი ხარჯების დაფარვაში ნამდვილად დაგეხმარებათ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close