Home დღის ამბები განათლება ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში სასადილო გაიხსნება, ასევე აღდგება სასკოლო წრეების ფუნქციონირება

ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში სასადილო გაიხსნება, ასევე აღდგება სასკოლო წრეების ფუნქციონირება

ახალი სასწავლო წლიდან სკოლების ტერიტორიაზე არსებულ საკვებ დაწესებულებებს შეზღუდვები მოეხსნებათ.

ამის შესახებ ინფორმაციას განათლების და მეცნიერების სამინისტრო აქვეყნებს.

კერძოდ, უწყების ცნობით, ასევე აღდგება სასკოლო წრეების ფუნქციონირება.

„განათლების და მეცნიერების სამინისტროს განახლებული რეკომენდაციები სკოლის ტერიტორიაზე არსებული საკვები დაწესებულებებისა და სასკოლო წრეების შეზღუდვების მოხსნასაც ითვალისწინებს. შესაბამისად, 2022-2023 სასწავლო წლიდან საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში განახლდება სასკოლო ბუფეტებისა და სასკოლო წრეების ფუნქციონირება.

სკოლებში ჯანსაღი და უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ კვლავ უზრუნველყო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების აღჭურვა საჭირო რესურსების, ჰიგიენური საშუალებებისა და ინვენტარის მარაგით. გარდა ამისა, წელსაც გაგრძელდება სკოლებში უსაფრთხო გარემოს სისტემური მონიტორინგი, როგორც სამინისტროს წარმომადგენლების, ასევე, ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრების მხრიდან“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული განახლებული რეკომენდაციებით, გაუქმებულია სკოლის შენობაში დეზობარიერის გავლით შესვლის, თერმოსკრინინგის განხორციელებისა და პირბადის ტარების ვალდებულება. ამასთან, სკოლაში პირბადე საიზოლაციო სივრცეში მყოფმა და დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტირებულმა პირებმა 10 დღის განმავლობაში უნდა ატარონ.