კულტურა

ლევილის მამულში განსათავსებელი ოდა სახლის პროექტი დამტკიცდა

ლევილის მამულში განსათავსებელი ოდა სახლის პროექტი დამტკიცდა

ლევილის მამულში ქართული ოდა სახლი განთავსდება, როგორც ამას ითვალისწინებს მამულის საქართველოსათვის გადმოცემის აქტი და ის პირობები, რომელთა შესრულების დათქმითაც, მამული დაუბრუნდა მის ნამდვილ მესაკუთრეს, ქართველ ხალხს.

უკვე დამტკიცდა ოდის შესაბამისი პროექტი, რომლის ავტორია არქიტექტორ-რესტავრატორი ტარიელ კიპაროიძე. ამჟამად, პროექტის ფრანგულ კანონმდებლობასთან შესაბამისობის მიზნით, მიმდინარეობს ინტენსიური კონსულტაციები ფრანგ კოლეგებთან, ლევილის მერიასა და შესაბამისი რეგიონის პრეფექტურასთან.

ლევილის მერიის ცნობით, სამშენებლო ნებართვასა და სხვა საჭირო პროცედურებს 6-9 თვე შეიძლება დასჭირდეს.

275 კვ.მ. ფართობის ქვის დაბალ ხიმინჯებზე აღმართულ ოდა სახლში მოეწყობა დარბაზული სივრცე სხვადასხვა კულტურული და შემოქმედებითი საქმიანობისთვის. დარბაზის გვერდით მდებარე ოთახში შესაძლებელი იქნება ქართული სუვენირების გამოფენა-გაყიდვა. ოდის მიმდებარედ ასევე მოეწყობა 28 ავტომობილზე გათვლილი პარკინგი.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას თანამშრომლობის შედეგად, უკვე მოძიებულია და შესყიდულია ოდისთვის საჭირო ხის მასალა და უახლოეს პერიოდში დაიწყება დამუშავების სამუშაოები. ამჟამად, მიმდინარეობს შესაბამისი კომპანიის მოძიება, რომელიც მასალის დახერხვის პროცესს გაუწევს ზედამხედველობას.

ოდა სახლს ქართველი ოსტატები დაამზადებენ საქართველოში. მასალა მათ მიერ ანტისეპტიკურად იქნება დამუშავებული. ოდა სახლი აეწყობა ჯერ საქართველოში, შემდეგ დაიშლება და ლევილის მამულში გადაინაცვლებს. შესაბამისად, ხის ყველა ელემენტი და კვანძები დამუშავდება საქართველოში, ხოლო ოდის კაპიტალური ნაწილი ფრანგული მხარის მონაწილეობით მოეწყობა. სახურავის სამუშაოებს კრამიტის ბურულის ჩათვლით შეასრულებს ქართული მხარე.

როგორც ცნობილია, 2021 წლის ზაფხულში, პროექტი სახელწოდებით „პირველი რესპუბლიკის ისტორიული და კულტურული ქართულ-ფრანგული მემორიალური ცენტრის, ლევილის ქართული აკადემიის შექმნა“ გადაეცა ახალშექმნილ უწყებას – საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close