ინტერვიუ

კლიმატის ცვლილება-მისი ბუნებრივი და ანტროპოგენური მიზეზები

კლიმატური პირობები იცვლებოდა საქართველოს ტერიტორიაზეც.
საქართველოს კლიმატი იცვლებოდა უკანასკნელ ათასწლეულშიც..რა არის კლიმატის ცვლილების მიზეზი რა შედებს იწვევს დრეს რა რისკების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა ამ საკითხებზე გვესაუბრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის კლიმატოლოგიის და აგრომეტეოროლოგიის განყოფილების გამგე, გეოგრაფიის მეცნიარებათა დოქტორი, პროფესორი ელიზბარ ელიზბარაშვილი

მეცნიერებამ დიდი ხანია დაადგინა, რომ სხვადასხვა გეოლოგიურ ეპოქაში დედამიწის კლიმატი იცვლებოდა. დედამიწის სფეროს სხვადასხვა ნაწილში მიმდინარეობდა დათბობა ან გამყინვარება. მაგალითად, სხვადასხვა გეოლოგიურ ეპოქაში გამყინვარება მიმდინარეობდა ფინეთსა და კანადაში, გრენლანდიასა და ჩრდილოეთ ევროპაში, აფრიკაში, ავსტრალიაში, სამხრეთ ამერიკაში, ინდოეთში, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. ცხელი კლიმატი იყო შპიცბერგენის კუნძულზე, შუა ციმბირის ზეგანზე და სხვაგან. ხმელთაშუა ზღვის ტიპის ჰავა გავრცელებული იყო გრენლანდიაში, ხოლო ნოტიო ჰავა საჰარასა და სხვა უდაბნოებში

