2022-2023 სასწავლო წელს, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში განათლებას 5 183 ბავშვი ვერ მიიღებს. როგორც განათლების და მეცნიერების სამინისტროდან, სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების მონაცემების მოთხოვნის საპასუხოდ აცნობეს, აქედან 4 362 ბავშვის შესახებ არც საქართველოს განათლების და არც ჯანდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროები ინფორმაციას არ ფლობენ, 821 ბავშვს კი სწავლაზე ხელი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ მიუწვდება.
უფრო კონკრეტულად, უწყების მიერ სააგენტოსთვის გამოგზავნილ ინფორმაციაში განმარტებულია, რომ 2022 წლის 1-ელი აგვისტოს მონაცემებით, „4,362 ბავშვიდან უმეტესი მათგანი არ არის რეგისტრირებული საყოველთაო ჯანდაცვაში, რეგისტრაციის მისამართზე არავინ ფლობს ინფორმაციას მათ შესახებ, ან ნაწილს არ აქვს რეგისტრაციის მისამართი, ან რეგისტრაციის მისამართი არის ოკუპირებული ტერიტორები. აღნიშნული ბავშვების შესახებ ინფორმაციის მოძიება კვლავ გრძელდება“.
„განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და შესაბამისი მუნიციპალიტეტების ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის მუნიციპალიტეტის ორგანოების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების/სამსახურების წარმომადგენელთა აქტიური მუშაობით 1863 უკვე დარეგისტრირდა სკოლაში და გახდა მოსწავლე. მათგან 399 „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონით დადგენილი პროცედურების დაცვით ასაკის შესაბამის კლასებში, ხოლო 1464 პირველ კლასში, რომელთაგან სკოლის მიღმა დარჩენის დროებითი მიზეზი ძირითადად იყო სკოლაში მიყვანის დაყოვნება.
821 შემთხვევაში ვერ ხერხდება ზოგად განათლებაში ინტეგრაცია. უმეტესი მათგანი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო განთავსებულია ან პალიატიური ზრუნვის სერვისებში, ან უმძიმესი და მრავლობითი დარღვევების გამო ოჯახსა და მუნიციპალური სამსახურების წარმომადგენლებს შეუძლებლად მიაჩნიათ ზოგადი განათლების მომსახურებებში, ზოგ შემთხვევაში კი შეზღუდული სესაძებლობის მქონე პირთათვის მოქმედ სხვა მომსახურებებში ჩართვაც კი. სქესისა და ასაკის მიხედვით მეტნაკლებად თანაბარი გადანაწილებაა.
4,362 პირთან დაკავშირებით გაცნობთ, რომ უმეტესი მათგანი არ არის რეგისტრირებული საყოველთაო ჯანდაცვაში, რეგისტრაციის მისამართზე არავინ ფლობს ინფორმაციას მათ შესახებ, ან ნაწილს არ აქვს რეგისტრაციის მისამართი, ან რეგისტრაციის მისამართი არის ოკუპირებული ტერიტორები. აღნიშნული ბავშვების შესახებ ინფორმაციის მოძიება კვლავ გრძელდება“, – ნათქვამია მოწოდებულ ინფორმაციაში.
რაც შეეხება სხვა მონაცემებს, 2022 წლის 1-ელი აგვისტოს მდგომარეობით, 1912 ბავშვი არ იმყოფება ქვეყანაში ან სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.
გარდა ამისა, მათივე ცნობით, 1446 შემთხვევაში შესწორდა სხვადასხვა უწყების საინფორმაციო ბაზებში დაცული ინფორმაცია. როგორც სამინისტროში განმარტავენ, აღნიშნული ძირითადად გამოწვეული იყო უცხო ქვეყნის მოქალაქე ბავშვების განსხვავებული საიდენტიფიკაციო მონაცემებით, 150-მდე შემთხვევაში გარდაცვალების ფაქტი არ იყო რეგისტრირებული.
ამასთან, განათლების და მეცნიერების სამინისტროს ცნობით, პრობლემის აღმოსაფხვრელად, 2022 წლის სექტემბრიდან დაგეგმილია მონიტორინგის მორიგი ციკლის ჩატარება.
„სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების დროული იდენტიფიცირებისთვის “ბავშვის უფლებათა კოდექსის” საფუძველზე ყველა მუნიციპალიტეტში შექმნილია ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის მუნიციპალიტეტის ორგანოების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები/სამსახურები, რომლებიც ახორციელებენ კარდაკარ ვიზიტებს და დეტალურად შეისწავლიან ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობას. ცენტრალური ხელისუფლების დონეზე კი დაგეგმილია “სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამის“ სისტემატური განხორციელება, რაც შესაძლებელს გახდის დინამიკაში ვადევნოთ თვალი მიმდინარე საქართველოს მთავრობის მიერ 2020 წლის 10 სექტემბერის N573 დადგენილებით დამტკიცდა ,,სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამა“. პროგრამამ შესაძლებელი გახადა ჩართულ უწყებებს შორის მონაცემების გაცვლის საფუძველზე გამოვლენილიყო 6-დან 16 წლის ასაკის სკოლის მიღმა დარჩენილი მოზარდები.
პროგრამა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ შეიმუშავა შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ჩართულობით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტროსთან და სახელმწიფო ინსპექტორის აპარატთან თანამშრომლობით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მხარდაჭერით. 2020 წლამდე ქვეყანაში არ არსებობდა სკოლის მიღმა დარჩენილი იმ ბავშვების მონიტორინგის სისტემა, რომლებიც არასდროს ჩარიცხულან სკოლაში, არ აქვთ საგანმანათლებლო ისტორია და მათზე მონაცემები არ არსებობს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემთა ბაზაში. პროგრამის ფარგლებში სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მონაცემების მიმოცვლის შედეგად გამოვლინდა, რომ 10,404 ბავშვის შესახებ მონაცემი (პირადი ნომერი, სახელი და გვარი, დაბადების თარიღი) არ ფიქსირდებოდა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემთა ბაზაში. გასათვალისწინებელია, რომ დიდი მოცულობის მონაცემების დამუშავება მიმდინარეობდა პანდემიის პერიოდში”, – ნათქვამია უწყების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.