ეკონომიკა

6 თვეში ქვეყანამ $3.6 მლნ-ის ლუდი შეიძინა – საიმპორტო ქვეყნები

6 თვეში ქვეყანამ $3.6 მლნ-ის ლუდი შეიძინა - საიმპორტო ქვეყნები

2022 წლის პირველ ნახევარში, საქართველოდან ლუდის შესაძენად 3.6 მლნ დოლარი გავიდა. შედეგად ქვეყანაში 3 813 ტონა ლუდის იმპორტი განხორციელდა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით იმპორტირებული ლუდის ღირებულება 31.1%-ით, ხოლო მოცულობა 15.7%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის ლუდის იმპორტის მონაცემები კი პანდემიამდე არსებულ ამავე პერიოდის მაჩვენებელს ჩამორჩება (2019 წლის 6 თვე – 4.2 მლნ დოლარი, 4 930 ტონა).

სტატისტიკიდან ჩანს, რომ საქართველოში იანვარ-ივნისში ყველაზე მეტი ლუდი გერმანიიდან შევიძინეთ. ანალოგიური მდგომარეობა იყო გასული წლების ამავე პერიოდებშიც. პანდემიამდე წლებში კი ლუდის მთავარი საიმპორტო ბაზარი ნიდერლანდები იყო.

მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ლუდის TOP-5 საიმპორტო ბაზრის რეიტინგი ასეთია:

1. გერმანია – 1.1 მლნ დოლარი, 1 033 ტონა;
2. თურქეთი – 460 ათასი დოლარი, 655 ტონა;
3. რუსეთი – 446 ათასი დოლარი, 660 ტონა;
4. ჩეხეთი – 402 ათასი დოლარი, 383 ტონა;
5. ესპანეთი – 317 ათასი დოლარი, 296 ტონა;

გარდა ამისა, იანვარ-ივნისში საქართველოში ლუდი ნიდერლანდებიდან, ბელგიიდან, მექსიკიდან, უკრაინიდან, ხოლო მცირე მოცულობებით ბელარუსიდან, ირლანდიიდან, სომხეთიდან, გაერთიანებული სამეფოდან, ბულგარეთიდან და სხვა ქვეყნებიდანაც შემოვიდა.

ლუდის ექსპორტის მაჩვენებლები იმპორტისგან მკვეთრად განსხვავდება. საქსტატის მონაცემებით, წლის პირველ ნახევარში ლუდის ექსპორტი 37%-ით შემცირდა. შესაბამისად ქვეყანამ ლუდის რეალიზებით მხოლოდ 899 ათასი დოლარი შემოსავალი მიიღო და ამ პერიოდში ექსპორტზე 1 109 ტონა ლუდი გაიყიდა. მაშინ როდესაც 2017 წლიდან, ყოველწლიურად პირველ 6 თვეში ლუდის ექსპორტი 1 მლნ დოლარზე ნაკლები არ ყოფილა.
მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში კი ლუდის ექსპორტი რუსეთში (226 ათასი დოლარი, 263 ტონა), ლატვიაში (145 ათასი დოლარი, 109 ტონა), აზერბაიჯანში (109 ათასი დოლარი, 115 ტონა), პოლონეთში (108 ათასი დოლარი, 116 ტონა), მოლდოვა (99 ათასი დოლარი, 234 ტონა) და სხვა ქვეყნებში განხორციელდა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close