-რა არის კლიმატის ცვლილების მიზეზები?
მეცნიერთა აზრით კლიმატის ცვლილება გამოწვეულია მრავალი მიზეზით, უმთავრესი ბუნებრივი მიზეზები კი ტექტონიკური, ასტრონომიული და რადიაციული ფაქტორებია.
ტექტონიკური პროცესები იწვევს რელიეფის ცვლილებას, დედამიწის ქერქის აწევას ან დაწევას, რასაც მოჰყვება ხმელეთის ფართობის გაზრდა ან შემცირება, ოკეანეთა დინებების ცვლილება, სითბოცვლის გაზრდა ან შემცირება დაბალ და მაღალ განედებს შორის და სხვ. აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით იცვლება დედამიწის ზედაპირის სითბოს ბალანსის მდგენელები, ტენბრუნვის პირობები და მთლიანად კლიმატი.
ასტრონომიული ჰიპოთეზა დედამიწის კლიმატის ცვლილებას უკავშირებს დედამიწის ბრუნვის ღერძის და აგრეთვე მისი ორბიტის ცვლილებებს. დედამიწა-მთვარის სისტემის ევოლუციის გამოთვლებმა ცხადყო, რომ დედამიწის არსებობის 4,5-4,7 მლრდ წლის განმავლობაში იცვლებოდა მისი ბრუნვის ხასიათი. თეორიულმა გამოთვლებმა აჩვენა, რომ თანამედროვე პირობებში დედამიწის ბრუნვის ღერძის დახრილობა მისი ორბიტის სიბრტყისადმი იზრდება 5 გრადუსით 1მლრდ წელიწადში, ხოლო ბრუნვის სიჩქარე მცირდება 20%-ით. ამით დღეღამის ხანგრძლივობა საუკუნეში 1,7 მილი-წმ-ით იზრდება. ამრიგად, შეიძლება დავასკვნათ, რომ დედამიწა ადრე ბრუნავდა უფრო სწრაფად შედარებით ნაკლები დახრილობის კუთხით. ამიტომ მეტეოროლოგიური ელემენტების წლიური და დღეღამური ამპლიტუდები უფრო ნაკლები იყო, ვიდრე ამჟამად, ხოლო ტემპერატურათა სხვაობა ეკვატორსა და პოლუსებს შორის-მეტი. ზემოაღნიშნულის გამო ატმოსფეროს ცირკულაცია შედარებით ინტენსიური იყო, რაც, თავის მხრივ, გავლენას ახდენდა დედამიწის კლიმატზე.
დედამიწის კლიმატის ცვლილების ასტრონომიულ მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს აგრეთვე მზის სისტემის სხვა პლანეტებისა და დედამიწის ურთიერთმიზიდულობა. ამის შედეგად ადგილი აქვს დედამიწის ღერძის დახრილობის ცვლილებას დაახლოებით 100 000 წლის პერიოდით.
დედამიწის კლიმატის ცვლილება შეიძლება დაკავშირებული იყოს ჩრდილოეთი და სამხრეთი პოლუსების, და აგრეთვე კონტინენტების მდებარეობათა ცვლილებებთან. პალეოკლიმატური გამოკვლევების თანახმად დადგენილია, რომ პალეოზოურ ერაში ჩრდილოეთ პოლუსი მდებარეობდა წყნარი ოკეანის ცენტრში, საიდანაც მან თანდათან გადაინაცვლა არქტიკის მიმართულებით. ცხადია პოლუსებისა და კონტინენტების გადაადგილება იწვევს კლიმატის მკვეთრ ცვლილებებს. პოლუსების აბსოლუტური გადანაცვლებისას დედამიწის ზედაპირზე გადაადგილდება აგრეთვე გეოგრაფიული კოორდინატების ბადეც, მათთან დაკავშირებულ კლიმატურ ზონებთან ერთად. პოლარულ რაიონებში მოხვედრილ კონტინენტებზე ვითარდებოდა კონტინენტური გამინვარება, რაც იწვევდა მთელი დედამიწის ზედაპირის ტემპერატურის შემცირებას. პალეომაგნიტური მონაცემების თანახმად, ასეთ მოვლენას ადგილი ჰქონდა როდესაც სამხრეთ ამერიკა, აფრიკა, ინდოეთი, ავსტრალია და ანტარქტიდა დაჯგუფებული იყო სამხრეთ პოლუსის რაიონში.
კლიმატის რადიაციული ცვლილება დაკავშირებულია დედამიწაზე მოსული მზის ენერგიის ცვლილებასთან. ეს უკანასკნელი კი დამოკიდებულია ატმოსფეროს გამჭვირვალობაზე. მაგალითად, ვულკანების დიდი და ხანგრძლივი ამოფრქვევის შედეგად ვულკანური მტვერი ხანგრძლივი დროის მანძილზე რჩება სტრატოსფეროში და დედამიწის ირგვლივ წარმოქმნის მტვრის ფენას. ამის შედეგად მცირდება მზიდან მოსული რადიაციის საერთო რაოდენობა. ასეთ ვულკანურ ამოფრქვევას შეიძლება მივაკუთვნოთ 1883 წელს კუნძულ კრაკატაუზე მომხდარი ამოფრქვევა, რის შედეგადაც 80კმ-ზე ატყორცნილი ვულკანური ფერფლი ატმოსფეროში რამოდენიმე წელიწადს იყო.
მზე არ არის აბსოლუტურად მუდმივი ვარსკვლავი. მის ზედაპირზე წარმოიქმნება მუქი და ნათელი მონაკვეთები, ანუ ლაქები და ჩირაღდნები. სისტემატურად იცვლება მათი რაოდენობა და ფართობი. ეს ცვლილებები, რომლებიც უსათუოდ გავლენას ახდენს დედამიწის კლიმატზე, ზოგჯერ ფიქსირდება ცალკეული მეტეოროლოგიური პუნქტების მიერ. მაგალითად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეტეოროლოგიური სადგურის დაკვირვებათა მონაცემებით აღმოჩნდა, რომ მზის მაქსიმალური აქტიურობის დროს ჰაერის ტემპერატურა 1,0-1,50-ით გაიზარდა.
ატმოსფეროს ქიმიური შემადგენლობა. დედამიწის კლიმატის ფორმირებაში უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ატმოსფეროს ქიმიური შემადგენლობა. ამის მაგალითია პლანეტა ვენერა, რომლის ატმოსფეროც გაჯერებულია ნახშირორჟანგით და იქ მაღალი ტემპერატურებია.
დადგენილია დამოკიდებულება ნახშირორჟანგის კონცენტრაციის ცვლილებასა და ჰაერის ტემპერატურას შორის. დამოკიდებულებას არა აქვს წრფივი ხასიათი. ნახშირორჟანგის კონცენტრაციის გაზრდით ტემპერატურა სწრაფად იზრდება, შემდგომში კი შედარებით ნელა.

-როგორ იცვლება თანამედროვე კლიმატი?
თანამედროვე კლიმატის ცვლილების შესწავლა დიდი სიზუსტით ხდება ინსტრუმენტალური დაკვირვებათა მონაცემების საფუძველზე. დადგინდა, რომ უკანასკნელი საუკუნის მანძილზე გლობალური ტემპერატურა გაიზარდა 0,5-0,7 გრადუსით. ამავე დროს თანამედროვე კლიმატის ცვლილებაში აღინიშნება რამოდენიმე პიკი. პირველი აღინიშნება მე-19 საუკუნის დასასრულს, მე-2 – გასული საუკუნის 40-იან წლებში, მე-3 -60-იან წლებში, ხოლო მე-4 – თანამედროვე მდგომარეობაში, რასაც გლობალურ დათბობას უწოდებენ. ცვლილებები ყველაზე მკვეთრად პოლუსებზე გამოიხატებოდა. გლობალური დათბობის პირობებში იცვლებოდა ნალექების ჯამიც. ცხადია ტემპერატურის ზრდას უნდა ახლდეს ნალექების მომატება, რადგან იზრდება აორთქლება. მაგრამ ყოველთვის ასე არ ხდება. ნალექების ცვლილება არ არის ცალსახად დამოკიდებული ტემპერატურაზე, რადგანაც აქ სხვა ფაქტორებიც ერთვება.

