მსოფლიო

Apple Pay-ს მონოპოლია საფრთხის ქვეშაა

Apple Pay-ს მონოპოლია საფრთხის ქვეშაა

Apple Pay-ის სერვისის მიერ ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევის ბრალდებით აშშ-ის სასამართლოში კომპანია Apple-ის წინააღმდეგ კოლექტიური სარჩელი შეიტანეს.

მომჩივანი მხარის, Affinity Credit Union-ის მტკიცებით, Apple-ი პლატფორმაზე არსებულ ძალაუფლებას არასამართლიანად იყენებს და საკრედიტო ბარათების მწარმოებელ საფინანსო ორგანიზაციებს უკონტაქტო გადახდების პლატფორმის გამოყენებისთვის მომსახურების საკომისიოს ახდევინებს.

Apple Pay-ის საკომისიო საფასურში შედის 0,15%-იანი გადასახადი საკრედიტო ბარათებისთვის და 0,05% სადებეტო ბარათებისთვის თითოეულ ტრანზაქციაზე.

ACU-ს განმარტებით, იმის გამო, რომ კომპანია Apple-ი სხვა აპლიკაციებს არ აძლევს უკონტაქტო ტრანზაქციებისთვის iPhone-ის NFC სისტემის გამოყენების უფლებას, კომპანია არღვევს ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობას და საკუთარ სისტემაში ქმნის ერთგვარ მონოპოლიას.

ისეთ აპლიკაციებს, როგორიცაა: PayPal და Square, ისევე როგორც ფინანსური ინსტიტუტებს, როგორიცაა: Chase, Citibank და American Express-ს, თავიანთ მობილურ აპლიკაციაში უკონტაქტო გადახდებისთვის ფუნქციის ჩაშენება არ შეუძლიათ. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ იგივე აპლიკაციები Android სისტემის მქონე სმარტფონებში უპრობლემოდ ფუნქციონირებს, უფრო მეტიც, ალტერნატივები, როგორიცაა Google Pay და Samsung Pay, საკრედიტო ბარათის გამცემებს უფასო მომსახურებას სთავაზობენ, ყოველგვარი საკომისიოების გარეშე.

Affinity Credit Union-მა განაცხადა, რომ Apple-მა 2019 წელს Apple Pay-ს გამოყენებით 1 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა, 2023 წლისთვის მოსალოდნელია, რომ აღნიშნული მაჩვენებელი გაოთხმაგდეს.

“როცა Apple Pay-ს და Android-ზე არსებული კონკურენტი აპლიკაციების ფუნქციებს შეადარებთ, დაინახავთ, რომ ისინი იდენტურია. მიუხედავად ამისა, Apple-ის პლატფორმის გამოყენება საკრედიტო ბარათების მიმწოდებლებს კოლექტიურად 1 მილიარდი დოლარი უჯდებათ”, – ამბობს სტივ ბერმანი, Hagens Berman-ის თანადამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი.

მაისის დასაწყისში, ევროკავშირმაც გამოხატა პოზიცია Apple Pay-სთან დაკავშირებით. EU-ს წარმომადგენლობის განმარტებით, Apple-ი ზღუდავს კონკურენციას და მომხმარებლისთვის მნიშვნელოვნად ამცირებს არჩევანს.

საგულისხმოა, რომ ACU-ს წარმომადგენელ სამართლებრივ ფირმას – Hagens Berman-ს კომპანია Apple-ის წინააღმდეგ სამართალწარმოების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. 2016 წელს, Hagens-ის შუამდგომლობით, Apple-თან $400-მილიონიანი გარიგება შედგა; 2021 წელს კი კომპანიამ App Store-სთან დაკავშირებით $100-მილიონიან და პროდუქტების გარანტიების საკითხზე $95-მილიონიან საქმეებიც მოიგო.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close