„ძლიერი დათბობის უდიდესი კერები აღმოსავლეთ საქართველოში აღინიშნება“

-რა მიზეზები მოქმედებს თანამედროვე კლიმატის ცვლილებაზე?
თანამედროვე კლიმატი იცვლება 2 ფაქტორის გავლენით. პირველს წარმოადგენს აგრეთვე ბუნებრივი ფაქტორი, ხოლო მეორეს – ანტროპოგენური. კლიმატის ცვლილების ბუნებრივ ფაქტორებს მიეკუთვნება კვლავ რადიაციული, ასტრონომიული და ტექტონიკური პროცესები. ისინი მუდმივად მოქმედებენ, თუმცა თითოეული მათგანის წვლილი განსხვავებულია.
გლობალური დათბობის უმთავრესი მიზეზი კი ანტროპოგენური ფაქტორია . ადამიანი თავისი სამეურნეო საქმიანობის შედეგად გამოაფრქვევს აირებს, უმთავრესად ნახშირორჟანგს, რომელიც გროვდება ატმოსფეროს ზედა საზღვართან და ქმნის სათბურის ეფექტს. მეცნიერების აზრით თუ ამ პროცესმა შეუქცევადი ხასიათი მიიღო ის ეკოლოგიურ კრიზისს გამოიწვევს

-რა მდგომარეობაა საქართველოში?

– გლობალური დათბობის პირობებში საქართველოში ტემპერატურის ცვლილებას არაერთგვაროვანი-მოზაიკური ხასიათი აქვს, რაც განპირობებულია ტერიტორიის რთული ფიზიკურ-გეოგრაფიული, უმთავრესად ოროგრაფიული და ლანდშაფტურ-კლიმატური პირობებით. ძლიერი დათბობის უდიდესი კერები აღმოსავლეთ საქართველოში აღინიშნება-გუდამაყარის და ხარულის ქედები, კახეთის ქედის სამხრეთი ნაწილი და ჯავახეთის პლატო. ზომიერი დათბობის კერები აღინიშნება ლიხის ქედის ცენტრალურ ნაწილში, გომბორის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, იორის ზეგანის ცენტრალურ ნაწილში, აგრეთვე კახეთის, გუდამაყარის და ხარულის ქედების რაიონებში, ხოლო დასავლეთ საქართველოში – სვანეთის, ლეჩხუმის და ეგრისის ქედების მცირე ტერიტორიაზე. სუსტი დათბობის კერები დასავლეთ საქართველოშია, ძირითადად სვანეთის, ლეჩხუმის და ეგრისის ქედებზე და კოლხეთის დაბლობის ცენტრალურ ნაწილში. საქართველოს ტერიტორიის უმნიშვნელო ნაწილზე ტემპერატურა უმნიშვნელოდ იცვლებოდა, ხოლო აცივება ძირითადად დასავლეთ საქართველოში აღინიშნება. ძლიერ აცივებას ადგილი აქვს აჭარის უდიდეს ნაწილზე და სოხუმის მახლობლად. მდინარე რიონის ხეობაში და რაჭის ქედზე აღინიშნება ზომიერი აცივება.
ამრიგად, გლობალური დათბობის პირობებში აღმოსავლეთ საქართველოს არიდული ლანდშაფტები უფრო სწრაფად თბება, ვიდრე დასავლეთ საქართველოს ჰუმიდური ლანდშაფტები, რომლის პირობებშიც სითბოს დიდი რაოდენობა აორთქლებაზე იხარჯება და ამიტომაც ისინი ნაკლებად თბება, ან ცივდება კიდეც, რაც დასაბუთებული იყო ჯერ კიდევ ჩვენს ადრეულ შრომებში

-რა მოგველის?
-არსებობს კლიმატის ცვლილების სცენარები, რომელთა მიხედვითაც თუ მსოფლიო განვითარდება ისე, რომ პრიორიტეტი მიენიჭება გარემოს დაცვასა და შენარჩუნებას, მაშინ გვექნება კლიმატის ცვლილების შედარებით შერბილებული ტენდენცია. თუ კი მსოფლიო წავა ინდუსტრიის განვითარების მიმართულებით, შედეგი უარესი იქნება.


ავტორი მაკა მოსიაშვილი


მეტი

მსგავსი სიახლეები

Close